Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის ფასი


21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ეს თარიღი 2002 წლიდან აღინიშნება - 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაერომ გამოაცხადა. წლევანდელი მშვიდობის დღის მთავარი გზავნილია ”მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება”, დევიზი კი - ”მშვიდობა უდრის მომავალს”. როგორ აღიქმება მშვიდობის ცნება საქართველოში და რა ფასი აქვს მშვიდობას ომგამოვლილ ქვეყანაში?

მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე გამოსახული საქართველოს, როგორც ქვეყნის, კონტურები, საზოგადოების დიდ ნაწილს მშვიდობის განცდას არ უნერგავს.

”ადამიანებს უნდათ მშვიდობიანი განვითარება, არანაირი წინსვლა, არანაირი განვითარება მშვიდობის გარეშე არ იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ძლიერია განცდა იმისა, რომ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის კონტურები არ არის ისეთი, რაც ამ ქვეყანას ეკუთვნის”, - ფიქრობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია.

საზოგადოებამ, რომელმაც იცის ომის მნიშვნელობა, ლოგიკურად, მშვიდობის დაფასებაც უნდა იცოდეს, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მშვიდობა, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აღიქმება როგორც გარკვეული სისუსტე; მშვიდობა, მოლაპარაკებები იგივდება დათმობასთან; საზოგადოება ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ომით დაკარგულის დაბრუნება მშვიდობითაც შესაძლებელია.

სიმშვიდე და მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ფუძე აქვთ, პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობის ცნებებია:

”მშვიდობა არის აქტიური მოქმედება, მშვიდობა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სიმშვიდე არის პასიურობა, სტაგნაცია.”

არჩევანს საზოგადოება, პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, მაინც სტაგნაციურ სიმშვიდეზე აკეთებს და არა მშვიდობაზე, როგორც სუსტი მხარის იარაღზე. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, როდესაც გარკვეული საფრთხეების შესახებ აქტიურდება საუბარი, ხალხი სიმშვიდის დაკარგვას უფრო უფრთხის, ვიდრე მშვიდობის დათმობას.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს მშვიდობაზე მაღლა აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დიდი ხალისით შეხვდა ხელისუფლების მცდელობას ომის გზით დაებრუნებინა ტერიტორიების ნაწილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის რწმენით, მშვიდობის ფასი ქვეყანაში გაზრდილია:

”ჩვენ გვეგონა, რომ ტერიტორიული მთლიანობა უფრო მთავარი ღირებულება იყო, ვიდრე მშვიდობა - მაგალითად, როდესაც ხალხი ხალისით შეხვდა წარმოდგენას იმის შესახებ, რომ შეიძლება ჩვენმა მხარემ რამე ომი წამოიწყოს. მაგრამ ეს მდგომარეობა გასწორებულია. მშვიდად არავინ არ რის, მაგრამ ყველამ იცის, რა არის მშვიდობა.”

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობას, როგორც ცნებას, არაადეკვატურად იგებენ. გოგი ხუციშვილი განმარტავს, რა არის მშვიდობა:
”მშვიდობა ეს არის აქტიური სამოქალაქო განვითარების ფაზა, როდესაც ადამიანი აგვარებს საკუთარ პრობლემებს, იცავს საკუთარ უფლებებს და სწორედ ამ პროცესების შემდეგ ხდება ნამდვილი მშვიდობის დამყარება.“

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, დღეს მშვიდობის დღესთან დაკავშირებით აქციაც გაიმართა - ვერის პარკში ”მშვიდობის სანთლები” აანთეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG