Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში რომის პაპის ვიზიტს სკანდალი ახლავს თან


დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე და რომის პაპი ბედენიქტე XVI

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე და რომის პაპი ბედენიქტე XVI

რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე ხუთშაბათს ბრიტანეთში ჩავიდა. ეს ვიზიტი ნაწილია კამპანიისა, რომლის ფარგლებშიც პაპი სულ უფრო მეტად სეკულარულ ევროპაში ქრისტიანობის აღორძინებას ცდილობს. თუმცა ბრიტანეთში - ქვეყანაში, სადაც ვატიკანის პოლიტიკას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და სადაც აღშფოთება იზრდება კათოლიკური ეკლესიის წიაღში არსებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო - ამ კამპანიის წარმოება სირთულეებს უკავშირდება.

რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე ხუთშაბათს ედინბურგში ჩავიდა. ბრიტანეთში, სადაც კათოლიკეები მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენენ და სადაც ისინი სისხლიანი დევნის მსხვერპლნი იყვნენ საუკუნეების განმავლობაში, ადრეულ 1800-იან წლებამდე, პაპი სულ ოთხ დღეს დაყოფს. მას იმედი აქვს, რომ ეს ვიზიტი დადებითად აისახება რომის კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიების ურთიერთობაზე.

ამ ურთიერთობას დამატებითი დაძაბულობა თვითონ ბენედიქტეს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შემატა: გასული წლის ოქტომბერში რომის პაპმა ანგლიკანური ეკლესიის მიმდევრებს, რომლებსაც არ მოსწონთ ამ ეკლესიის მიერ ქალი და ჰომოსექსუალი ეპისკოპოსების ორდინაცია, კათოლიციზმის მიღება გაუადვილა.
ედინბურგში რომის პაპი დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიიღო:

„ბოლო ხანებში თქვენ ბრძანეთ, რომ რელიგიები არასოდეს არ უნდა გადაიქცნენ სიძულვილის იარაღად, რომ ღმერთის სახელის გამოყენებით ბოროტებისა და ძალადობის გამართლება დაუშვებელია. დღეს ამ ქვეყანაში ყველანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. გვწამს, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ჩვენი ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია“, - განაცხადა დედოფალმა.

პაპმა, თავის მხრივ, ელისაბედ მეორეს მადლობა გადაუხადა ოფიციალური დაპატიჟებისთვის, ბრიტანელ ხალხს მიესალმა და განაცხადა, ყველა მათგანს მეგობრულ ხელს ვუწვდიო.

თუმცა პაპის ბრიტანეთში ვიზიტს თან მხოლოდ კეთილი და მეგობრული განცხადებები როდი ახლავს. ბრიტანეთის ბევრი მოქალაქე აღშფოთებულია კათოლიკური ეკლესიის წიაღში არსებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებით - ისევე როგორც პაპის მიერ ჰომოსექსუალობის, აბორტებისა და შიდსის გავრცელების აღკვეთის მიზნით პრეზერვატივების გამოყენების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკით.

უკმაყოფილებას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ პაპის ვიზიტი ბრიტანელ გადასახადების გადამხდელებს 18 მილიონი დოლარი დაუჯდათ და ეს თანხა არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომებს. არადა, ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შეკვეცისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის მოლოდინშია.

კიდევ ერთი, დამატებითი სკანდალი ოთხშაბათ საღამოს დაიწყო, როცა ბრიტანეთთან ურთიერთობის საკითხებში პაპის მთავარმა მრჩეველმა, კარდინალმა ვალტერ კასპერმა გერმანიაში გამომავალ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, მულტიკულტურალიზმმა გაერთიანებული სამეფო „მესამე მსოფლიოს“ ქვეყანას დაამსგავსა „ათეიზმის ახალი და აგრესიული ფორმითო.“

ამ სკანდალს პაპი ბრიტანეთში წარმოთქმულ პირველივე სიტყვაში გამოეხმაურა - ბრიტანეთის საზოგადოებას მოუწოდა შეინარჩუნოს რელიგიური ტრადიციების პატივისცემა და შეეწინააღმდეგოს „სეკულარიზმის აგრესიული ფორმების“ გავრცელებას:

„გაერთიანებულ სამეფოს დღეს სურს იყოს თანამედროვე, მულტიკულტურული საზოგადოება. ამ რთული ამოცანის შესრულებისას იმედია ის შეძლებს იმ ტრადიციული ღირებულებების თუ კულტურული გამოხატულების შენარჩუნებას, რომელსაც სეკულარიზმის უფრო აგრესიული ფორმები აღარ აფასებენ ან აღარ უშვებენ“, - განაცხადა პაპმა და დასძინა: „მოდით, ბუნდოვანს ნუ გავხდით იმ ქრისტიანულ საფუძველს, რომელსაც ემყარება [ამ საზოგადოების] თავისუფლებებიო.“

თუმცა რომის კათოლიკური ეკლესიისთვის მთავარი, ყველაზე მწვავე პრობლემა ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალია, რომელმაც გლობალური მასშტაბი შეიძინა. ბოლო ხანებში განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია - იქნება ეს ცნობები ბოსტონსა და ირლანდიაში ძალადობის შემთხვევების დამალვის შესახებ თუ ამ კვირაში ბელგიაში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის ასობით მსხვერპლის მონათხრობია გადმოცემული. ეს ისტორიები, სულ მცირე, 13 თვითმკვლელობის შემთხვევას მოიცავს.

ამ სკანდალს ბენედიქტე მეთექვსმეტე ხუთშაბათს განსაკუთრებული პირდაპირობით გამოეხმაურა. შოტლანდიისკენ მიმავალ თვითმფრინავში მჯდომმა პაპმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ ცნობებმა „შოკი“ მომგვარა, ძალიან დამასევდიანა და მიჭირს იმის გაგება, რამ განაპირობა სამღვდელოების რიგებში ასეთი პერვერსიის გავრცელებაო: „ასევე, ძალიან დიდ სევდას აღმიძრავს ის, რომ ეკლესიის მესვეურებმა სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინეს - აუცილებელი ზომების გატარებისას არასაკმარისად სწრაფები და რადიკალურები აღმოჩნდნენო“, - თქვა მან.

კათოლიკე მღვდლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი პაპის ბრიტანეთში ვიზიტს პროტესტით ხვდებიან.

მათ შორის არის კრის დალი - 45 წლის გლაზგოელი, რომელიც ამბობს, რომ 1970-იან წლებში მონაზვნების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. დალი რომის პაპს მოუწოდებს, საჯაროდ აღიაროს, რომ სამღვდელოების მიერ ამგვარი ქმედებები მართლაც იყო ჩადენილი.

„იმის ნაცვლად, რომ ეკლესიამ და პაპმა თქვან, გვესმის თქვენი ტკივილის, თქვენი ტანჯვის და თქვენი გაბრაზებისო, ეკლესია მხოლოდ თავს იცავს. მათთვის მთავარი ეკლესიის იმიჯია და არა მსხვერპლი, თანაგრძნობა ან მზრუნველობა. ეკლესიისგან არ მომდინარეობს ქრისტესმიერი სიყვარული. ჩვენ - ადამიანებს, ვინც ძალადობა გამოვიარეთ - ეკლესიის მტრებად აღგვიქვამენ“, - თქვა კრის დალიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მას შემდეგ, რაც 1534 წელს მეფე ჰენრი მერვემ ინგლისის ეკლესია ჩამოაყალიბა - ვატიკანის მხრიდან მისთვის ეკატერინე არაგონელთან ქორწინების გაუქმებაზე უარის თქმის გამო - ბენედიქტე მეთექვსმეტეს ოთხდღიანი ტურნე რომის პაპის პირველი სახელმწიფო ვიზიტია ბრიტანეთში. მართალია, მისი წინამორბედი, იოანე პავლე მეორე, 1982 წელს ჩავიდა გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ ის არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი.

ბირმინგემთან ახლოს მდებარე კათოლიკური თეოლოგიური ცენტრის დირექტორის, მონსინიორ პოლ უოტსონის აზრით, ბენედიქტე მეთექვსმეტის ვიზიტს ბრიტანეთსა და ვატიკანს შორის სახელმწიფოებრივი კავშირებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ვფიქრობ, კათოლიკეთა უმრავლესობა ამას რომის პაპის პირველ ვიზიტად არ აღიქვამს, იმიტომ რომ [1982 წელს] აქ უკვე ჩამოვიდა იოანე პავლე მეორე. თუმცა ის არ ყოფილა სახელმწიფო ვიზიტი - პაპი აქ სამღვდელო ვიზიტით იყო.
ჩემი აზრით, კათოლიკეებს ძალიან ახარებთ [ბენედიქტე მეთექვსმეტის] სტუმრობა. ეს სახელმწიფო ვიზიტია, რაც ჩვენი ქვეყნის მხრიდან ვატიკანის სახელმწიფო სტატუსის აღიარებასაც წარმოადგენს.“

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბენედიქტე მეთექვსმეტე ვესმინსტერის სააბატოში საღამოს წირვას ჩაატარებს კენტერბერის არქიეპისკოპოს როუენ უილიამსთან ერთად, რომელიც მსოფლიოში მცხოვრები 77 მილიონი ანგლიკანი ქრისტიანის სულიერი ლიდერია.
XS
SM
MD
LG