Accessibility links

პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება


პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენცია დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" მოძრაობა "თეთრების" მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზატორებმა კონფერენციაზე პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები მიიწვიეს. "მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა, შევიკრიბოთ და ერთად დავიწყოთ ის, რისი დაწყების აუცილებლობაზე ცალ-ცალკე ყველანი ვსაუბრობთ", - აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.
კონფერენციის მუშაობას წარუძღვება სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე. სარედაქციო საბჭოში შედიან მინდია უგრეხელიძე, "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი სოსო ცისკარიშვილი, "ქართული აკადემიის" ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის წარმომადგენელი იური ვაზაგაშვილი და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. საორგანიზაციო ჯგუფი კონფერენციის მონაწილეებს განსახილველად წარუდგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა რეფერენდუმის გზით უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG