Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტიურობა და სოლიდარობა


23 სექტემბერს ”კინოს სახლში” წარმომადგენლობითი სახალხო კრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები ე.წ. პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების პრობლემაზე სასაუბროდ და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეპრესიების აღმოფხვრის გზების საძიებლად შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმართა არსებობას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისევ და ისევ იმეორებენ, რომ მათი რაოდენობა საქართველოში უპრეცედენტოდ დიდია. შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალური მიმართვის ტექსტსაც მოაწერეს ხელი, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.

”საკანი, სადაც სასჯელს 17 პატიმარი ვიხდით, არის 25 კვადრატულ მეტრამდე და დგას 12 ლოგინი, დანარჩენები ვართ ე.წ. ”სმენკაში”. საჭმელს, რასაც ადმინისტრაცია გვაძლევს, თამამად შეიძლება ”სალაფავი” ეწოდოს. ექიმები არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ. უბრალო ავადმყოფობა უწამლობის გამო ხშირად მძიმე ავადმყოფობაში გადაზრდილა. კიდევ ბევრი რამის მოწერა შეგვიძლია, მაგრამ ახლა გვინდა გავამახვილოთ ყურადღება 19 აგვისტოზე. შემოვიდა სპეცნაზი, გვცემეს უმოწყალოდ, ჩამოგვგლიჯეს ჯვრები, დაგვიმტვრიეს სალოცავი კუთხეები. განსაკუთრებით სასტიკად მოექცნენ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც გამამტყუნებელი უსამართლო განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.” - ეს არის ამონარიდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი საპყობილის ერთ-ერთი საკნის რამდენიმე პატიმრის წერილიდან, რომელიც 23 სექტემბრის დილას ეკა ბესელიამ მიიღო, ხელმძღვანელმა მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”.

სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი და მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ”კინოს სახლის” დარბაზში ე.წ. პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების პრობლემაზე სასაუბროდ და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების აღმოფხვრის გზების საძიებლად შეიკრიბა. სიტყვით გამომსვლელთა სიმრავლის შესაბამისად, მრავლად იყო განსხვავებული მოსაზრებებიც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ე.წ. პოლიტპატიმართა და უკანონო პატიმართა გათავისუფლება - დასახელდა, მაგალითად, შტურმი ხელისუფლებაზე, აქციები, დემონსტრაციები... აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის განსხვავებულ გზებზე საუბრობს ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი:

”მოვითხოვოთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ოფისისაგან, რომ საქართველოში გამოაგზავნოს მისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობის ფაქტს; მეორე, რომ ყველამ გავაგრძელოთ დავა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი უფლებების დასაცავად და, მესამე, ის, რომ მოვითხოვოთ ამავე ხელისუფლებისაგან, რომ გადაისინჯოს ყველა იმ ადამიანის საქმე, ვინც თავის თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.”

საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმართა უპრეცედენტო რაოდენობაზე მიუთითებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნანა კაკაბაძე,ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”. ამის მიზეზად კი ის ქვეყანაში სამართლის არარსებობას ასახელებს:

”მაშინაც კი, როდესაც სასამართლოებში არ არსებობს პოლიტიკური დაკვეთა, ის მაინც პოლიტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს ღებულობს. რა არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები? - პრეზიდენტის მოწოდებები - ”ნულოვანი ტოლერანტობა”, ”ყველანი ციხეში”, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, ის იძულებულია გადადგას ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების საამებელი იქნება.”

ნანა კაკაბაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი კომისიის მონაცემებით, რომელიც ქვეყანაში არსებულ ე.წ. პოლიტპატიმართა საქმეებს იხილავს, საქართველოში დღესდღეობით აღნიშნული ნიშნით 65 პატიმარია დაკავებული.

სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან უკანონო პატიმრების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი სოლიდარობა პატიმრებს მორალურად აძლიერებს და ციხეში გატარებულ უმძიმეს დღეებს უმსუბუქებს:

”ღმერთმა დაგიფაროთ, რომ თქვენ უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი იყოთ. თქვენ თვითონ მიხვდებოდით რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უსამართლოდ დევნილი და დაპატიმრებული ადამიანი, როდესაც მის დასაცავად საზოგადოება აქტიურობს. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი განცდილი”, - ამბობს ბათიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

„მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილის დასაცავად ხმა ამოვიღე, მისი უკანონო პატიმრობის გასაჩივრება გადავწყვიტე და აღარ ვიმალები, ჩემს შვილს ციხეში ისეთი გამეტებით ვეღარ სცემენ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთი პატიმრის, რატი რეხვიაშვილის დედა, მარინა ქებაძე. მისი თქმით, საზოგადოების აქტიურობა უკანონო პატიმრების დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისა, რომ ციხეებში მათზე ძალადობა აღარ განხორციელდეს. რატი რეხვიაშვილს სასამართლომ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:

”გუშინ შეხვედრაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მას ფეხზე დგომაც კი არ შეუძლია იმის გამო, რომ ცემისაგან მუხლიც კი დაზიანებული აქვს. მაინც მადლობელი ვარ ასეთი შეკრებებისა, რადგან რაც გავაქტიურდი, ჩემი შვილი მას შემდეგ აღარ უცემიათ. მანამდე კი ყოველდღე სცემდნენ. ის დამახინჯებულია, ყური მიკერებული აქვს, ტანზე კი იმდენი ჭრილობები აქვს, რომლებსაც ვერ დავთვლით”...

”კინოს სახლში” შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო კრების წარმომადგენლებმა, ასევე პატიმართა ოჯახის წევრებმა ერთობლივ მიმართვასაც მოაწერეს ხელი, რომელიც რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს საზოგადოებას. მათ შორის უმთავრესი კი, როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, საბჭოსი, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმუშავებს, სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს განახორციელებს და უკანონო პატიმრების საქმეებს შეისწავლის.
XS
SM
MD
LG