Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკინგებიდან ბაგრატიონამდე და ქართველთა ბატალიონამდე


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, რიგა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, რიგა
დღევანდელი სიუჟეტის მთავარი თემაა საქართველოსა და ბალტიის ზღვის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც სულ მალე ერთ ნაშრომში მოიყრის თავს. წიგნზე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, რომელსაც გასულ კვირაში ლატვიაში ვესაუბრე.

ქართველი მეცნიერი ნიკო ჯავახიშვილი ორი წელია მუშაობს მონოგრაფიაზე, რომელიც საქართველო-ბალტიისპირეთის ურთიერთობას ეხება. ნაშრომზე მუშაობის პარალელურად, ნიკო ჯავახიშვილი, ლატვიის სამეცნიერო წრეების მოწვევით, წელიწადში რამდენჯერმე კითხულობს ლექციებს რიგის უნივერსიტეტსა და ოკუპაციის მუზეუმში, აქვეყნებს სტატიებს ქართულ და ლატვიურ გამოცემებში. მონოგრაფიაზე მუშაობის პერიოდში ქართველ მეცნიერს საკმაო მასალა დაუგროვდა ვარაუდისათვის, რომ ბალტიისპირეთის რეგიონთან საქართველოს ურთიერთობა სათავეს უნდა იღებდეს არა მე-18, არამედ მე-10 საუკუნეში. ისტორიული ფონი კი ასეთია: ვიკინგების სამხედრო მისია საქართველოში და მათი გზით ბალტიისპირეთში მოხვედრილი ქართული მონეტები.

„შარშანდლამდე ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენი ურთიერთობები უნდა იწყებოდეს მაქსიმუმ მე-18 საუკუნიდან. მაგაზე ადრე არავინ არ ვარაუდობდა. მაგრამ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ აქ ქართული მონეტები, უნიკალური მონეტებია აღმოჩენილი თვითონ ლატვიელი არქეოლოგების მიერ - თან სხვადასხვა ტიპის მონეტები - განსაკუთრებით ლიფლანდიის, ანუ ლატვიის ჩრდილოეთ ნაწილის, ტერიტორიაზე - ერთი რიგასთან ახლოს, სალასპის ლაუქსკოლას დასახლებაში და მეორე არის ვოლეა. ეს არის პატარა სოფელი, რომელიც ახლა აღარ მდებარეობს ლატვიაში, ესტონეთს ეკუთვნის, მაგრამ არის [ყოფილი] ლიფლანდიის გუბერნიის ნაწილი.“

ლატვიელმა მეცნიერებმა ეს აღმოჩენა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გააკეთეს. ნიკო ჯავახიშვილი განმარტავს, რომ საუბარია მე-10 საუკუნის ვერცხლის მონეტებზე. უფრო ზუსტად, ერთი მონეტა არის თბილისში, ამირა ჯაფარ იბნ მანსურის მიერ მოჭრილი არაბული მონეტა, რომელსაც არაბულად აწერია „თბილისი“. თბილისი იმხანად არაბების მიერ იყო ოკუპირებული. მეორე მონეტა კი არის ტაო-კლარჯეთის მმართველის, დავით მესამე კურაპალატის, დრამა, რომელზეც მხოლოდ ქართული წარწერებია. საქართველოში მოჭრილი მონეტები, რომელთა მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე ცალია ნაპოვნი, პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის ვარაუდით, უკვე მე-11 საუკუნეში საქართველოდან ბალტიისპირეთის რეგიონში, შესაძლოა, ან არაბ ვაჭრების გზით მოხვედრილიყო ანდა ვიკინგებისა, რომლებიც, ისტორიული წყაროების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ საბრძოლო მოქმედებაში ღებულობდნენ მონაწილეობას:

„1046 წელს სამიათასკაციანმა ვიკინგების დაქირავებულმა რაზმმა მონაწილეობა მიიღო სასირეთთან მომხდარ ბრძოლაში, როდესაც მათ ქართველი მეფის, ბაგრატის მოწვევით იბრძოლეს იქ [საქართველოში]. როგორც ჩანს, მათი ნაწილი დარჩა, ნაწილი კი, როგორც ჩანს, წამოვიდა ჩრდილოეთის მიმართულებით და, შესაძლოა, ეს ვერცხლის ფულები, ელემენტარულად, იყო მათი საზღაური.“

კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც ლიტვის მეტრიკაშია დაცული, უკვე შუა საუკუნეებს ეხება. ბალტიისპირეთის რეგიონში უკვე არსებობს ლიტვის სახელმწიფო. მზადდება ისტორიული საფუძველი ლიტვისა და პოლონეთის გასაერთიანებლად. პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის თქმით, ქართლის მეფის კონსტანტინე მეორის ელჩი სწორედ ამ დროს, მე-15 საუკუნეში, ლიტვის გავლით ჩავიდა ევროპაში.

მაგრამ ქართველი დიპლომატები და სახელმწიფო მოხელეები არა მხოლოდ გავლით არიან ნამყოფები ბალტიისპირეთში, არამედ მათ იქ საკმაოდ მაღალი მდგომარეობაც ეჭირათ, მაგრამ არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად ქართულ უფლისწულებადაც მოიხსნიებოდნენ. პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი ასახელებს რუსეთის არმიის პირველ ქართველ გენერალს, ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონს:

„რიგაში ვინ იყო? პეტრე პირველის განუყრელი მეგობარი ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, რომელიც მერე გახდა რუსეთის პირველი ფელცეხმაისტერი, არტილერიის გენერალი. სწორედ მას, ქართველთაგან პირველად, 1699 წელს გენერლის წოდება მიენიჭა. და 1697 წელს ის პეტრე პირველის გარემოცვაში, დიდი ელჩობის შემადგენლობაში ჩამოვიდა რიგაში. საინტერესოა, რომ ეს კაცი ირიცხებოდა როგორც არა რუსეთის თავადი, არამედ როგორც ქართველი თავადი, ქართველი პრინცი, ტახტის მემკვიდრე, იმიტომ რომ მისი მამა არჩილი მონაცვლეობით იყო კახეთისა და იმერეთის მეფე, თუმცა ის იყო ქართლის ბაგრატიონი.“

ცნობილი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი იბრძოდა ბალტიისპირეთის, კერძოდ, ლიტვის ტერიტორიაზე. იგი ქართველ ჰუსართა პოლკში ირიცხებოდა. ვახტანგ მეექვსის ძმა ათანასე ლევანის ძე ბაგრატიონი და გენერალი გიორგი ბაგრატიონი მონაწილეობდნენ ბრძოლებში, რომელთაც რუსეთი ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე აწარმოებდა. საინტერესო ისტორია უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი ქართველი გენერლის, პეტრე ბაგრატიონის, ცხოვრებას, რაც ცნობილი ფაქტია და ასევე პოვებს ასახვას პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის მონოგრაფიაში, სახელწოდებით: „ნარკვევები საქართველო-ბალტიის ზღვის რეგიონის ისტორიიდან.“

„ერთი ფაქტი იყო ასეთი, როდესაც მორიგი წარჩინებული სამხედრო კამპანიის დროს იმპერატორმა პავლე პირველმა ის [პეტრე ბაგრატიონი] დააჯილოდოვა მამულით ლიტვის გუბერნიაში. სოფელი მისცა, მდიდარი სოფელი, შესაბამისად - ყმებით. ბაგრატიონმა წამოიყვანა ექვსი ჯანმაგარი ლიტველი ყმა, რომელიც სჭირდებოდა როგორც მსახურები, და გარდაცვალების წინ, - მას განგრენა დაემართა, - გარდაცვალების წინა დღეს გაათავისუფლა ეს ექვის ლიტველი ყმა გლეხი ლიტვის გუბერნიიდან - სწორედ იმ სოფლიდან, რომელიც მან გაყიდა, მაგრამ ეს ექვსი კაცი წამოყვანილი ჰყავდა.“

საქართველოსა და ბალტიისპირეთის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები განსაკუთრებით საინტერესო და, შეიძლება ითქვას, დრამატულია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ოკუპაციის შედეგად ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

„აქ იყო ცნობილი ჩანჩიბაძე, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, ყველაზე ცნობილი ქართველი საბჭოთა ოფიცრებიდან და გენერლებიდან. და, რა თქმა უნდა, უამრავ სხვა ოფიცერსა და ჯარისკაცზე აღარ მაქვს საუბარი. ნაწილი [ქართველებისა] იყო გერმანული დროშის ქვეშ. ცნობილია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე იდგა ქართული ასეული. ეს ცნობა ფიზიკურად არსებობს და ის გერმანიიდან მაქვს, რომ 1943-44 წლებში ლატვიის ტერიტორიაზე იდგა ქართული ასეული. თვითონ ჩემი წიგნის რედაქტორს, აკადემიკოს იანის სტრადინშს აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ საკუთარი თვალით ჰყავს ბავშვობაში ნანახი ქართველი ჯარისკაცები. მე შევეკითხე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მოსახლეობასთან და ძალიან კარგიო და კარგად გამოყურებოდნენო.“

საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიული ურთიერთობის ეს და სხვა ფაქტები, მე-10 საუკუნიდან დღევანდლამდე, თავმოყრილი იქნება იმ მონოგრაფიაში, რომელსაც პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი გამოსაცემად ამზადებს ლატვიელი მეცნიერის იანის სტრადინშის ხელმძღვანელობით. თუმცა წერის პროცესში თავად ამ ისტორიას სულ ახალ-ახალი და საინტერესო ფურცლები ემატება: ლატვიელ, ლიტველ, ესტონელ და ქართველ სამხედროებს ხომ ბოლო ხანს ძალიან ხშრად უხდებათ ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნა ნატოს სამხედრო მანევრებში, სამშვიდობო ოპერაციებში თუ ერთობლივ ღონისძიებებზე, რაც ცალკე საუბრის თემა, ცალკე ისტორიაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG