Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა გართულდა


ბან კი მუნმა გაეროს სამიტი გახსნა
ბან კი მუნმა გაეროს სამიტი გახსნა
მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში ეგრეთ წოდებული „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ კვლავ განსახილველად. გაეროში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს გადახედონ და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი ამ მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბის და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე ხუთი წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს:

კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაეროსთან ...
„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა დიდია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ჩაერევა. დროსთან ამ შეჯიბრის პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ.“

საგარეო ურთიერთობათა ნიუ-იორკში დაფუძნებული საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაეროს შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის ნაკრებად ეფექტიანია ადამიანების შემოსავალზე გავლენის მოხდების საქმეში:

„გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაეროსთან.“

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არიან ის ორგანიზაციები, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების“ მიღწევის საქმეში დიდ ცვლილებებს მოიტანს:

ერთია ობამას ადმინისტრაციის განცხადება, რომ პირობას შეასრულებს, მაგრამ სხვაა იმის გარანტია, რომ კონგრესი დათანხმდება ამ შეწირულობის გაღებაზე ...
„მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ჩამორჩა.“

ჩამორჩა იმიტომაც რომ არაერთმა ქვეყანამ თქვა უარი თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი მარტო არ არის მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გაეროს დღეს, გენერალური მდივნის თანახმად, სჭირდება 26 მილიარდი, 2015 წლისთვის კი 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების“ პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა რომც ისურვოს ასე, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო:

„ერთია ობამას ადმინისტრაციის განცხადება, რომ პირობას შეასრულებს, მაგრამ სხვაა იმის გარანტია, რომ კონგრესი დათანხმდება ამ შეწირულობის გაღებაზე. თუ კონგრესის ორივე პალატაში ცვლილებები მოხდა, პრეზიდენტისთვის საქმე კიდევ უფრო გართულდება.“

ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი ეს წარმომადგენლობითი შეხვედრა ორშაბათს იხსნება და ოთხშაბათამდე გასტანს. მას მოსდევს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან შუა აზიის ქვეყნების - მათ შორის, უზბეკეთისა პირველად, ისევე როგორც ავღანეთის - პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ადამიანის უფლებები.
XS
SM
MD
LG