Accessibility links

გორის რაიონში ომისგან დაზიანებული კიდევ ერთი სკოლა გაიხსნა


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სოფელ ძევერის საჯარო სკოლა გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სოფელ ძევერის საჯარო სკოლა გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა სოფელ ძევერის საჯარო სკოლა გახსნეს. ეს სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა. იმ დროს სოფელი რუსული ავიაციის მიერ იბომბებოდა. ძევერელებს დღემდე ახსოვთ როგორ ჩამოაგდეს ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენი ქართველმა ჯარისკაცებმა, მოგვიანებით კი იქ მაროდიორები შევიდნენ და სახლების გარდა სკოლის შენობაც გაქურდეს.

ორი წლის განმავლობაში ძევერელი მოსწავლეები და პედაგოგები სკოლაში მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ. შენობის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებით, USAID-მა სკოლების რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა. ეს პროექტი ნაწილობრივ ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარით დაფინანსდა. ამ თანხით გორისა და ქარელის რაიონში 16 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამერიკის ელჩის ჯონ ბასის თქმით, მომავალი წლიდან, მორიგი 9 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში 48 საჯარო სკოლა შეკეთდება.

ძევერელები სტუმრებს მომზადებულები დახვდნენ. სკოლის ეზოში შემოდგომის კუთხე მოაწყვეს და მათ საუკეთესო ხილის დაგემოვნებას სთავაზობდნენ. ცეცხლზე თათარა თუხთუხებდა. პირველი ჩურჩხელის ამოვლების უფლება კი ჯონ ბასს მისცეს.

სკოლის დირექტორის დიანა ბალამწარაშვილის თქმით, დღევანდელი დღე, სკოლის ახალი დაბადება, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის დაუვიწყარი იქნება.

სოფელი ძევერა ცხინვალის სამხრეთით 10 კილომეტრში მდებარეობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი განათლებაა და საზღვრისპირა სოფლების არც ერთი სკოლა ყურადღების გარეშე არ დარჩება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი გორში გუბერნატორთან ერთსაათიანი შეხვედრით გაგრძელდა. ჯონ ბასს შიდა ქართლში გადაუჭრელი პრობლემები აინტერესებდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა რეგიონს საირიგაციო არხების პრობლემების გადაწყვეტასა და ხილის გადამამუშავებელი ქარხნების მოწყობაში დაეხმარება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG