Accessibility links

logo-print

რომის პაპმა ბრიტანეთში ისტორიული ვიზიტი დაიწყო


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ბრიტანეთში ოთხდღიანი ვიზიტი დაიწყო. ეს არის რომის პაპის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ბრიტანეთში. დედოფალმა ელისაბედ II-მ პაპი ედინბურგის სამეფო რეზიდენციაში მიიღო და განაცხადა: „ბოლო ხანებში თქვენ ბრძანეთ, რომ რელიგიები არასოდეს არ უნდა გადაიქცნენ სიძულვილის იარაღად; რომ ღმერთის სახელის გამოყენებით ბოროტების და ძალადობის გამართლება დაუშვებელია. დღეს, ამ ქვეყანაში ყველანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. გვწამს, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ჩვენი ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია." ბრიტანეთში ვიზიტს პაპი უკავშირებს იმედს, რომ ხელს შეუწყობს რომის კათოლიკურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მაგრამ პაპის სტუმრობას ჩრდილს აყენებს კათოლიკურ ეკლესიაში სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალები, რომლებმაც ეკლესიისადმი ნდობა შეარყია. პროტესტს იწვევს ასევე პაპის კურსი აბორტის, პრეზერვატივის გამოყენების და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხებში. უთანხმოების გამომწვევ საკითხებს ოთხშაბათს დაემატა გერმანელი კარდინალის, ვალტერ კასპერის განცხადებები, რომ თანამედროვე ბრიტანეთი „მესამე მსოფლიოს ქვეყანას“ ჰგავს და ზოგ შემთხვევაში „აგრესიული ათეიზმით“ ხასიათდება. ვატიკანმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ კარდინალმა კასპერმა ავადმყოფობის გამო გააუქმა ბრიტანეთში ვიზიტში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG