Accessibility links

ევროკავშირის სამიტზე ცხარე კამათი გაიმართა სარკოზისა და ბაროზუს შორის


ბრიუსელიდან იუწყებიან, რომ ევროკავშირის სამიტზე ცხარე კამათი გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოალ სარკოზისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის, საფრანგეთიდან ბოშების გაძევების საკითხთან დაკავშირებით. საფრანგეთი გასულ თვეში შეუდგა ასობით ბოშის რეპატრიაციას, უმეტესწილად, რუმინეთსა და ბულგარეთში. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის განცხადებით, სადილის დროს სარკოზი ცხარე კამათში ჩაება ბაროზუსთან, ამ უკანასკნელის მიერ პარიზის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების მხარდაჭერის გამო. სხვა დიპლომატებიც ადასტურებენ შელაპარაკების ფაქტს. ბაროზუ, ამ წყაროების ცნობით, „ენერგიულად იცავადა“ ევროკომისიის როლს, ზედამხედველობა გაუწიოს ევროკავშირში საყოველთაოდ მოქმედ კანონებს, რომლებიც აწესრიგებს ყველა მოქალაქის გადაადგილების თავისუფლებას. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, სარკოზიმ განაცხადა, რომ, კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთში მაინც გაგრძელდება უკანონო ბანაკების დემონტაჟი. მისივე თქმით, საფრანგეთი „შოკირებულია“ მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მოვლენებთან შედარებების გამო. ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვივიენ რედინგმა სამშაბათს მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პოლიტიკა და ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ბოშების დეპორტაციას შეადარა.
XS
SM
MD
LG