Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 სექტემბერი, 2010


”რეზონანსის” კორესპონდენტი ახალგორს სტუმრობდა. მისი ახალგორში მივლინების მიზეზი კი ერთი იყო - გაერკვია, თუ რა მდგომარეობაა ქართულ-რუსულ-ოსურ ბლოკ-საგუშაგოებზე. არსებული სიტუაცია კი მან სათაურშივე ერთი სიტყვით განმარტა - განუკითხაობა. და კიდევ განუკითხაობას დამატებული ათასნაირი დოკუმენტი, მათი ასლები, დაბადების მოწმობები, პირადობის მოწმობები და მათი ასლებიც და ა.შ. - დაუსრულებლადო. რაც ყველაზე საინტერესოა, ოსურ საგუშაგოზე ერთი განცხადებაა გაკრული - ვისაც თბილისისკენ მგზავრობა და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა სურს, მან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი უნდა აიღოს. ”ვინც ოსურ პასპორტს აიღებს, მან საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჩააბაროს, სხვანაირად არ მოხდება, რადგან ასეთი მოთხოვნაა ცხინვალიდან”, - განაცახდა ”რეზონანსთან” საუბრისას ახალგორში მყოფმა ერთ-ერთმა ცხინვალელმა ჩინოვნიკმა და ისიც დასძინა, რომ ვინაიდან ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარება ადგილობრივებს ქართულ საგუშაგოზე პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ ოსური პასპორტიზაციის პროცესი იგვიანებს.

პუტინმა ჩრდილოკავკასიელების ურალს იქით გადასახლების გეგმა დაამტკიცაო, წერს ”რეზონანსი”. როგორც ირკვევა, უმუშევარ კავკასიელებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებზე გადაანაწილებენ და დაასაქმებენ, ამას ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის მთავრობამ გუშინ მოიწონა. პირველ რიგში მათი დასაქმება მოხდება სახელმწიფო სამშენებლო პროექტებზე. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გეგმა ახალი არ არის და მოსკოვი ისტორიის გამეორებას ცდილობს: ”როდესაც კავკასიის დაპყრობა ხდებოდა, მაშინ ჯერ ერმოლოვი, შემდეგ კი მე-19 საუკუნეში გენერალი ბარიატინსკი ზუსტად ამას აკეთებდნენ. მთიელებს ასახლებდნენ ბარში და ახალი სოფლები შენდებოდა. ამის კლასიკური მაგალითია კრასნოდარის მხარე”, - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.

”სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილებას უკვე ხელისუფლების წევრებიც გამოხატავენ”, - ამბობს მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე გაზეთ ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში. აი, მაგალითად, გია ნოდია, რომელიც ამ მთავრობის ორგანული წევრი იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური ცვლილება კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სააკაშვილმა უნდა დაიკავოს პრემიერის პოსტიო, - ამბობს ჩიხრაძე ”ახალ თაობასთან” საუბარში და იქვე განაგრძობს: ”არ ვიცი, ამას მოჰყვა თუ არა გაგულისება, რომ განათლების სამინისტროში პროკურატურა შევიდა და გარკვეული პირების პოლიტიკური დევნა დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამ იყო. გუნდის შიგნითაც გაბედეს და თქვეს. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ადამიანი გაბედავს ხმის ამოღებას. მათ უწევთ ამაზე ფიქრი, რადგან ისინი ამჩნევენ, რომ სააკაშვილმა ყოველგვარი რესურსი ამოწურა ნორმალური მართვისა”, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე ინტერვიუში.

კიდევ ერთ ოპოზიციონერთან ინტერვიუს აქვეყნებს ამჯერად უკვე დღევანდელი ”ყველა სიახლე”. რესპონდენტი პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გახლავთ. საუბარს საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე არც ამ შემთხვევაში ჩაუვლია: ”დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით სააკაშვილი თავისი სურვილების განხორციელებას გეგმავდა და არც არავის მოუსმენდნენ, ამიტომაც არ შევედით თავის დროზე ამ კომისიაში. ის, რაც დღეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხდება, ყველა იმ პარტიის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.”

თუკი კონსტიტუციის პროექტის თემას გავაგრძელებთ, მაშინ გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც უნდა შევჩერდეთ, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელ ლია მუხაშავრიასთან ჩაწერა: ” საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით კი შედგა, მაგრამ კონსტიტუციის პროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა და, როგორც ამ სხდომაზე ოფიციალურად თქვეს, ყველა საკითხი ღიად დარჩა და ამ თემებზე მსჯელობა პარლამენტის კედლებში გაიმართება. ჩემი აზრით, ამგვარი რამ სწორი ნამდვილად არ არის, რადგანაც საერთო-სახალხო განხილვას ის უპირატესობა აქვს, რომ მოქალაქეებს უშუალოდ ჰქონდათ საშუალება თავისი აზრი გამოეთქვათ. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, კონსტიტუციის ახალი პროექტი პარლამენტში იმ სახით შევა, როგორადაც მასზე მუშაობა საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა”, - ამბობს მუხაშავრია ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG