Accessibility links

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი ბუნდოვანია


ახალციხე

ახალციხე

საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის როლი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან იურისტი კახა მაღრაძე საუბრობს. მისი აზრით, პროექტიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური ძირითადად საგარეო ურთიერთობების დარგში, პრემიერ-მინისტრი კი იქნება იმ პარტიის ლიდერი, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს და, ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი ცვლილება, - განმარტავს კახა მაღრაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ბევრს მსჯელობენ იურისტები, ექსპერტები, კანონმდებლები, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მისი შინაარსი ბუნდოვანი ან სულაც უცნობი რჩება. სამცხე-ჯავახეთში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძირითადად სასამართლოსა და პატრულის საქმიანობას შეეხება. რიგითი მოქალაქეები იმასაც ფიქრობენ, რომ, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუცია იწერება:

,,ახალ კონსტიტუციას წერენ. კონკრეტულად რაზეა საუბარი, არ ვიცი...”
,,ვიცი, რომ ნაფიცი მსაჯულებისა და პატრულის ფუნქციებზეა საუბარი, სხვა დეტალები არ ვიცი...”

პარლამენტის როლის გაძლიერებაზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც საუბრობენ. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი კობა გურგენიძე განმარტავს, რომ საჯარო განხილვების პირველი ეტაპი დასრულდა, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი კი ფართო საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი:

,,ცვლილების მიხედვით, იზრდება პრემიერ-მინისტრის ფუნქციები, თუმცა, ამავე დროს, ძლიერდება პარლამენტის უფლებამოსილება. პირველი ეტაპი საჯარო განხილვებისა დასრულდა, საბოლოო რედაქცია ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.”

დღევანდელი მმართველობის სტილმა ვერ გაამართლა, რადგან სახელმწიფოს მეთაურიც და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტია - ეს კი შეუძლებელია, რადგან ერთი ადამიანი ასეთი პასუხისმგებლობის აღებას ვერ შეძლებს, - აცხადებს იურისტი და მიაჩნია, რომ ფუნქციები პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის აუცილებლად უნდა გადანაწილდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ფუნქციების გაზრდას საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, კახა მაღრაძე ფიქრობს, რომ იმავე ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი, გაზრდილი ფუნქციებით, შეძლებს პრემიერ-მინისტრის გაკონტროლებას.
XS
SM
MD
LG