Accessibility links

logo-print
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ინიციატივით გამოდის, რომ გაიხსნას ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეთა შემოსავლების შესახებ. ეს მიმართვა ეფ ეს ბესაც შეეხო და ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი სისტემა, რომელიც რუსი გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება, საკუთარი შემოსავლის წყაროებს აქვეყნებს. „ნოვაია გაზეტა“, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინდივიდუალურ გამოძიებას ატარებს. სტატიაში, რომელიც 20 სექტემბერს ქვეყნდება, გაზეთი აცხადებს, რომ აგრძელებს ეფ ეს ბეს მთელი სისტემის კვლევას. სტატია ჰყვება, თუ რა მოსდის ეფ ეს ბეს თანამშრომელთა შემოსავალს, აქვეყნებს კონკრეტულ გვარებს, ოჯახის წევრებს და მათ წინსვლას ეკონომიკური და კარიერული მიმართულებებით. მაგალითად, თანამშრომლები, რომელთაც წლების წინ მხოლოდ ძველი ჟიგული ან ვოლგა ჰყავდათ, დღეს 100 ათას დოლარზე ძვირი მანქანებით დადიან, აქვთ აგარაკები და რამდენიმე სახლი ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში.
მედვედევის თანამედროვე ინიციატივებზე გაზეთები ბევრს წერენ, ვარაუდობენ, რომ მას ქვეყნის მოდერნიზაცია და, ზოგადად, სისტემის გახსნა სურს. საკითხს „ვედომოსტიში“ ვლადისლავ ინოზემცევი ეხმაურება, რომლის ვარაუდითაც, კურსი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ადგას, სწორია. საუბარია კურსზე, რომელიც ეკონომიკის მოდერნიზების მიმართულებით და არა დემოკრატიზაციის მიმართულებით მიდის. მისი თქმით, ეკონომიკის წინსვლა გამოიწვევს თავისთავად დემოკრატიზაციის პროცესსაც:

”ამ პირობებში ოპტიმალური იქნებოდა ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, რომელსაც შეუძლია ერთბაშად რამდენიმე პრობლემის გადაჭრა: ბიზნესის არაეფექტურობის გადალახვა, მოქალაქეთა ნდობის ამაღლება პოლიტიკოსთა მიმართ და, საბოლოოდ, ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება.”

„ლუჟკოვის ბუმერანგი“- სტატია „ვედომოსტიში“. უფრო სწორად, მაქსიმ კვაშას ბლოგი, რომელსაც „ვედომისტი“ აქვეყნებს. მოკლედ, ამბავი ლუჟკოვის მოსკოვის მერობის პერიოდის შესაძლო დასრულებაზე და იმ აჟიოტაჟსა და სიხარულზეა, რომელიც ამ ამბავს გამოუწვევია. კვაშას მიაჩნია, რომ სიხარული ყალბია, რადგან პრობლემა მხოლოდ ლუჟკოვში არაა. მისი აზრით, მოსკოვში რუსეთის კაპიტალის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი და მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამ კაპიტალის სამსახურში დგას. ეს უზარმაზარ ქსელს ქმნის, რომელშიც მოქალაქეთა დიდი ნაწილია ჩართულიო - ასე რომ, ლუჟკოვის შეცვლით სისტემა მარტივად ვერ შეიცვლებაო, წერს ავტორი. კვაშა ასევე აკვირდება მასკომუნიკაციის არხებს, კონტროლირებად მედიას, რომელიც მანამდე ლუჟკოვის ქებას ეწეოდა და ბოლო პერიოდში მისი დისკრედიტირება სცადა უნიჭოდო, აღნიშნავს ავტორი. ალბათ, უნიჭოდ იმიტომ, რომ, კვაშას აზრით, ეს მასკომუნიკაციის არხები მხოლოდ დაკვეთას ასრულებენ ფედერალური მთავრობისა, რომელსაც აღარ მოსწონს მოსკოვის მოწყობა და მიზეზს ლუჟკოვში ხედავს. აი, თქვენ სად იყავითო? - ეკითხება კვაშა მოსკოველებს, - უკანასკნელი თითქმის ოცი წლის განმავლობაშიო? კვაშას აზრით, რეალური ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ პროცესები

”ღია, გულწრფელი, პროფესიული და მიუკერძოებელი გარჩევით წარიმართება და ასეთი გზით კითხვები დაესმება იური ლუჟკოვის მთელ მმართველობას და ასევე აიხსნება, თუ რატომ არ გაკეთდა ეს ამდენ ხანს.”

დაბოლოს, „იზვესტია“ მწერალ ალექსეი ვარლამოვის სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „სოლჟენიცინის სიტყვა“. საქმე ეხება 1990 წელს რამდენიმე გაზეთში დაბეჭდილ რუსი დისიდენტის ალექსანდრ სოლჟენიცინის სიტყვას „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“, სადაც სოლჟენიცინი ვარაუდობდა, სისტემა, მართალია, მთავრდება, მაგრამ მისი კარკასი ჯერ კიდევ დგას და, ჩამონგრევის შემთხვევაში, მის ქვეშ მყოფთ საფრთხეს უქმნისო. ეს კარკასი, ვარლამოვის აზრით, ჯერ კიდევ საფრთხეს ქმნის, რადგან ბოლომდე არ ჩამონგრეულა. ბევრ სხვა თემას შორის სტატიის ავტორი გამოარჩევს პარტიული მოწყობის მანკიერებას, რომელსაც სოლჟენიცინი საკუთარ სტატიაში შეხებია 90-იან წლებში. პარტიები, სოლჟენიცინის აზრით, ყოფილან საზოგადოებისგან მოწყვეტილი ელემენტები, რადგან, თუკი ისინი ხალხის ნაწილნი არიან, ვის უპირისპირდებიანო? - უკითხავს სოლჟენიცინს. ალბათ, იგულისხმებოდა პოსტსაბჭოთა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებები, რაც, ვარლამოვის აზრით, დღემდე გრძელდება. პასუხი საკუთარ შეკითხვაზე სოლჟენიცინს თავადვე გაუცია: ისინი უპირისპირდებიან ხალხსო, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ პარტიებს არ მიჰყვებაო.
XS
SM
MD
LG