Accessibility links

logo-print

რუსეთი პოლონეთისაგან ახმედ ზაკაევის გადაცემას ითხოვს


ახმედ ზაკაევი, რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი

ახმედ ზაკაევი, რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი

პოლონეთის პოლიციამ სიტყვა შეასრულა და პარასკევს, გვიან ღამით, დააკავა ახმედ ზაკაევი, რომელიც, გაფრთხილების მიუხედავად, ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში მაინც ჩავიდა. ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას, ლიდერისა, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ძებნაა გამოცხადებული, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ პოლონეთი ზაკაევს რუსეთის მართლმსაჯულებას გადასცემს.

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა რამდენჯერმე აჩვენეს პოლიციელებითა და ჟურნალისტებით გარშემორტყმული ახმედ ზაკაევი. მისი თანაშემწე ადამ ბოროვსკი ემოციურად აცხადებდა, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი თავისი ფეხით მივიდა ვარშავის პროკურატურის ოფისში:



„ახმედ ზაკაევს თვითონ სურდა ჩვენების მიცემა. ეს არ არის წარმატება პოლიციისთვის, რომელმაც ზაკაევი დააკავა, ჩვენ კი ხელი შეგვიშალეს კეთილი ნების გამოხატვაში.“

ვარშავის პოლიციის სპეციალური წარმომადგენელი მარიუშ სოკოლოვსკი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება მოახდინა დაპატიმრების საერთაშორისო ორდერზე, რაც ავალდებულებდა მათ დაეკავებინათ და ვარშავის პროკურატურისათვის გადაეცათ ახმედ ზაკაევი. ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას დადებითად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარინა გრიდნევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ჩაიკამ პოლონელ კოლეგას ექსტრადიციის შემთხვევაში ახმედ ზაკაევის უფლებების დაცვის გარანტია მისცა:


„იური ჩაიკამ, თავის მხრივ, ანჯეი შერემეტს აცნობა, რომ მასალები ზაკაევის თაობაზე უკვე გადაითარგმნა პოლონურ ენაზე და გაიგზავნა ვარშავაში. მან ასევე მისცა გარანტია, რომ ზაკაევის რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას შეუნარჩუნდება საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული უფლებები და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.“

რუსი სამართალდამცველები ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთ ლიდერს 2002 წლიდან ეძებენ. მას ბრალად ედება რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ 90-იან წლებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულობები. ჩეჩენთა კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ზაკაევი 16 სექტემბერს ჩავიდა პოლონეთში, მიუხედავად ვარშავის პოლიციის გაფრთხილებისა, რომ დააპატიმრებდნენ რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. თავისი ეს გადაწყვეტილება დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ახმედ ზაკაევმა ასე განმარტა:

„რუსეთს ამ ხნის განმავლობაში არაფერი ახალი არ შეეძლო გადაეცა პოლონეთისათვის. ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, უკვე ორჯერ განიხილა დანიისა და ბრიტანეთის სასამართლომ. თუკი ეს სავალდებულოა და პოლონეთის ხელისუფლება მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ ეს საკითხები პოლონეთის სასამართლომაც განიხილოს, - მე მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის მზად ვარ.“

2003 წელს ბრიტანეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნა ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის ექსტრადიციის თაობაზე და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ახმედ ზაკაევს. მოსამართლე ტიმოთი უორკმენმა დაადგინა, რომ თხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და „არასამართლებრივი ექსტრადიციის“ შემთხვევაში ახმედ ზაკაევი „წამების რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა.“ თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნაზე პოლონეთის პროკურატურა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სრულიად არაორაზროვანი განცხადება. „მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პოლონეთის სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რასაც რუსეთი ელოდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG