Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “საუნჯემ” გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებული, “ჩაბრუნებული მზერა” გამოსცა, რომელშიც ძირითადად პოეტის 2010 და 2009 წლებში შექმნილი ლექსები შევიდა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გივი ალხაზიშვილის 3 წიგნი გამოვიდა. გამომცემლობა “ინტელექტმა” უკვე ტრადიციად ქცეულ სერიაში, “პოეტის 100 ლექსი” გამოსცა მისი რჩეული, გამოვიდა პოეტის ავტობიოგრაფიული რომანი “მომავალი წარსული” და კრებული, რომელიც ძირითადად ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.

კრებულს “ჩაბრუნებული მზერა” ჰქვია და იგი პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთ-ერთი ლექსის ეს სათაური, “ჩაბრუნებული მზერა” ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც წიგნს თითქმის მთლიანად გამსჭვალავს და სადაც ავტორი წარსულს უბრუნდება, სადაც თვალი “...ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდეს”.

ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გივი ალხაზიშვილის ბოლო წიგნზე საუბრისას:
“ეს უკუსვლა თითქოს მეხსიერებაში, პოეტის წარსულში დაბრუნებას გულისხმობს, ანუ იგი არის საკუთარ წარსულ ისტორიებში ჩაღრმავება, კონკრეტული ისტორიის, საკუთარი მეს შეცნობის მცდელობა”.

წიგნი გაგა ლომიძისვე წინასიტყვაობით იხსნება, ესეთი, სახელწოდებით “ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი”, ბოლოში კი წიგნს კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ერთვის, ნანა ტრაპაიძის “ზღვართან ყოფნის პოეტიკა”.

გივი ალხაზიშვილი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ცდილობს ყოველთვის სიახლეები წარუდგინოს მკითხველს, მას არ უყვარს კრებულიდან კრებულში ლექსების გადატანა და ყოველი მომდევნო წიგნის “რჩეულად” გადაქცევა. იგი ძირითადად ახალ რკალებსა და დაუბეჭდავ ლექსებს გვთავაზობს ხოლმე:

“გივი ალხაზიშვილის ახალი, ბოლო კრებული, ჩაბრუნებული მზერა აერთიანებს მის სხვადასხვა პერიოდის ლექსებს, იწყება 2010-2009 წლის ლექსებით, თითქოსდა საგანგებოდ არის ეს უკუსვლა დროში, შემდეგ მოდის 2008-2007 წლის ლექსები და ბოლოს უკვე სხვადასხვა, 90-იან და 2000-იან წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც ავტორმა დღესაც აქტუალურად მიიჩნია.”

ამ კრებულში, შეიძლება ითქვას პოეტის სულის ბიოგრაფიაა მონიშნული, ბიოგრაფია თავისი განცდებითა და ყოველდღიური შთაბეჭდილებებით, ტკივილებითა და გამონათებებით, დაკვირვებებითა და მიგნებებით.

აქ ნახავთ, აგრეთვე ე.წ. სამოქალაქო ლირიკასაც და დიპტიქს "თუშური პასტორალი", სადაც ორი სტილისტიკა ენაცვლება ერთმანეთს და კონვენციური ლექსისა და ვერლიბრის ბუნებრივი შერწყმის ადგილას ახალი სტილისტიკა იშვება:

“ამ კრებულში შესული ლექსები გამოირჩევა მრავალფეროვანი რიტმით, ამით იგი ჯაზურ კომპოზიციასაც წააგავს, ყოველ შემთხვევაში მისი ლექსების უმრავლესობა ასეა. ამავდროულად გივი ალხაზიშვილი ექსპერიმენტებსაც მიმართავს, მაგრამ პარალელურად იგი მუშაობს კონვენციურ, ტრადიციულ სალექსო ფორმებში, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება უფრო ლირიული შეგრძნებების გასაძლიერებლად, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ირონიულ-პაროდიული კონოტაციებისთვის გამიზნული.”

პოეტის ლირიული შეგრძნებებისა და მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია ექვსი ეპისტოლე, პირველ რკალში გაფანტული ლექსები, “ქარის ხსოვნა – იანვრის ეპისტოლე”, “ჩაბრუნებული მზერა – თებერვლის ეპისტოლე” და ა.შ. ეს ლექსები წელს დაიწერა, თუმცა მათ გარდა მე განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსებს: “გახედვა საღამოსკენ”, “სიჩუმე, შენი სუფლიორი...”, “ეს დღე სად გაქრა?!”, “თუშური პასტორალი”, “ზღვართან”.

სრულიად განსხვავებული, ახალი რიტმული და თემატური მუხტის მატარებელია გივი ალხაზიშვილის ორი ლექსი - "დავიწყებულთა რეკვიემი" და "სასულე ორკესტრის თანხლებით", ხოლო მისი "უხმო ნატირალი" ჩვენი ბოლო ომის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ღრმა გააზრებაა:

მე არ ვარ მიწა
და მიწადაც ვეღარ ვიქცევი,
ვარ ფეხადგმული ტერიტორია,
იძულებით ადგილნაცვალი –
ჩემი სხეულით, ჩემი გულით, ჩემი ფიქრებით
თანდათანობით გარდავისახე იმ მინდვრებად,
რომ გადაბუგეს
და საფლავებად
ბნელ სარდაფებში და ძველ ბაღებში რომ გადამალეს, -
ბორცვებად ქცევას რომ ვერ ბედავენ
საგულდაგულოდ დატკეპნილები.

ვიქეც უძრავ ტერიტორიად,
მხოლოდ ბუფერად –
ისევ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის,
რომელსაც უკვე მოძალადე ვეღარ დაიპყრობს,
როცა მკვდრები თავის მიწას დაიბრუნებენ.

“ჩაბრუნებულ მზერაში” შესულ ძალიან ბევრ ლექსში თამამად მოჩანს ყოფითი დეტალები და ამის გამო ლირიკა, აღსარებითობა და თვითშემეცნება სრულიად სხვა ტონალობაში გადადის:

“გივი ალხაზიშვილის ბოლო პერიოდის, ანუ ბოლო რამდენიმე წლის ლექსები ვფიქრობ მისი 70-იანი წლების ლექსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ამ ლექსებში შედარებით ნაკლებადაა ირონიულ-პაროდიული ნაკადი, თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა. აქ ავტორს ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული თავისი ამოცანა, იგი თავის წარსულს იაზრებს და უფრო მეტად, გავიმეორებ, მიმართულია საკუთარი თავის შემეცნებისკენ და უფრო კარგად ჩანს, მისი ლექსის ექსპერიმენტული ბუნება, ანუ პოეტური ძიებები”.

ეს ძიებები, წიგნის ბოლოსიტყვაობის ავტორის, ნანა ტრაპაიძის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინათ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა”. სწორედ ამის, და ბევრი სხვა მიზეზის გამოც, გივი ალხაზიშივილის პოეზია თანამედროვე ქართული პოეტური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG