Accessibility links

ორი წელია ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პრობლემები ვერ გვარდება. აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად სოფლები ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი, ერგნეთი და მეღვრეკისი დაზარალდნენ. ამ სოფლებს ორი წელია სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ, მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურებულია და ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იმყოფება. სოფლების მორწყვა ომამდე სალთვისისა და ტირიფონის სარწყავი სისტემებით ხორციელდებოდა, მაგრამ ომის შემდეგ სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და კოკოითის ხელისუფლებამ წყალი გადაკეტა. წყლის სანაცვლოდ კოკოითი ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებას არ თანხმდება, რადგან გაზს რუსულ სამხედრო ბაზებზეც გამოიყენებენ.

სარწყავი წყლის პრობლემის გადასაჭრელად სოფელ ნიქოზში მდინარე ლიახვზე წყალსაცავი აიგო, მაგრამ ნიქოზის კაშხალი ყველა სოფელს მაინც ვერ ამარაგებს. საჭიროა დამატებითი წყალსაქაჩების მოწყობა, მაგრამ ამის გაკეთებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება.

კონფლიქტის ზონის სოფლების მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ომის შემდეგ მიწის გარეშე დარჩა. ნიქოზისა და ხვითის მიწების დიდი ნაწილი ამჟამად რუსული საგუშაგოების სიახლოვეს მდებარეობს და მოსახლეობა იქ შესვლას ვერ ახერხებს. ამ სოფლების, დაახლოებით, 300 ჰექტარი მიწა ოკუპირებულია. მოსახლეობამ დაკარგული მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ზაფხულის განმავლობაში ხვითში, ნიქოზში და ერგნეთში როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჩადიოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ისმენდნენ და დაპირებებს უხვად არიგებდნენ, მაგრამ რეალურად საქმე წინ არ წასულა. ცოტა ხნის წინ ნიქოზში ჩასული პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას გამოიყენებს.

ნიქოზსა და ხვითში ვიზიტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მოუხშირეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. უკმაყოფილო ხალხთან კი თითქმის ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩავიდა და მოსახლეობას აუწყა, რომ პრობლემის მოგვარება ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში შეუძლებელია. ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე მოსახლეობასთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ გამოსავალი მხოლოდ არსებული ხელისუფლების ცვლილებაშია.

ნიქოზელები, ხვითელები, ერგნეთელები და მეღვრეკისელები ყველა ჩასულ სტუმარს უსმენენ და მხოლოდ ერთს მოითხოვენ - გაუმჯობესდეს მათი ყოფითი პირობები და სოციალური მდგომარეობა. მასპინძლები არც მალავენ, რომ პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ, რადგან პირველ რიგში საკუთარი თავი აქვთ გადასარჩენი.
XS
SM
MD
LG