Accessibility links

logo-print
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „7 ნოემბერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სახელზე დაწერა წერილი, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული და მიუსაფარი ადამიანების უფლებების დაცვას, მათთვის სპეციალური პროგრამების შემუშავებას მოითხოვს, რათა მათი სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულ ადამიანებს - განსაკუთრებით მარტოხელა მოხუცებს -საქართველოში; გარდა უფასო სასადილოებისა, რას სთავაზობს მათ ხელისუფლება და რას აკეთებს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არასამთავრობო სექტორი.

74 წლის ცისანა ურუშაძის პენსია 90 ლარია. მოხუცი ქობულეთში სრულიად მარტო ცხოვრობს. მისი შვილი წლებია უცხოეთშია გადახვეწილი. ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ასეთი სიბერე ექნებოდა: „ასეთ დროს ნამდვილად არ მოველოდი... ისეთი მოწინავე ვიყავი ყველაფერში, ენერგიული... ახლა პენსია 90 ლარია, მარტო გადასახადებს ჰყოფნის. ჩემი შვილი რომ არ მიგზავნიდეს ცოტას, შიმშილით მოვკვდებოდი...”

ჩვენ ვკითხეთ, რასთან ასოცირდება მისთვის ღირსეული სიბერე. პასუხად ცისანა ურუშაძემ იტირა. ღირსეული სიბერე კი არის ”ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის” მთავარი სლოგანი. ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ორგანიზაციებიდან, რომლებიც კონკრეტულად ხანდაზმულთა უფლებებს იცავენ. მისი დირექტორი - ნანა კალანდაძე - ამბობს, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა:

”ისინი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ სიბერეს. მათი პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად დაბალია. მოხუცები ოჯახებისათვის ზედმეტ ბარგს წარმოადგენენ. ხშირია ასაკობრივი დისკრიმინაციის ფაქტები. მათ ასაკის გამო სამსახურიდან უშვებენ საპენსიო ასაკამდეც კი. მაგალითად, ერთი ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ადრე მეცნიერ-მუშაკი იყო, ახლა ქობულეთის ქუჩებს გვის...”

ხელგაწვდილ, დაუცველ მოხუცებს მრავლად შეხვდებით თბილისის ქუჩებში. ახალგაზრდულმა მოძრაობამ „7 ნოემბერი“ ზოგიერთი მათგანი ფირზე აღბეჭდა და ამ ფოტომასალით პარლამენტის თავმჯდომარეს მიადგა: ”აი, უნივერსიტეტის ლექტორი იყო ეს ადამიანი, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე წევს და თავზე მუყაოს ყუთი აფარია, ახლა 70 წლისაა. ნახეთ, რა მდგომარეობაშია”, - ამბობს მოძრაობის აქტივისტი ირაკლი ბერაია და ხელისუფლებისგან ითხოვს შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, ასეთი ადამიანები აღრიცხონ და მინიმალური დახმარება მაინც გაუწიონ.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, არსებობს თუ არა ცალკე კანონმდებლობა, რომელიც ხანდაზმულთა უფლებებს განსაზღვრავს.

მოხუცთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ”თაობის“ დირექტორი უჩა ვახანია ამბობს, ცალკე ასეთი კანონი საქართველოს არა აქვსო.

ვახანია იმასაც ამბობს, რომ ხანდაზმულთა მდგომარეობა საქართველოში მძიმეა, მაგრამ მის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები მაინც იდგმება. მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებს შორისაა ე.წ. დღის ცენტრების პროგრამა.

2010 წლიდან ეს პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ხანდაზმული ადამიანი იღებს ვაუჩერს 6-დან 10 ლარამდე და ამ ვაუჩერით თბილისში არსებული 21 დღის ცენტრიდან რომელიმეს აკითხავს. მომსახურებაში, კვების გარდა, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც შედის.

თბილისში ამ ცენტრების დახმარებას 462 ადამიანი იღებს, თუმცა ეს პროგრამაც ჩიხში შედის, რადგან გამოყოფილი ყოველდღიური ათი ლარი, ინფლაციის ფონზე, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას აღარ ჰყოფნის.

გამოსავლად ვახანია ამ პროცესში, უცხოური დონორი ორგანიზაციების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვასაც მოიაზრებს. თავად „თაობის“ ძირითადი საქმიანობა ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაა, უფრო - ბინაზე მათი მოვლა. ამ მიმართულებით მათ შექმნეს შინ მოვლის კოალიცია, რომელიც საქმიანობას იმ შემთხვევაში განაგრძობს, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ექნება.

მოხუცებს დროგამოშვებით კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ეხმარება, მაგალითად, ”წითელი ჯვარი“, მაგრამ ეს დახმარება მშვიდი სიბერისთვის საკმარისი არ არის.

„თაობის“ ხელმძღვანელმა ასევე გვითხრა, რომ მსოფლიოში შეიმჩნევა დაბერების დემოგრაფიული ტენდენცია. მაგალითად, გერმანიაში ხანდაზმული მოსახლეობის წილი 22-24 %-ს შეადგენს. 2030 წლისთვის იქ ხანდაზმული ყოველი მესამე ადამიანი იქნება. საქართველოს მაგალითზე, სხვადასხვა შეფასებებით, ხანდაზმულები საერთო მოსახლეობის 18-20%-ია, ხოლო დაბერების ტენდენცია ზუსტად ისეთივეა, როგორიც წამყვან ევროპულ ქვეყნებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG