Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა ლიდერთა სამიტისათვის ემზადება


ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის (მარცხნივ) და მისი ვაჟის და ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ირის პორტრეტები

ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის (მარცხნივ) და მისი ვაჟის და ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ირის პორტრეტები

ჩრდილოეთი კორეა აპირებს ყველა თაობის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობა ჩაატაროს. პარალელურად ვრცელდება ვარაუდები, რომ სახელმწიფოს მეთაური კიმ ჩენ ირი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარ მემკვიდრედ დაასახელოს უმცროსი შვილი, რომელიც კიმების დინასტიის მესამე თაობის წარმომადგენელი გახდება.

ჩრდილოეთ კორეის მმართველი კომუნისტური პარტია 28 სექტემბერს პარტიის მმართველ საბჭოს აირჩევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსალოდნელია, რომ პარტიულ კონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა საკუთარი უმცროსი შვილი, კიმ ჩენ უნი, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე დააწინაუროს, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს ძვირფასი ლიდერის მიერ საკუთარი მემკვიდრის დასახელებასო,- აცხადებს კორეის საქმეთა ბრიტანელი ექსპერტი ეიდან ფოსტერ-კარტერი:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არ არის მთელი პარტიის კონგრესი, რომლის მსგავსიც ჩრდილოეთ კორეაში 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, მაგრამ აქტივისტების ეს შეხვედრა წინ უსწრებს მთელი პარტიის კონგრესს, რომელიც ბოლოს 1966 წელს ჩატარდა. იმიტომაც არის იგი გამორჩეული და ამაღელვებელი, რომ - როგორც მათ მიერ ჩატარებული ბოლო მსგავსი თავყრილობა - ესეც უშუალოდ მემკვიდრის დასახელებას მიეძღვნება.“

ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც მართვის სადავეები მემკვიდრეობით მამის, კომუნისტური კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენისაგან ჩაიბარა. ეს მოხდა 1980 წელს გამართულ ბოლო ყრილობაზე. ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა, 68 წლის კიმ ჩენ ირმა, 2008 წელს ინსულტი გადაიტანა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ შეირყა.

მითქმა-მოთქმამ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის ახალი მემკვიდრის თაობაზე გასულ წელს იჩინა თავი და კიდევ უფრო გაძლიერდა გასულ თვეში, როდესაც პეკინში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჩინეთის ლიდერებს კიმ ჩენ უნი გააცნო, როგორც სავარაუდო მემკვიდრე. თუმცა, როგორც ფოსტერ-კარტერი აღნიშნავს, შვეიცარიაში განათლებამიღებული კიმ ჩენ უნის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი:

„იგი დაახლოებით 27 წლისაა, უყვარს კალათბურთი, ძალიან წყნარია, თუმცა, გავრცელებული ჭორების თანახმად, - არ ვიცი, როგორ ვთქვა, - ჯიუტი და თავკერძაა. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს შეშფოთების საგანი მთელ მსოფლიოში, რადგან, კორეული სტანდარტების თანახმადაც კი, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მის შესახებ და, ცხადია, ეს, პირველ ყოვლისა, არის პრობლემა ჩრდილოეთ კორეის საშინაო პოლიტიკისა. საინტერესოა ვიცოდეთ, სურთ თუ არა ჩრდილოეთ კორეის ელიტასა და გავლენიან გენერლებს, საკუთარი მომავალი ასეთ გამოუცდელ ახალგაზრდა კაცს ანდონ.“

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, უმცროსი კიმის პოპულარიზაციისათვის ფხენიანი პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს - მას ეძღვნება სიმღერები და ლექსები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ უნს დაბადების დღეს,მიმდინარე წლის იანვარში, ერთგულება უკვე შეჰფიცეს ჩრდილოკორეელმა სამხედროებმა და მშრომელებმა.
XS
SM
MD
LG