Accessibility links

logo-print

ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეალობა


გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი (მარცხნივ) და არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველი თანაშემწე

გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი (მარცხნივ) და არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველი თანაშემწე

სახალხო დამცველის აპარატმა და ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები ერთ ანგარიშში მოაქციეს. ანგარიშს თან ის რეკომენდაციებიც ახლავს, რომელთა შესრულებაც საქართველოს ექვსივე ფსიქიატრიული საავადმყოფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე წლებია სახალხო დამცველის აპარატი და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ამ სფეროში არსებულ პრობლემებს იკვლევს, თუმცა ყოველწლიურად მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებში სასიკეთო ცვლილებებს მოუგვარებელი პრობლემები სჭარბობს.

თბილისის ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო ასათიანის ქუჩაზე, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი გლდანში, ბედიანის, სურამის, ქუტირის და ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოები - ბოლო რამდენიმე წელია ამ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველის აპარატი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სწავლობს. მონიტორინგი ყოველწლიურად ტარდება, მაგრამ ყოველ წელს შედეგები თითქმის ერთი და იგივეა და არც ისე სახარბიელო. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, ანტისანიტარია, მკურნალობის მოძველებული მეთოდები, დამამცირებელი მოპყრობა, გადაუმზადებელი მედპერსონალი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის აქცენტირებასაც ახდენენ წლიდან წლამდე თავიანთ ანგარიშებში უფლებადამცველები. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2006 წლიდან დღემდე 4 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდეა გაზრდილი, პროგრესი მაინც არ ჩანს.

”სამწუხაროდ, ბევრი რამ უცვლელია. ერთი პოზიტიური ცვლილება ისაა, რომ შეიცვალა დაფინანსების სისტემა, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს სფერო მეტად უყურადღებოდაა მიტოვებული, პროგრესი არ ჩანს. კადრების სიმწირეს დაფინანსების სიმწირესთან მივყავართ, მაგრამ ბიუჯეტი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გაიზარდა, რაღაც გარკვეული შესამჩნევი წინსვლა მაინც შესაძლებელი იყო”, - აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და იმ გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობს, რომელში ყოფნაც ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს უწევთ: ”თებერვალში +11 გრადუსი იყო ტემპერატურა ასათიანის სახელობის ინსტიტუტში. ფაქტობრივად, ადამიანები იქ საყინულეში იმყოფებოდნენ. ბოლოს, ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე გამათბობელი შეიძინეს, მაგრამ ამან რამდენად გააუმჯობესა ვითარება, ძნელი სათქმელია. საშუალო და დაბალი პერსონალი ძალიან მოუმზადებელია და ზოგადადაც ქართული ფსიქიატრია თანამედროვე სტანდარტებს საკმაოდ ჩამორჩება.”

სახალხო დამცველის თანაშემწე არჩილ თალაკვაძე, რომელიც პირადად კურირებს მონიტორინგს, ამბობს, რომ მსოფლიოში 4590 მილიონი ადამიანია დაავადებული ფსიქიკური აშლილობით. საქართველოს წილი ამ რაოდენობაში 100 000 ადამიანზე მეტია, საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კი 1000-ზე ოდნავ მეტი საწოლია. მონიტორინგის დროს ჯგუფის წევრებმა 1000-ზე მეტი პაციენტი მოინახულეს. ნახეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, თვალი მიადევნეს სამკურნალო პროცესს და შედეგად, თალაკვაძის თქმით, აი, რა გამოჩნდა: ”პრობლემად რჩება ის, რომ პაციენტების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, სამუდამოდ რჩება ამ დაწესებულებებში. მკურნალობის კურსი არის ერთფეროვანი და მხოლოდ ფარმაკოთერაპიას ეფუძნება. პაციენტების დიდმა უმრავლესობამ არ იცის რას ემსახურება მათი მკურნალობა და რა შედეგი ექნებათ რამდენიმე თვესა თუ ერთ წელში”...

არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთ რეკომენდაციად ჰოსპიტალგარესექტორის განვითარებას ასახელებს. რეკომენდაციებს შორისაა ისეთი ელემენტარული პირობების შექმნა, როგორიცაა გათბობა, პაციენტების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ინდივიდუალური სამკურნალო გეგმების შემუშავება, არამედიკამენტური მეთოდების წილის გაზრდა და ა.შ

ფსიქიატრიული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი კლინიკის დარგში ქეთევან გიგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი მკურნალობის იმავე სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიღებული, თუმცა მათთვის მთავარ პრობლემად მაინც მინიმალური დაფინანსება რჩება.

თავად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაპირება,ასათიანის საავადმყოფო წელს დაიხურება და მის ადგილას 300 საწოლიანი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდებაო, მხოლოდ დაპირებად არ დარჩება. თუმცა ისიც ნათელია, რომ ერთი ახალი საავადმყოფო ამ სფეროში არსებულ ყველა პრობლემას იმ მარტივი მიზეზით ვერ მოაგვარებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემების მქონე კიდევ ხუთი ფსიქიატრიული დაწესებულებაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG