Accessibility links

”კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის ლუპის ქვეშ” – ”24 საათი” ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტს ეხმაურება: ”საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის აქტიურობით კმაყოფილნი არიან. გუშინ კომისიის წევრებმა საქართველოში შეხვედრების გამართვა დაიწყეს. ისინი ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ რაც შეიძლება ბევრი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები მოისმინონ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, რომელიც საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიაშია გაერთიანებული, მიიჩნევს, რომ ”ვენეციის კომისია სამართლებრივი თვალსაზრისით ევროპაში ყველაზე კომპეტენტური ორგანოა. მათი ასეთი აქტიურობა მისასალმებელია და ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ.”

”რეზონანსი” წერს, რომ ”აზერბაიჯანში, ნახიჭევანის ტერიტორიაზე, ახლო მომავალში, შესაძლოა, თურქული სამხედრო ბაზა განლაგდეს”. ავტორი წერს: ”ამას ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ქართველი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ რეგიონის უსაფრთხოების სფეროში თურქეთის, როგორც მოთამაშის, შემოსვლა საქართველოსთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს - შესაძლოა, იმ დაპირისპირებების ეპიცენტრად, რომლის გაღვივების პოტენციალს კავკასიაში თურქეთის სამხედრო ბაზების განთავსება ზრდის, საქართველო იქცეს”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან. ის მოსკოვში ათდღიანი ვიზიტის დეტალებს ჰყვება და ამბობს: ”რუსეთი და საქართველო დღეს არიან მტრები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთი და საქართველო გახდნენ მოკავშირეები და ამით დაინტერესებული უნდა იყოს როგორც რუსული, ასევე ქართული მხარე. როცა ისმის კითხვა - ”რის სანაცვლოდ”, საქართველომ უნდა დასვას საკითხი, ჩვენ რა გვინდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობა. ამის სანაცვლოდ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მტრული ურთიერთობა რუსეთთან შეწყდეს. რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს სახელმწიფო არ იყოს მისადმი მტრულად განწყობილი”, - აცხადებს კუკავა ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მოსკოვში ვიზიტის შესახებ ”ვერსიას” ესაუბრება ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. ”ამ შეხვედრების მთავარი მიზანია რუსულ-ქართული კონფერენციის ორგანიზება, სადაც თავის პოზიციას ყველა ნათლად ჩამოაყალიბებს”, - აცხადებს დავითაშვილი და იქვე განაგრძობს: ”მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა ქართულმა და რუსულმა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. აუცილებლად უნდა გაიმართოს ერთი დიდი შეხვედრა, რომელიც იმ პრობლემების აღმოფხვრას მიეძღვნება, რაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს.”

”ახალი თაობა” ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის 16 სექტემბრის სხდომაზე წერს, სადაც პრეზიდენტ გამსახურდიას დაცვის უფროს რობინზონ მარგველანს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს: ”სამსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ რამდენიმე შეუსაბამობა დააფიქსირა რობინზონ მარგველანის ძველ და ახალ ჩვენებებს შორის.

”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ეროვნული იდეოლოგიის პარტიის თავმჯდომარე პროფესორი ზურაბ გაგნიძე განათლების ყოფილ მინისტრზე ამბობს: ”ნოდია დააკავეს 30 აგვისტოს. იმ პერიოდში მასთან შეხვედრა მინდოდა და ვერსად ვიპოვე. სანდო წყარომ მითხრა, რომ ამ დროს დაკავებული იყო. ის თავისი დეპარტამენტების ყოფილ უფროსებთან ერთად ყოფილა დაკავებული. დაკავების შემდეგ მოხდა შეთანხმება, რომ ნოდია არა მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ გადაიხდიდა ფულს, არამედ ითანამშრომლებდა კიდეც მასთან”, - ამბობს ზურაბ გაგნიძე, რომლის ინტერვიუდან ნაწყვეტი ”ჯორჯიან ტაიმსის” პირველ გვერდზეა გამოტანილი.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი წერს: ”გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” მკითხველს, დევნილთა მრავალათასიან არმიას უნდა ვაუწყოთ, რომ თბილისში შეიქმნა აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდი. ფონდის დამფუძნებლები არიან ოლეგ ჯოლია, იასონ ფავლენიშვილი, ჯუმბერ ხუბუტია და მერაბ მაღლაკელიძე. ფონდის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს სახალხო დიპლომატიის განვითარებას, აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენას და დევნილთა მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებას.”
XS
SM
MD
LG