Accessibility links

logo-print

ცხინვალი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავს აღნიშნავს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნიშნავენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავს. დღეს ცხინვალის ცენტრში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზის ასზე მეტი სამხედროც მონაწილეობდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ დღესასწაულში მონაწილეობისთვის ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, ნაურუს, საფრანგეთის, იტალიის, უკრაინისა და ბელორუსიის დელეგაციები. ჩამონათვალში არ არიან ნიკარაგუის პრეზიდენტი ორტეგა და არგენტინელი დიეგო მარადონა, რომელთა ცხინვალში ვიზიტის და ზეიმში მათი მონაწილეობის შესახებ, ედუარდ კოკოითიმ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნა არალეგიტიმური და უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამინისტროს შეფასებით, რუსეთი, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათი შემდგომი აღიარების წარუმატებლობის ფონზე საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას ყველა გზით ცდილობს.
XS
SM
MD
LG