Accessibility links

logo-print

კრემლი და დედაქალაქის მერთან „მოსკოვისთვის ბრძოლა“


მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე ელენე ბატურინა

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე ელენე ბატურინა

ბოლო წლების პირველ ნამდვილ პოლიტიკურ დრამად გადაიქცა მოსკოვის მერის, ლუჟკოვის გარშემო შექმნილი ვითარება, როცა აშკარა გახდა, რომ კრემლს მისი შეცვლა სურს. მაგრამ ლუჟკოვიც არაა ჯაბანი და არ აპირებს უბრძოლველად დათმოს დედაქალაქი. დაპირისპირება, რომელიც, ჩანს, კარგა ხანია არსებობდა, მედიის გზით ამოიფრქვა. ეს დაიწყო გასულ ზაფხულს, როცა ტყის ხანძრის შედეგად მოსკოვში შექმნილი მდგომარეობის გამო მის მიმართ კრიტიკამ აიძულა მერი ავსტრიაში შვებულება შეეწყვიტა და კვამლში გახვეულ ქალაქში დაბრუნებულიყო. გასულ პარასკევს სახელმწიფო ტელეარხმა „ენ-ტი-ვიმ“ იმ დროს, როცა მაყურებელთა უმეტესობა უცქერის ტელევიზორს, ლუჟკოვის საწინააღმდეგო სიუჟეტი გადასცა. ამ გადაცემაში დაისვა შეკითხვები, რომელთა ავტორებსაც, სრულიად აშკარაა, თავადვე აქვთ პასუხები: რატომ ხარჯავს მეტ თანხებს ფუტკრების უსაფრთხოებისთვის და ნაკლებს მოსახლეობისთვის, როცა მას აუტანელი სიცხისგან საფრთხე ემუქრება? როგორ მოახერხა მისმა ცოლმა, სამშენებლო მაგნატმა, გამხდარიყო მილიარდერი, რუსეთის უმდიდრესი ქალი? სხვა მედიასაშუალებებმა დაიწყეს ლუჟკოვის კრიტიკა მოსკოვის ავტომანქანების ლეგენდარული საცობებისა და ხერგილების, ასევე ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის მიზნით, ისტორიული შენობების დანგრევის გამო. სხვა პოლიტიკოსი რუსეთში ასეთ შეტევებს, ალბათ, ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ 74 წლის ლუჟკოვი არ შედრკა და ბრალდებებს „ბინძური“ უწოდა, თანაც თქვა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, სანამ მომავალ წელს ვადა არ ამოეწურება:

„რუსეთში თავის გამართლება არ არის ის მეთოდი, რომლითაც თავს დაიცავ, რადგან თუ კაცი თავს იმართლებს, ხალხს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის რაღაცაში მაინც არის დამნაშავე.“

ქალაქის საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მერს, რაც კრემლის მიმართ სუბორდინაციის უჩვეულო დარღვევად გამოჩნდა, ეს კი მოჰყვა პრეზიდენტ მედვედევის შეტევას ლუჟკოვზე იმის გამო, რომ მერმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო მოსკოვის მახლობლად, ტყის გავლით, გზის მშენებლობა, უარყო. მედვედევის თქმით, ოფიციალურმა პირებმა ან ინსტიტუციების შექმნაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, ან ოპოზიციას შეუერთდნენ. პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა დაადანაშაულა ლუჟკოვი, რეალობის გრძნობა დაკარგაო. ახლა ძალიან ცოტა თუ მოელის, რომ ლუჟკოვი გადარჩება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენ ხანს დარჩება ის თანამდებობაზე და ვინ შეცვლის მას. ლუჟკოვი არაორდინარული პოლიტიკოსია, რომელსაც არაერთხელ ჰქონია მთავრობასთან დაპირისპირება. პუტინისთვის მხარდაჭერამ თავის დროზე, როცა მოსკოველების ხმების უზრუნველყოფით მაშინდელ პრემიერს და მის პარტიას, „ედინაია როსიას“, გაამარჯვებინა, ლუჟკოვმა მოსკოვის მერის სავარძელი გაინაღდა, თუმცა შემდგომი ათი წელიწადი რთული თანაარსებობის პერიოდი იყო. კრემლისგან ლუჟკოვი - ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად - დამოუკიდებლად მოქმედებდა. იყო ეტაპები, როცა ის კრემლთან უთანხმოებაში იყო, მაგრამ პუტინს ხმები სჭირდებოდა და ლუჟკოვი ამას უზრუნველყოფდა. მოსკოვის ყოფილი მერი, გავრილ პოპოვი, თვლის, რომ კრემლს ახლა იერიში მიაქვს ლუჟკოვზე, რადგან სასოწარკვეთილია და რუსეთის მოქალაქეთა ყურადღების გადატანა სურს თავისი უუნარობიდან, რომელიც ბოლო ხანების კატასტროფების შედეგად გამოჩნდა:

„ეს გავრცელებული მეთოდი იყო საბჭოთა სისტემაში, როგორც ვიცით: გამოვლენა ხალხის მტრებისა, რომლებიც დამნაშავენი უნდა ყოფილიყვნენ ყველა იმ უბედურებაში, ხალხს რომ თავს დაატყდა.“

პოპოვი თვლის, რომ მცდელობა, აიძულონ ლუჟკოვი გადადგეს, ვერ იქნება წარმატებული. მერი კონტრშეტევის ხელოვნების ოსტატია. ეს ცნობილია, მაგრამ ბევრს შეკითხვა უჩნდება, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი მედვედევი თავის უფლებას და რატომ არ დაითხოვს მას. პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელიც, ბევრი რუსის წარმოდგენით, მართავს რუსეთს, ახლანდელ დაპირისპირებაში ჯერ არ ჩარეულა. ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელმაც საჯაროდ დაადანაშაულა ლუჟკოვი ფართო კორუფციაში, ფიქრობს, რომ ლუჟკოვის საპირისპირო კამპანიას განაგებს პრეზიდენტი, რომელიც გაუნაწყენდა ლუჟკოვს:

„მედვედევი განაწყენებულია და პრეზიდენტისთვის შეუფერებლად იქცევა - იქცევა ბიჭუნასავით, რომელიც ქვიშაში თამაშისას გააბრაზეს და ახლა ყველას ქვიშას აყრის თვალებში. ის სულელურად, მოყვარულივით იქცევა, ხოლო ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, უხამსადაც კი. იმის ნაცვლად, რომ ლუჟკოვის კორუფციული ქმედებების გარშემო გამოძიება დაიწყონ და ის ხელისუფლებას ჩამოაშორონ, რასაც განკარგულების ხელმოწერაც ეყოფოდა, მედვედევი საინფორმაციო ომს მიმართავს.“

სხვების აზრით, პუტინი და მედვედევი ერთად მოქმედებენ. პოლიტიკური მიმომხილველი კირილ როგოვი ამბობს, რომ ლუჟკოვი უკანასკნელი წარმომადგენელია ელცინის პერიოდის რეგიონალური ლიდერებისა. კრემლს სურს მისი თავიდან მოშორება, რათა მოახერხოს ძალთა კონსოლიდირება 2012 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ:

„ლუჟკოვის გამო საქმე რთულდება იმიტომ, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან გადაწყვიტა, არ დაპირისპირებოდა პუტინს, რისთვისაც პუტინი მასთან ვალშია, თითქოს გარანტიები მისცა მას. ამიტომ პუტინი მას ვერ დაესხმება თავს, მედვედევს კი ეს შეუძლია. მაგრამ ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ტაქტიკური განსხვავებების მაჩვენებელი.“

მაგრამ როგოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ ლუჟკოვი შეძლებს კონტრშეტევისას ერთმანეთს დაუპირისპიროს კრემლში გავლენის მქონე სხვადასხვა ჯგუფები:

„კონფლიქტის მთავარი სიმძაფრე იმაშია, თუ ვინ შეცვლის ლუჟკოვს. ერთი ჯგუფი ესწრაფის მის ადგილას რაც შეიძლება მალე დასვას თავისი კაცი, სხვებს კი არ სურთ გააძლიერონ ეს ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოსკოვის მერის თანამდებობაზე თავისი წარმომადგენელი დასვას, რადგან ის, გარდა იმისა, რომ ქალაქ მოსკოვის მეთაურია, ამავე დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაც არის.“

რუსეთის მედია შესაძლებელ მემკვიდრეებს ასახელებს. პირველ რიგში, ესენი არიან პრემიერის მოადგილეები, სერგეი სობიანინი და სერგეი ივანოვი. მაგრამ როგორია ვითარება კრემლის შიგნით, ძნელი განსაჭვრეტია ექსპერტებისთვის, რომელთაც მხოლოდ მათი მანევრებისათვის თვალყურის დევნება ძალუძთ, რადგან ეს უწყება ძალიან ფარულად მოქმედებს. ერთი კი ცხადია: მედიითა და ტელევიზიით გამოთქმული კრიტიკა ადასტურებს, რომ ლუჟკოვი ხელისუფლებაში დიდხანს ვერ გაძლებს. ზუსტად იმის თქმა, თუ როგორ ჩაივლის დაპირისპირება, ძნელია. კრემლის სისუსტის დემონსტრირება იქნება, თუკი ლუჟკოვი მალე არ დაითხოვეს. მაგრამ თუკი ეს მოხდა, ამას, ალბათ, მოჰყვება განხეთქილება მმართველ ელიტაში. როგოვისვე თანახმად, მედიაში ღია დაპირისპირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საბოლოო სტრატეგია შემუშავებულია.
XS
SM
MD
LG