Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაკაევი პოლონეთში ჩავიდა - დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად


რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი, ახმედ ზაკაევი
რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი, ახმედ ზაკაევი
პოლონეთში დაიწყო ჩეჩენი ემიგრანტების შეხვედრა, რომელმაც წინასწარვე მიიპყრო საინფორმაციო საშუალებების ყურადღება პოლონეთის პოლიციის ერთი განცხადების გამო: კერძოდ, ოთხშაბათს ითქვა, რომ ჩეჩენი მეამბოხეების ერთ-ერთ ლიდერს, ახმედ ზაკაევს დაკავებას უპირებენ, თუ ის პოლონეთში ჩავა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ ზაკაევი - რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი - მაინც ჩავიდა პოლონეთში.

„მე აქ სავსებით ლეგალურად ვიმყოფები, არ ვაპირებ დამალვას ქვეყანაში, სადაც სავსებით ლეგალურად ჩამოვედი ვიზის მიღების შემდეგ“, - განაცხადა ზაკაევმა ხუთშაბათს საღამოს, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მოსკოვი ზაკაევს ტერორისტად მიიჩნევს, მაშინ როცა ბრიტანეთში მას 2003 წლიდან პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული. რაც შეეხება პოლონეთს: პოლიციის პრეს-მდივანმა მარიუშ სოკოლოვსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ინტერპოლს, რუსეთის თხოვნით, გაცემული აქვს ზაკაევის დაპატიმრების ორდერი, რომლის საფუძველზეც, ნებისმიერი ქვეყანა არის ვალდებული, ის დააკავოს. და ამის გაკეთებას აპირებს პოლონეთი.

არ ეშინია ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერს? არ გაურბის პოლონეთში დაპატიმრების საფრთხეს? აი, მისი პასუხი: „არა, ამის არ მეშინია, ამას ყოველ წუთს მოველი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისი კანონები აქვს. გასაოცარი ის არის, რომ რუსეთი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტერორს თესავდა ჩეჩნეთში, ჩეჩნეთის საზოგადოებაში, დღეს თავს უფლებას აძლევს, დაატეროროს პოლონეთი, პოლონეთის დემოკრატია. უდავოა, პოლონეთის ხელმძღვანელობას შეუძლია დამაპატიმროს, შეუძლია დამაკავოს. მეტიც, გეტყვით, რომ ჩემი ადვოკატი უკვე გავგზავნე პროკურატურაში იმის შესატყობინებლად, რომ თუ ჩემს მიმართ რაიმე შეკითხვები არსებობს, მზად ვარ მათ ვუპასუხო ან დღეს ან ზეგ, ჩვენი კონფერენციის დამთავრების შემდეგ. ბუნებრივია, მე არავისგან არასოდეს გავქცეულვარ და მზად ვარ, წარვდგე როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს წინაშე.“

ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე იკრიბებიან ემიგრანტები, რომლებიც რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ემხრობიან და და რომელთათვისაც, შესაბამისად, მიუღებელია ჩეჩნეთის ამჟამინდელი, პრომოსკოვური კურსის მომხრე ლიდერი, რამზან კადიროვი. თვით ზაკაევს გამოთქმული აქვს რუსეთში დაბრუნების და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის მშვიდობიანი ზომებით ბრძოლის სურვილი. მაგრამ მოსკოვი უარს ამბობს ყოველგვარ დიალოგზე.

„პოლონეთი, რასაკვირველია, არის ევროკავშირის წევრი და იქ ჩეჩნები, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად შეიკრიბებიან, იმსჯელებენ ჩეჩნეთის პრობლემაზე, იქ ჯერ კიდევ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტზე, რაც ბუნებრივია, ხელს არ აძლევს იმათ, ვისაც საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის აკრძალული აქვს ამ თემაზე საუბარი - ეს არის რუსეთი და რუსეთის ხელისუფლება“, ასე ხსნის ზაკაევი რუსეთის მცდელობას, დააკავებინოს კონგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე.

პოლონეთში ჩეჩენთა ფორუმთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა:„ჩვენ, ბუნებრივია, ყურადღება მივაქციეთ ცნობებს, რომლებიც გარკვეული ხნის წინათ გაჩნდა პოლონეთის ტერიტორიაზე ამ ღონისძიების მზადების შესახებ; და იმას, რომ მასში მონაწილეობას აპირებდა ზოგიერთი ის პირი, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამ პრობლემაზე ჩვენს პოლონელ კოლეგებსაც მივაქცევინეთ ყურადღება. მათ ჩვენი მიმართვა სერიოზულად აღიქვეს. მოდით, ვივარაუდოთ, რომ ასეც იქნება.“

განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო უწყებამაც: რომ „ყურადღებით და შეშფოთებით“ დააკვირდება კონგრესს. ამ „დაკვირვების“ ერთ-ერთი მიზეზი კი, უთუოდ, ზაკაევის მონაწილეობის საკითხია იმ გარემოებასთან ერთად, რომ კონგრესზე, სავარაუდოდ, ისევ გამოვლენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. როგორც ახმედ ზაკაევმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, ომი ახლაც ისე მიმდინარეობს, როგორც რამდენიმე წლის წინ: „მან, უბრალოდ, ოდნავ განსხვავებული ფორმები შეიძინა - შეიძლება ითქვას, რომ უფრო გაფართოვდა და ახლა მთელს ჩრდილოეთ კავკასიას მოედო. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ ჩეჩნეთში, ან ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობაა ... მე ამ ოპტიმიზმს, სამწუხაროდ, არ ვიზიარებ, რადგან რეალობას ვიცნობ“.

ვითარება, ზაკაევის შეფასებით, არათუ არ გაუმჯობესებულა - პირიქით, გაუარესებულია.
XS
SM
MD
LG