Accessibility links

logo-print
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალური გახდა სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებიც. გამომცემლობების აზრით, საქართველოში წიგნები იაფია, მშობლების შეფასებით კი - ძალიან ძვირი. სასკოლო წიგნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფასად იყიდება. ქუჩის თავსა და ბოლოში, მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოს მთელი კომპლექტის ყიდვა შეიძლება როგორც 30, ისე 37 ლარად და ასეა ყველა დანარჩენ წიგნზეც. ამიტომ განათლების სამინისტრომ 17 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული იმ 26 მაღაზიის ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც წიგნებს ფიქსირებული ფასი ექნება.

თუ ამ დღეებში შემთხვევით ან მიზანმიმართულად ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე მოხვდით, ნახავდით, რომ იქ სასკოლო წიგნების ბაზრობაა გამართული და უამრავი ადამიანი ყიდის და ყიდულობს ახალ თუ მეორად წიგნებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე წიგნების ფასი იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მაღაზიებში სასკოლო სახელმძღვანელოები სწავლის დაწყების დღიდანვე იყიდება, პირველად მშობლები სწორედ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას მიაშურებენ ხოლმე - ისე, როგორც ნანა მამათელაშვილი მოიქცა, რომ თავისი მესამეკლასელი გოგონასათვის წიგნები ეყიდა. საბოლოო ჯამში, მთელი კომპლექტი ზოგ მშობელს 82, ზოგს კი 105 ლარი დაუჯდა:

”გამომცემლობაში არ წავსულვართ - გვითხრეს, რიგებიაო, და ვაგზალზე წავედით. იქაც ჭყლეტა დაგვხვდა. თან გვერდიგვერდ წიგნებს სხვადასხვა ფასი ჰქონდა. მაგალითად, ქართული ღირდა ერთ კუთხეში 37, სხვაგან - 48. მე ერთი შვილი მყავს და შევძელი მეყიდა ყველა წიგნი, მაგრამ ვისაც რამდენიმე შვილი ჰყავს, არ ვიცი, როგორ ახერხებს ასეთფასიანი წიგნების ყიდვას.”

განათლების სამინისტრო კი მიმართავს მშობლებს, მოიპოვონ სკოლებიდან იმ მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც მათთვის საჭირო წიგნებს თავის ფასში მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტორებისგან შეიძენენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა ქურდაძემ, 17 სექტემბერს ამ საკითხს ცალკე ბრიფინგიც მიუძღვნა. ჩვენთან საუბარში ქურდაძემ თქვა, განათლების სამინისტრო, მართალია, სახელმძღვანელოების ფასებს არ ადგენს, რადგან საავტორო უფლება არ გააჩნია, მაგრამ წელს პროცესის დასარეგულირებლად სამინისტრო დისტრიბუტორებს მოელაპარაკა და შეუთანხმდა იმაზე, რომ მსხვილი დისტრიბუტორები დამატებით საფასურს წიგნებს აღარ დაადებდნენ და, შესაბამისად, წიგნი გამომცემლობის ფასში გაიყიდებაო.

მაღაზიების სია მისამართებით, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოებს ფიქსირებული ფასი ადევს და სადაც მშობლებს ზედმეტის გადახდა არ მოუწევთ, განათლების სამინისტროს ვებგვერდზე დევს. საქართველოს მასშტაბით ასეთი სულ 26 მაღაზიაა, მათ შორის: „სანტა ესპერანსა“, „ექს ლიბრისი“, „სამშობლო“, „ლატერნა“, „ინტელექტი“.

მაღაზია „ბიბლუსის“ წარმომადგენელი ნინო ხელაია, მაგალითად, ამბობს, რომ მათ ურჩევნიათ მეტი კლიენტი მოიზიდონ და წიგნების ფასები არ გაზარდონ.

საინტერესოა ისიც, რომ წელს გამოცემულ წიგნებს უკანა ყდაზე ფასი აწერია. შესაბამისად, მასზე მეტი მყიდველმა, წესით, არ უნდა გადაიხადოს.

”წელს ყველა გამომცემელი ვალდებული იყო წიგნზე ფასი დაეწერა და თან ის ფასი, რომელიც უნდა ღირდეს ეს წიგნი მაღაზიაში. თუ წიგნს ფასი არ აწერია, მაშინ ის ან შარშანდელი გამოცემულია, ან ხელახალი გრიფით დაბეჭდილი, რადგან მას თავისი ვადა არ გასვლია.”

ამ სიტყვების ავტორი, გამომცემელი ბაკურ სულაკაური, განმარტავს, რომ ფასები წიგნებზე მხოლოდ ხელოვნურად იწევს მაშინ, თუ რომელიმე წიგნი დეფიციტური ხდება. მაგრამ, როგორც წესი, ეს დეფიციტი ერთ კვირაში იხსნება და იმ მშობელს, რომელიც ცოტას დაიცდის, ორმაგი ფასის გადახდა არ მოუწევს.

რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოების ფასს, რომელსაც, ძირითადად, სასტამბო ხარჯები განსაზღვრავს, ბაკურ სულაკაურის აზრით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წიგნები გაცილებით იაფია. ამის დასტურად მას პოლონეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მშობელს სასკოლო წიგნების ერთი კომპლექტი წლიური შემოსავლის ათი პროცენტი უჯდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG