Accessibility links

logo-print
ვართ თუ არა მზად იმ საკონსტიტუციო მოდელისთვის, რომლის მიღებაზეც საუბარი გრძელდება, და თუ არ ვართ, რატომ ვიღებთ? ეს შეკითხვაა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფონად გაჰყვებოდა დღევანდელ საჯარო განხილვას. შეკითხვა, თავისი ვრცელი მოხსენებისა და შენიშვნების შემდეგ, ლოგიკურად დასვა ახალგაზრდა სამართლის დოქტორმა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრა, სადაც ირაკლი კობახიძის ვრცელი მოხსენება მოისმინეს, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ მოაწყო და მასში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტარები ჩართო.

შეხვედრის დეტალებით არ შეგაწყენთ. მინდა ცოტა მეტი დრო დავუთმო ირაკლი კობახიძეს - ახალგაზრდა სამართლის დოქტორს, რომელიც შეხვედრის პირველ ნაწილში ჩუმად ზის. პირველი ნაწილი კი, ძირითადად, ძველ და კარგად ნაცნობ თემაზე საუბრით და პასუხის პასუხის პასუხების ფორმატით წარიმართა. მოკლედ, რატომ ჩქარობთ, რატომ შეარჩიეთ აგვისტო, მაშინ როცა ყველა გასულია? რატომ ჰგავს თქვენი საკონსტიტუციო განხილვები კოლმეურნეობის სხდომებს, სადაც, დისკუსიის გამართვისა და იდეების შეგროვების მაგივრად, მსმენელებს ვიწრო წრეში მომზადებულ პროექტს აცნობთ? რატომ გადაიცემა ინფორმაცია მეორე არხით, რომელსაც ვერ იჭერენ რეგიონებში, თბილისი კი აგვისტოში ცარიელია? მოკლედ, საზოგადოება პროექტში ჩართული არ ყოფილა და ამიტომ გადავდოთ განხილვა 2011 წლამდე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ამბობს:

„მინდა, რომ ეს საშუალება გამოვიყენო - მით უმეტეს, პარლამენტის რამდენიმე წევრი ესწრება - და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ პროექტის განხილვა გადაიდოს და საზოგადოებას რეალურად მიეცეს საშუალება, ხელისუფლების მოსაზრებებთან ერთად, მოისმინოს ალტერნატიული მოსაზრებები, მათ შორის, ტელევიზიის მეშვეობით.“

პასუხიც ასევე კარგად ნაცნობია: ათვლის წერტილი არის არა ერთი თვე, არამედ მანამდე ჩატარებული წელიწადნახევრიანი სამუშაო. ყველას ჰქონდა შანსი და თუ ვინმემ არ გამოიყენა, ეს მათი ბრალია. კიდევ ერთი:

„რეალური სურათი იყო ის, რომ იმდენად მრავალფეროვანი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და იმდენად მაღალი კვორუმი სჭირდებოდა გადაწყვეტილებების მიღებას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდებოდა. ორი მესამედის შეგროვება ვერ ხერხდებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ბრალი არ არის. როცა მრავალფეროვანია, ვერავის ვერ დააძალებ, რომ შენ აუცილებლად ჩემს აზრს მოემხარი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ხომ ერთი ორგანიზაცია არ იყო, ეს ხომ თანამოაზრეთა გუნდი არ იყო.“

მივადექით შეხვედრის უფრო საინტერესო მეორე ნაწილს, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსს ეხება და რომელმაც, უმრავლეს შემთხვევაში, განახევრებულ დარბაზში და გასვლა-შემოსვლის რეჟიმში ჩაიარა. მომხსენებელი, როგორც თავში აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძეა, რომელიც ნახევარ საათზე მეტ ხანს სკრუპულოზურად ხსნიდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა. მან მოიყვანა საკუთარი დაკვირვებებიც სხვა ქვეყნების კონსტიტუციებიდან. გავჩერდეთ მთავარზე - მთავარზე, რომელიც მანამდე ვენეციის კომისიამაც აღნიშნა და რომლის მიხედვითაც პარლამენტი სუსტდება იმით, რომ მას პრემიერის გადაყენების პროცედურა ურთულდება. პირველი, ვადები გაწელილია.

„პირველ ეტაპზე უნდობლობის საკითხის გამოცხადება საჭიროებს მინიმუმ ორ თვეს, რაც მთავრობას, პრემიერ-მინისტრს აძლევს ვაჭრობის, მერკანტილურ გარიგებებზე წასვლის საშუალებას - ესეც ხაზგასმით არის აღნიშნული, პირველი, ვენეციის კომისიის დასკვნებში და, მეორე, პროფესორ ბაბეკის მიერ მომზადებულ კრიტიკულ შენიშვნებში. საკონსტიტუციო გუნდის მთავარი მიზანი უნდა იყოს ასეთი გარიგებების თავიდან აცილება და არა მისი წახალისება.“

ამის არიდების გზები, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა დემოკრატიულ საპარლამენტო მოდელში კონკრეტულადაა გაწერილი და საშუალოდ არა ორთვიან, არამედ ხუთდღიან ვადას გულისხმობს. ანუ თუ პარლამენტი იღებს პრემიერის გადაყენების გადაწყვეტილებას, მას ამის განხორციელება ხუთ დღეში უნდა შეეძლოს, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩარევა ვახსენეთ და ამ პრობლემის მეორე ნაწილს მივადექით. ახალი ჩასწორებებით, ამ პროცესში პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქვს, ანუ პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი საკუთარ გადაწყვეტილებაში შეაჩეროს, ამ ბარიერის გადასალახავად კი პარლამენტს ძალიან მაღალი კვორუმი სჭირდება.

„რომ გაგაცნოთ ძალიან მოკლედ საერთაშორისო პრაქტიკა, იქ ნახავთ, რომ მაქსიმუმი ეს არის ერთი მეოთხედი, რომელიც არის დაწესებული უნდობლობის პროცედურის აღძვრისათვის.“

მეოთხედი, ე.ი. 25 პროცენტი. ქართული ჩასწორებებით კი, იმავე მიზნის მისაღწევად პარლამენტართა 60 პროცენტი იქნება საჭირო. ამას ემატება ცალკე კენჭისყრის აუცილებლობა უნდობლობის საკითხის აღსაძვრელად. მოკლედ, ყველა ამ ბარიერით პარლამენტისთვის პრემიერის კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება და ეს ვენეციის კომისიამაც აღნიშნა. თუმცა აქ უკვე სხვა კითხვა ისმება. უფრო სწორად, კითხვას ლოგიკურად თავად მომხსენებელი, ირაკლი კობახიძე, სვამს. თუ პარლამენტის გაძლიერების ერთადერთი სერიოზული ნიშანი, ახალი ჩასწორებებით, მის მიერ ყველაზე ძლიერი ფიგურის, პრემიერის, მართვაა და თუ პარლამენტს ეს რეალურად არ შეუძლია, მაშინ რატომღა ვამბობთ, რომ პარლამენტის გაძლიერებისკენ მივდივართ?

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვესმის არგუმენტები კანონპროექტის ავტორთა მხრიდან - კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში პარტიული სისტემა არ არის განვითარებული, რაც ქმნის პარლამენტში ძალთა გადაადგილების ერთგვარ საშიშროებას, და ეს არგუმენტი მისაღები და გასათვალისწინებელია. თუმცა ჩნდება ლოგიკურად კითხვა, რატომ ანიჭებენ ეს ადამიანები უპირატესობას საპარლამენტო მოდელს და არა რომელიმე სხვა კლასიკურ მოდელს - იქნება ეს საპრეზიდენტო მოდელი თუ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი? თუ ჩვენ პარლამენტში ასეთ საფრთხეს ვხედავთ, მაშინ ჩვენ უპირატესობა არა საპარლამენტო, არამედ რომელიმე სხვა კლასიკურ მოდელს უნდა მივანიჭოთ.“

საინტერესო დაკვირვებაა. თუ ირაკლი კობახიძის არგუმენტს გავყვებით და გავითვალისწინებთ სხვა კრიტიკასაც, რომელიც შეხვედრაზე ისმოდა, ჩნდება კითხვები: თუ საჯარო განხილვები სათანადოდ არ მომზადებულა, თუ საზოგადოებაში აზრის შეჯერება არ მომხდარა, ანუ თუ საზოგადოებას არ გადაუწყვეტია, რომ ძლიერი პარლამენტი უნდა, მაშინ საიდან მოვიდა ეს იდეა პარლამენტის გაძლიერებისა? და რა ვუყოთ ყველა იმ მოსაზრებას, რომელთა ლოგიკური განვითარების პირობებში ქვეყანა დღეს უკვე მზადაა ძლიერი პარლამენტისთვის? და თუ ეს ასეა და საზოგადოება და, შესაბამისად, პარტიები მზად არიან ძლიერი პარლამენტისთვის, მაშინ რატომ აქვს პარლამენტს მართვის ბერკეტები ჩამოცილებული? და თუ, პირიქით, ქვეყანას ძლიერი მმართველი სჭირდება, მაშინ რა საჭიროა ამის შენიღბვა და ცვლილებების პროექტისათვის „ნაბიჯი ძლიერი პარლამენტისკენ“ დარქმევა?
XS
SM
MD
LG