Accessibility links

logo-print

აფხაზეთში თავს დაეხსნენ ალექსანდრე ანქვაბს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის გამო, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ალექსანდრე ანქვაბი, 2005 წლის შემდეგ, რიგით მეხუთე თავდასხმას გამთენიისას გადაურჩა. სააგენტო “აფსნიპრესი” აფხაზ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში მდებარეობს.

ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც ფეხსა და ხელში დაიჭრა, პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. სააგენტო ”ინტერფაქსს” ანქვაბმა დღეს განუცხადა, რომ სახლი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს, მის ნათესავებს ეკუთვნის. ანქვაბის ცნობითვე, ჭურვი სწორედ მის საძინებელ ოთახს ესროლეს.

თავდასხმის მიზეზთა შესახებ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს ინტერფაქსისთვის არაფერი უთქვამს. ამავე სააგენტოს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განუცხადა, რომ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაა. ამასთან, ბაღაფშმა დასძინა, რომ მისთვის რთულად წარმოსადგენია, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის მიღმა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ გამოძიება პასუხს ყველა შეკითხვას გასცემს. ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოძიებას ადგილობრივი უშიშროების სამსახური აწარმოებს.
XS
SM
MD
LG