Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა გაეროში ისაუბრა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-სესიაზე, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება. მან საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლის შედეგებზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში არსებულ ვითარებასა და ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის დონე, რომელიც 2003 წელს 40% იყო, ამჟამად 18%-ზე ნაკლებია და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირება აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სააკაშვილმა ისაუბრა გარემოს დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე ოკუპირებულ აფხაზეთში, საიდანაც სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ინერტული და ხის მასალა გააქვთ. პრეზიდენტმა უცხოელ პარტნიორებს სიტუაციის მონიტორინგში დახმარებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოკუპაციის და უსაფრთხოების პრობლემებზე პრეზიდენტი სააკაშვილი ისაუბრებს გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზეც, რომლის საერთო-პოლიტიკური დებატებისას მოხსენებით 23 სექტემბერს წარსდგება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ლათინური ამერიკის, აზიის და აფრიკის სახელმწიფოთა ლიდერებს.
XS
SM
MD
LG