Accessibility links

logo-print

დევნილებს სოფელ ხეთის მეურნეობის შენობის დაცლა მოსთხოვეს


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 21 ოჯახს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან გასახლების პრობლემა შეექმნა. მეურნეობის მეპატრონემ, ბიზნესმენმა ბორის იოსავამ, დევნილებს ოქტომბრამდე შენობების დაცლა და მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადასვლა მოსთხოვა.

დევნილები ამბობენ, რომ ახალ სამოსახლოში გადასვლა მათ ნაწილს რამდენიმე მიზეზის გამო არ სურს.

”სადაც მთავრობამ შემოგვთავაზა, იქ არც შუქია და არც წყალი. საყანე და საბოსტნე მიწებიც არ არის. კორპუსის წინ თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალია, გასწვრივ - რკინიგზის სადგური, გვერდიგვერდ - სკოლა და ბაღი. რა უნდა ვაკეთოთ იქ?” - კითხულობენ დევნილები.

დევნილების ნაწილმა უკვე მოიძია მათთვის მისაღები ფართი, სადაც ისინი მეურნეობის გამართვას და საქონლის მოშენებას შეძლებენ. ასეთი დასახლება, როგორც დევნილები ამბობენ, მალთაყვაშია და იქ გადასახლების თხოვნით აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს მიმართეს. ”უწყებაში გვითხრეს, მალთაყვაში მომავალი წლის ივნისში გადაგიყვანთო, მაგრამ მანამდე იქ თუ არ გაგვაჩერეს, სად უნდა წავიდეთ?!” - ამბობენ დევნილები.

დევნილებს ამჯერად სხვა საზრუნავი აქვთ. ისინი შიშობენ, რომ მეურნეობის მეპატრონე მათ ცხოვრების უფლებას მომავალი წლის ზაფხულამდე არ გაუხანგრძლივებს. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, ქუჩაში აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG