Accessibility links

logo-print

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს უკავშირდება


ნაბუკოს მილსადენის პროექტის რუკა

ნაბუკოს მილსადენის პროექტის რუკა

გასულ კვირაში აზერბაიჯანის დედაქალაქში თავი მოიყარეს ოთხი ქვეყნის ლიდერებმა - აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მათი შეკრების მთავარი მიზანი ახალი ენერგეტიკული პროექტებია, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდას უზრუნველყოფს. ბაქოს სამიტზე ერთი ასეთი პროექტის მშენებლობა გადაწყდა, რომელშიც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

14 სექტემბერს ბაქოში სამი ქვეყნის პრეზიდენტები - ილჰამ ალიევი, ტრაიან ბასესკუ და მიხეილ სააკაშვილი - შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელიც სტარტს აძლევს საკმაოდ გრძელვადიან ენერგეტიკულ პროექტს. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის გაზი საქართველოში გათხევადდება და სპეციალური გემებით გაიგზავნება რუმინეთის პორტ კონსტანცაში, სადაც ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება და რუმინეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მიეწოდება. როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, პროექტი პერსპექტიულია და მისი განხორციელებისათვის კარგი წინაპირობები არსებობს:

მარცხნიდან: მიხეილ სააკაშვილი, ილჰამ ალიევი და ტრაიან ბასესკუ
„ეს პროექტი ტექნოლოგიურად ახალი ტიპის პროექტია, რომელიც ნაკლებად საჭიროებს ინფრასტრუქტურის განვითარებას ზღვის გავლით, ზღვაში მილების ჩაყრას. თანაც, საქმე ამ მხრივ წინ არის წაგდებული - ყულევში უკვე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ეს გაზი, გადაამუშაოს და ჩატვირთოს გემებზე.“

ნავარაუდევია, რომ ყოველწლიურად ამ პროექტის ფარგლებში 5-დან 8 მილიარდ ტონამდე გაზის ტრანსპორტირება მოხერხდება. პრეზიდენტების განცხადებით, რომელსაც ბევრი ექსპერტიც ეთანხმება, აღნიშნული პროექტი რუმინეთისა და, საერთოდ, ევროკავშირის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას წაადგება. სწორედ ამიტომ ბაქოში იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც.

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების იდეას ადრინდელ ეტაპზევე არ შეუერთდა. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი შეეცდება ამ პროექტით ევროკავშირიც დააინტერესოს.

ევროკავშირის ერთიანი ინტერესის გარეშე პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციების მოზიდვა იოლი საქმე არ იქნება. იმავე პრობლემას აწყდება სხვა პროექტი, რომელიც ასევე საქართველოზე გადის და რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ლაპარაკია ”ნაბუკოს” მილსადენზე, რომლის განხორციელების დაწყება ისევ ჭიანურდება.

”ნაბუკოს” და, საერთოდ, საქართველოზე გამავალი სამხრეთენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე ბევრი ისაუბრეს ერთი კვირის წინ პოლონეთში, საკურორტო ქალაქ კრინიცაში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ფორუმის მონაწილე ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების აზრით, ”ნაბუკო” და სხვა ალტერნატიული პროექტები რთული განსახორციელებელია ევროპის ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებამდე. ამას კი ის აფერხებს, რომ რუსეთი სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან.

დაყავი და იბატონეს პოლიტიკა

კარგადაა ცნობილი რუსეთ-გერმანიის თანამშრომლობა გაზის ბიზნესში, ასევე სხვა პროექტები ძველი ევროპის სხვა ქვეყნებთან, რაზეც ლაპარაკობს აზერბაიჯანის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნაზიმ მამედოვი:

”ერთი საკითხი, რაშიც რუსეთი არ იცვლება, ესაა „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა ყველაფერში. ცალკეულ ქვეყნებთან მოლაპარაკების წარმოებით ის, ვფიქრობ, ასუსტებს ევროპის კავშირის პოზიციას გაზის საკითხში და ენერგეტიკული უსაფრთხოების სხვა საკითხებშიც. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთის ეს პოზიცია ახლო მომავალში არ შეიცვლება, თუ ევროკავშირი ყურადღებას არ დაუთმობს დერეფანს, რომელიც შუა აზიიდან აზერბაიჯანზე გადის.”

ევროპის ერთიანი პოლიტიკის უქონლობაზე საუბრობს ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ტომაშ პორება:

”ცხადია, რომ არსებობს ოფიციალური და არაოფიციალური ნიშნები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ნაკლები ყურადღებით ეკიდება. პირველ რიგში, ეს შეიმჩნევა ევროკავშირის სუსტ ჩართულობასა და ნაკლებ მონდომებაში წაახალისოს ისეთი პროექტები, როგორიცაა „ნაბუკო“ და აღმოსავლური პარტნიორობა.“

კრინიცის მეოცე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი
ბრიუსელიც ასევე არ იმაღლებს ხმას იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთს არ სურს მიჰყვეს შეთანხმებას, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის დაიდო და რომელიც, ბოლოს და ბოლოს, თავად ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა.

ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვის, ვიდრე სტრატეგიული მიზნები, რომლებსაც „კავშირი“ უნდა მისდევდეს რეგიონში. ამას გარდა, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ჩართულნი გაზის ისეთ პროექტში, როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი და აქედან ფინანსურ მოგებას ღებულობენ, უბიძგებს მათ იფიქრონ უფრო ეკონომიკური ინტერესების კუთხით, ვიდრე სტრატეგიულად. სამწუხაროდ, ხედვის ასეთი სიმწირეა ევროკავშირის პოლიტიკაში.”

"ნაბუკოს" ფსიქოლოგიური მნიშვნელობა

„ნაბუკოს“ მილსადენი ევროპის გაზის მოთხოვნილების დაახლოებით 7 პროცენტს დააკმაყოფილებს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები - და ბევრი ექსპერტიც - თანხმდებიან, რომ რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდების პრეცედენტი თავად რუსეთის პოზიციას შეცვლის და ის ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობას საბაზრო პრინციპებზე ააგებს. ამის სჯერა უკრაინის ”საერთაშორისო ენერგეტიკული ქიუ კლუბის” პრეზიდენტს ალექსანდრ ტოდიჩუკს:

”ვფიქრობ, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და ევროპის კავშირი უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს. დღეს ბევრია გაკეთებული „ნაბუკოსთვის“. ვფიქრობ, კიდევ მცირე ძალისხმევა და ეს ალტერნატივა შეიქმნება. ალტერნატივა არა მხოლოდ ფიზიკური მოცულობებისა, არამედ ფსიქოლოგიურადაც. გაზის სხვა წყაროებიდან მიღების შესაძლებლობა ცვლის ატმოსფეროს ნებისმიერ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებისას, რომელიც შეეხება გაზის შესყიდვებს.”

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნის რეალიზებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს თავად რეგიონის ქვეყნების ისეთი აქტიურობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირაში ბაქოში გამართული ენერგეტიკული სამიტის სახით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG