Accessibility links

logo-print
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. ხელისუფლება და ექსპერტები იმ შედეგებზე ალაპარაკდნენ, რომელიც რეგიონმა აგვისტოს თვეში ხანძრის 2 სხვადასხვა კერის გამო მიიღო. საკითხავია, ხომ არ დადგება რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და არის თუ არა შესაძლებელი მსგავსი მასშტაბის ხანძრების თავიდან აცილება.

სამცხე-ჯავახეთში ხანძრის შედეგად გადამწვარი ტერიტორიების მასშტაბები შესწავლილია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგად აწყურში 300, ბორჯომში კი 20 ჰა ტყის მასივი გადაიწვა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოში არ გამორიცხავენ, რომ გადამწვარი ფართობის ოფიციალური მონაცემები ზარალის დათვლის შემდგომ შეიცვალოს, თუმცა უმნიშვნელოდ. ზარალის დათვლისას დეტალურად აღიწერება, რა სახის ზიანი მიიღო ბუნებამ და სახელმწიფომ.

სპეციალისტები აღნიშნულ ციფრებს საგანგაშოს უწოდებენ და ეკოლოგიური საფრთხეების გარდა ეკონომიკურ საფრთხეებსაც ხედავენ. რეგიონის ხელმძღვანელობა გადამწვარი ფართობის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიმატური პირობების გაუარესებასაც არ გამორიცხავს. პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე ჯავახეთში ლაშა ჭკადუა არც ხანძრის განზრახ გაჩენის ან მოსახლეობის დაუდევრობის ვერსიას უარყოფს.

გადამწვარ ტერიტორიაზე ტყის მასივის გაშენებას ათეული წლები და დამატებითი ღონისძიებები სჭირდება, - აცხადებს ექსპერტი რევაზ გიქოშვილი. მისი თქმით, სადგერსა და აწყურში გაჩენილი 2 მასშტაბური ხანძრის შედეგი სამცხე-ჯავახეთისთვის საკმაოდ მძიმეა.

მიმდინარეობს ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზების გამოძიება, თუმცა ამ საკითხზე საუბრისას, ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და მოსახლეობის დაუდევრობის გარდა, ტყის განზრახ გადაწვაც დასახელდა. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლება ცეცხლის კერების მონახულების შემდეგ ალაპარაკდა. ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას ეჭვმიტანილებიც ჰყავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აწყურის” თავმჯდომარე ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს. ნანა ნათენაძეს მიაჩნია, რომ აწყურის ტყის მასივი ტურისტების ან მოსახლეობის დაუდევრობით გადაიწვა. მისი თქმით, ტყის დაცვა მსგავსი მასშტაბის ხანძრისგან მეტი სიფრთხილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

სატყეო დეპარტამენტმა ოფიციალურად ჯერ მხოლოდ დამწვარი ფართობის რაოდენობა დაასახელა. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის საბოლოო შედეგები მაშინ გაირკვევა, როდესაც შესაბამისი ორგანოები განადგურებულ ნიადაგში დამწვრობის სიღრმესა და ხარისხს დაადგენენ. სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდი დასჭირდება გადამწვარ ტყეს რეაბილიტაციისთვის. ზარალის დათვლა ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG