Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „არქტიკის საერთაშორისო ფორუმს“ მასპინძლობს


რუსეთი „არქტიკის საერთაშორისო ფორუმს“ მასპინძლობს
რუსეთი „არქტიკის საერთაშორისო ფორუმს“ მასპინძლობს
როცა, ერთი ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საფარველი მთლიანად დადნება, ენერგომატარებლებს დახარბებული მსოფლიო დაიწყებს იქ არსებული მარაგის თავისუფლად მოპოვებას. ამის მოლოდინში, არქტიკის მიმართ პრეტენზიის მქონე ქვეყნები უკვე ცდილობენ გაინაწილონ იქაური სიმდიდრე. რუსეთმა გადაწყვიტა მოაწყოს ფორუმი, რომელშიც სამასამდე პოლიტიკოსი, მეცნიერი და ბიზნესის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მათ საშუალება ეძლევათ იმსჯელონ, როგორ გაიყონ არქტიკა ცივილიზებული გზით.

მოსკოვის ფორუმი ეწყობა იმ მიზნით, რომ რეგიონი არ გადაიქცეს ბრძოლის ველად. არქტიკის მიმართ პრეტენზია აქვთ რუსეთს, აშშ-ს, კანადას, დანიას და ნორვეგიას, რომლებიც ცდილობენ კანონიერად დაეპატრონონ არქტიკის არეალებს. რუსეთმა, რომელიც ორგანიზატორია ფორუმისა, შეხვედრას უწოდა „არქტიკა - დიალოგის ტერიტორია“. მისი მონაწილეები მსჯელობენ კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებრივ რესურსებზე და რეგიონის მყარ განვითარებაზე. უშუალო მომწყობი შეხვედრისა რუსეთის „გეოგრაფიული საზოგადოებაა“. მისმა პრეზიდენტმა, რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფორუმმა უნდა დაამტკიცოს, რომ არქტიკა მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონა უნდა იყოს:

„არქტიკის საერთაშორისო ფორუმმა შეკრიბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ექსპერტები, გამოჩენილი მეცნიერები, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ მოსაზრებებსა და გამოცდილებას გაუცვლიან, არამედ კომპლექსურ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას მიაღწევენ არქტიკის რეგიონთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებში.“

არქტიკის მიმდებარე სახელმწიფოები - რუსეთი, ნორვეგია, კანადა, დანია და აშშ - კანონის გზით მოითხოვენ, რომ მიეცეთ რეგიონის იმ არეალების გაკონტროლების უფლება, რომელიც, მათი აზრით, მათი ტერიტორია შეიძლება იყოს.
პრეტენზიები მას მერე გაჩნდა, რაც დადგინდა, რომ გლობალურ დათბობად წოდებული მოვლენა არქტიკის ყინულს დაადნობს და რეგიონის წიაღისეულის მოპოვება გაიოლდება. აშშ-ის კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ არქტიკის ყინული 2030 წლისთვის მთლიანად დადნეს. ამას მოჰყვება შეშფოთება, რომ რეგიონში შეიძლება დაძაბულობა გაიზარდოს.

რუსეთი, კანადა და დანია ერთად აცხადებენ პრეტენზიას ლომონოსოვის წყალქვეშა ქედზე, რომელიც სამივე ქვეყანას თავისი ტერიტორიის გაგრძელებად მიაჩნია. 2001 წელს რუსეთმა მიმართა მოთხოვნით გაეროს. განცხადება უკან დაუბრუნეს. ახლა რუსეთი აპირებს მომავალი სამი წლის მანძილზე ათეულობით მილიონი დოლარი გაიღოს იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად მისი ტერიტორიის გაგრძელებაა ქედი. 2013 წელს კანადა შეიტანს ანალოგიურ მოთხოვნას იმავე გაეროში. 2007 წელს რუსეთის წყალქვეშა ნავმა ჩრდილოეთ პოლუსზე, ოკეანის ფსკერზე, ამ ქვეყნის დროშა მიიტანა, როგორც მოსკოვის პრეტენზიის სიმბოლო. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პოლარულ არეალში კრემლის 2020 წლამდე სტრატეგიის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რეგიონს მოსკოვი სტრატეგიული რესურსების მთავარ წყაროდ მიიჩნევს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოურენს კენონმა თავისი პრეტენზია განუცხადა კრემლს გასულ კვირაში, როცა წარუდგინა არქტიკაში თავისი ქვეყნის სტრატეგია, სამხედრო მიზნების ჩათვლით. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ უსაფრთხოების ალიანსი უნდა იქცეს არქტიკაში გამოწვევების ფორუმად. მაგრამ მედვედევმა, როცა ნორვეგიის ლიდერებთან ბარენცის ზღვასა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, თქვა, რომ არქტიკა „მშვიდობიანი ეკონომიკური თანმშრომლობის ზონა“ უნდა იყოს და სამხედრო ფაქტორი დამატებით პრობლემებს გააჩენს.

მოსკოვის ორდღიანი ფორუმის მუშაობაში 15 ქვეყნის პოლიტიკოსები იღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა ისლანდიის პრეზიდენტი ოლაფურ რაგნარ გრიმსონი, მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე, ასევე პოლარული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. მათთან ერთად შეხვედრას ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკისა და არქტიკის საბჭოს, ასევე ბუნების დამცველი უწყების „უორლდ უაილდ ფაუნდი“ს თანამშრომლები. ფორუმს 23 სექტემბერს სიტყვით მიმართავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG