Accessibility links

logo-print

თბილისს ვენეციის კომისიის დელეგაცია ესტუმრა


თბილისში დაიწყო ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი. როგორც "ინტერპრესნიუსი" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, საქართველოს ეწვივნენ ვენეციის კომისიის დირექტორი ტომას მარკეტი, კონსტიტუციის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სიმონა გრანატა და კომისიის წევრები - სერჯო ბარტოლე და ანგელიკა ნუსბერგერი. დელეგაციის შემადგენლობაში არ არის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. თავიდან დელეგაცია პარლამენტში მივა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში. სხდომის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ საპარლამენტო ოპოზიციასთან. პარლამენტიდან დელეგაცია გადაინაცვლებს ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" დირექტორ ლუის ნავაროსთან. დელეგაციას შეხვედრები დაგეგმილი აქვს თავისუფალ უნივერსიტეტში და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. დელეგაციამ უნდა შეაფასოს, რამდენად არის გათვალისწინებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტში კომისიის რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს 18 სექტემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG