Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა აქტიურად წერს ”ჯარისკაცთა დედების” განგაშზე. როგორც გაზეთი ”24 საათი” ატყობინებს მკითხველს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე გუშინ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ”რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს”, - წერს რუსული გამოცემა ”ეხო პეტერბურგა”, ორგანიზაცია ”ჯარისკაცთა დედების” ვარაუდზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, პეტერბურგელი ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ დაღესტანში, რაც, შესაძლოა, საქართველოზე თავდასხმის მცდელობისათვის ხდება. თუმცა, ისევე როგორც ”24 საათი”, დღევანდელი ”ახალი თაობაც” ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის ვარაუდს იშველიებს იმის სათქმელად, რომ დაღესტანში ჯარისკაცების მობილიზება არა საქართველოზე შეტევის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ხდება. დაღესტნის მხრიდან საქართველოში შემოჭრას გამორიცხავენ მმართველი პარტიის წევრები. როგორც ”ახალი თაობა” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ამ ეტაპზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ძალიან მტკიცეა: ”რუსეთის ფედერაცია მიხვდა, ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დამღუპველი იქნება ამ სახელმწიფოსათვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც”, - ამბობს მინაშვილი.

ქსნის ხეობაში რუსი სამხედროების ოჯახებისა და მშენებელი ჩეჩნების ჩასახლებაზე წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. რუსების ახალგორში ჩასახლებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ ქართველი კონფლიქტოლოგ-ექსპერტები და ამბობენ, რომ ეს პროცესი საოკუპაციო რეჟიმის ნაწილია, თუმცა იქვე ამატებენ: ”პრეტენზიები მათი მისამართით კი არა, კრემლის მიმართ უნდა გვქონდეს. ორგანიზებულად თუ დაიწყეს ჩამოსახლება, მერე უნდა ვიდარდოთ”, - ამბობენ ისინი. როგორც ”რეზონანსის” კორესპონდენტი იტყობინება, ახალგორში რუსი ოჯახების რაოდენობა 30-ია, ჩეჩნების კი 100-ზე მეტი. ისინი ახალგორში სამხედრო დასახლებას აშენებენ. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ახალგორში მყოფი ოფიცრების დიდ ნაწილს საშინელი სოციალური პირობები აქვს ბინებთან დაკავშირებით და ამიტომაც სადმე გაგზავნაზე დიდი სიამოვნებით თანხმდებიან: ”აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მომგებიანია იქ ჩასახლება, სადაც მიტოვებული ადგილებია. მათ ხომ ხელისუფლება ურემონტებს კიდეც სახლებს”, ამბობს არეშიძე ”რეზონანსთან” საუბრისას.

”ქართული ოპოზიცია პოლიტიკური სუიციდის მსხვერპლიაო”, განაცხადა გაზეთ ”ვერსიასთან” საუბრისას რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა: ”ახლა ოპოზიციაში არავითარი ერთობა აღარ არსებობს და ეს უფრო ჯანსაღ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ პარტიებთან შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდეც, მაგრამ მთავარი ხაზი მაინც ასეთი გვექნება - შევეცდებით, ამომრჩეველს მარტო ველაპარაკოთ”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

როგორც ”საქართველოს რესპუბლიკა” წერს, შალვა ნათელაშვილი მზადაა საერთო-სახალხო ლიდერის ფუნქციები იკისროს და არა მარტო ლეიბორისტული პარტია, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრი ნაციონალებს დაუპირისპიროსო. ამის სერიოზული მიზეზი კი ახალი კონსტიტუციის პროექტია: ”ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და ორვადაამოწურული სააკაშვილი პრეზიდენტის ჩინ-მედლებით პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინება და ისევ სახელმწიფოს მეთაური გახდება”, - ამბობს ნათელაშვილი და განაგრძობს: ”დღეს საუბარი იმით უნდა დაიწყოს, რომ კონსტიტუციაში შევიდეს აკრძალვა, რათა სააკაშვილმა და სხვა პრეზიდენტებმა ვერასოდეს დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ- მინისტრის, უმაღლესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტები ორი ვადის ამოწურვიდან 5 წლის განმავლობაში. საყოველთაოდ, ერის წინაშე ვაცხადებ, რომელი ოპოზიციური პარტიაც არ დაუჭერს მხარს ჩვენს წინადადებას, ის პარტია სააკაშვილზე უარესი იქნება საქართველოსთვის”, - აცხადებს ლეიბორისტების ლიდერი.
XS
SM
MD
LG