Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ნატო და რუსეთი ურთიერთობის გაუმჯობესების მყარ გზას ადგანან


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების „მყარ გზას“ ადგას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების მორიგი მცდელობა ნიუ-იორკში შედგა, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში. იქ ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს შეხვედრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მკაფიოდ განაცხადა, აშშ-ს რწმენით ნატო და რუსეთი მეტოქეები არ არიანო. ჰილარი კლინტონი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება. რუსეთმა სამი წლის წინ შეწყვიტა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება აწესებს ლიმიტებს შეიარაღებულ ძალებსა და იარაღზე. ამასთან, ჰილარი კლინტონმა ნატოსა და რუსეთს მოუწოდა გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სარაკეტო თავდაცვა, სამხედრო დოქტრინები და ნარკოტიკების კონტროლი. თუმცა კლინტონმა უარყო რუსეთის წინადადება ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ამოქმედების შესახებ, რომელიც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ არის ინიცირებული. ნატომ რუსეთი ნოემბერში ლისაბონში მიიწვია ერთობლივი სამიტის გამართვის მიზნით. ნატოსა და რუსეთის ლისაბონში შეხვედრა 19-20 ნოემბერს დაგეგმილი, საკუთრივ ალიანსის სამიტის შემდეგ უნდა შედგეს.
XS
SM
MD
LG