Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხუთე თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე


დღეს, 23 სექტემბერს, გამთენიისას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე, მორიგი თავდასხმა განხორციელდა. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელშიც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს. ჭურვი შევარდა ოთახში, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს ეძინა. იგი ხელსა და ფეხში დაიჭრა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღძრა. მუხლი სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფას ეხება.

”აფეთქების შედეგად, რომელიც ერ-პე გე 26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან განხორციელდა, ვიცე-პრეზიდენტმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ამ დროისათვის იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ფაქტის გამოსაძიებელ სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ პროკურატურა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის განყოფილება და სახელმწიფო უშიშროების სამსახურები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს პირი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა”, - განუცხადა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გუდაუთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსმა ვალერი აჟიბამ.

აჟიბას თქმით, გამოძიების ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული წვიმის შემდეგ მოხდა, რაც ოპერატიულ მოკვლევასა და კვალის დადგენას ართულებს. თუმცა, ამის მიუხედავად, საგამოძიებო სტრუქტურები სრულ მზადყოფნაში არიან. დანაშაულის გამოძიება მათ პირადად მოსთხოვა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა.

”დანაშაულებები გაგრძელდება მანამ, სანამ ძალოვანი სტრუქტურები და უშიშროების სამსახური მთავარი საქმით არ დაკავდება - ეს საქმე დანაშაულის აღკვეთაა. ის სამსახურები, რომლებიც მხოლოდ დანაშაულის აღწერითა და აღრიცხვით არიან დაკავებულნი, დანაშაულის პროფილაქტიკაზე, გამოძიებასა და დასჯაზე უნდა გადავიდნენ. ამის გარეშე ვერასოდეს მივაღწევთ მთავარს -სიმშვიდეს”, - აღნიშნა სერგეი ბაღაფშმა 23 სექტემბერს სეპარატისტული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ახალი მინისტრის ლეონიდ ძიაპშიპას ოფიციალურ წარდგენაზე.

სერგეი ბაღაფშის აქტიურ მოკავშირე ალექსანდრე ანქვაბზე კი 2005 წლიდან უკვე მეხუთე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი წინა თავდასხმა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა. შესაბამისად, ვერსიები იმის შესახებ, ვინ და რატომ ერჩის აფხაზეთის თვითაღირებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, მრავლად არსებობს.
აფხაზი ჟურნალისტის, გაზეთ ”ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორის, ინალ ხაშიგის აზრით, 23 სექტემბერს ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა, შესაძლოა, რუსული ფულის ნაკადების აფხაზეთში შესვლასა და მის განაწილებაზე კონტროლის დამყარების მცდელობასთან იყოს დაკავშირებული. ჟურნალისტის აზრით, თავდასხმის სავარაუდო მოტივებში, შესაძლოა, წინა პლანზე აფხაზეთის მომავალმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც კი წამოიწიოს:

”ალექსანდრე ანქვაბს აქვს პერსპექტივა გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი. შესაძლოა,მასზე თავდასხმის მიზეზი ესეც იყოს. ამ ეტაპზე მის უშუალო კომპეტენციაში არ შედის მიწის ნაკვეთების დარიგება თუ რუსული დახმარებების განაწილება. ამ ფონზე ვერსია, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, მთავარიც კი აღმოჩნდეს.”

გამოძიების ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, იუწყება აფხაზური სააგენტო ”აფსნი-პრესი”, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდება. სეპარატისტული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული გენერალური პროკურორის ბესლან კვიწინიას განცხადებით, თავდასხმის მრავალი დეტალი მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაული შეკვეთილია და დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს:

”აფხაზეთში საერთოდ ცნობილია, რომ ანქვაბი არის რკინის ხელი, რომელიც ებრძვის კორუფციას. რუსეთიდან ახლა ძალიან ბევრი შავი ფული შედის, ოლიმპიადის კონტექსტიდან გამომდინარე, უნდათ გაათეთრონ აფხაზეთში და ანქვაბი ყოველთვის ითვლებოდა ადამიანად, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.”

აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა კი ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის კიდევ რამდენიმე შესაძლო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

”თვითონ ანქვაბი, როგორც პიროვნება, ძალიან ძლიერი პიროვნებაა; ადამიანი, რომელსაც, დასამალი არ არის, ომის დროს ბევრი სიკეთე გაუკეთებია. მე პირადად მასთან მითანამშრომლია და ბევრი ქართველი ადამიანი მას გადაურჩენია. ერთი სიტყვით, ეს არის პოზიტიური ადამიანი. ეს - პირველი: ალბათ, ასეთი ადამიანები მაინცდამაინც არ უნდათ. მეორე ის არის, რომ ვფიქრობ, ეს, გარკვეულწილად, კლანურ გარჩევებსაც უკავშირდება. გარდა ამისა, თვითონ ბატონი ალიკო არის იდეური ადამიანი. ეტყობა, ის იდეები, რაც მას აფხაზეთის მიმართ აქვს, ზოგს მაინცდამაინც არ მოსწონს.”

57 წლის ალექსანდრე ანქვაბს 2005-2009 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2009 წლის არჩევნების შემდეგ იგი სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტია. პირველი თავდასხმა მასზე 2005 წლის თებერვალში განხორციელდა, როდესაც მის ესკორტს გაუხსნეს ცეცხლი. იმავე წლის აპრილში განხორციელდა მეორე თავდასხმა. 2007 წელს აფეთქებული დისტანციური მართვის ნაღმის სამიზნეც ანქვაბი იყო. იმავე წლის ივლისში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს მის მანქანას, რის შედეგადაც მან მცირე დაზიანებები მიიღო. 2010 წლის 23 სექტემბერს აფეთქებულ ჭურვსაც იგი მცირე დაზიანებებით გადაურჩა.
XS
SM
MD
LG