Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია რუსი დეპუტატების გარეშე


თბილისში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, საქართველოში ამ სხდომის ჩატარება იმითაც არის განპირობებული, რომ სწორედ წელს სრულდება 10 წელი საქართველოს ევროსაბჭოს წევრად გახდომიდან. სხდომას რუსეთის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ დღის წესრიგში რამდენიმე განსახილველი თემა იყო, რომელიც შეეხება სიკვდილით დასჯის გაუქმებას ევროსაბჭოს რამდენიმე წევრ ქვეყანაში და ასევე ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო კორპორაციების საქმიანობას.

ევროსაბჭოს პარლამენტარები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, - მაგალითად, საქართველოს პარლამენტის იმ კონტროლის მექანიზმებით, რომელიც მას შეიძლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჰქონდეს, - ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებითა და საარჩევნო სისტემით.

2003 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმები ჩამოუთვალა ევროსაბჭოს დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, მან ილაპარაკა ასევე იმაზე, რომ რუსეთი ძალისმიერი ქმედებებით ეწინააღმდეგება საქართველოში რეფორმების გაგრძელებას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გზით ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას.

”რუსეთს არ უნდა დარჩეს ის განცდა, რომ მას ოკუპაცია შერჩა, შერჩა ადამიანის უფლებათა დარღვევის უამრავი ფაქტი და, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას - არც ეუთოს, არც გაეროს, არც ევროკავშირს - არ აქვს საშუალება შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დააკვირდეს იქ მიმდინარე პროცესებს”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა სხდომის გახსნისას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ხრისტოს პურგურიდესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ევროკომისიის პოზიცია ცნობილია:

”კომიტეტის დღის წესრიგში არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა. მანამდე საპარლამენტო ასამბლეას მიღებული აქვს განცხადება და მტკიცე მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი საზღვრების პატივისცემასთან დაკავშირებით.”

სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო ვერ დაესწრო საპარლამენტო კომისიის სხდომას რუსული დელეგაციის ერთი წევრი, სერგეი მარკოვი. ქვეყანაში მისი არშემოშვების მიზეზებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს:

”სწორედ ის ფაქტი, რომ იგი არაერთხელ ეწვია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის მხრიდან, ანუ საქართველოს სუვერენიტეტი დააყენა ეჭვის ქვეშ, გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს დელეგაციასთან კონსულტაციით არ მოხდა მასზე ვიზის გაცემა.”

ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, 10 სექტემბერს საქართველოს მხარემ აცნობა რუსულ მხარეს, რომ სხვა 3 რუს დეპუტატს საქართველოს ვიზის მიღებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში კი განმარტებულია, რომ ”რუსული დელეგაციის წევრთა მიმართ შესაძლო ახალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის სხვა წევრები იძულებულები იყვნენ კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.”

ხრისტოს პურგურიდესის განმარტებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისიის მუშაობას რუსი დეპუტატების არყოფნით დანაკლისი არ განუცდია, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს დეპუტატისთვის ვიზის გაცემაზე უარი არ უნდა ეთქვა:

”მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსი დეპუტატის, ბატონ მარკოვისთის უნდა გაეცა ვიზა. უარის თქმას ვიზის გაცემაზე მე განვიხილავ, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების საწინააღმდეგო ქმედებას. რა თქმა უნდა, ეს ქმედება კანონიერია საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო კანონმდებლობა ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას.”

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობას ხვალაც გააგრძელებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG