Accessibility links

აჰმედ ზაკაევი: „რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის მოუგვარებელი თემები არ არსებობს“


ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი, პოლონეთში ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ, ლონდონში დაბრუნდა. ზაკაევს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციის კორესპონდენტი ნატალია გოლიცინა ესაუბრა.
ზაკაევი პოლონეთში ინგლისიდან ჩავიდა, რათა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესისთვის მიემართა. თავყრილობის მიზანი იყო შეემუშავებინათ რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ამ რესპუბლიკაში ძალადობის დასრულების, „დეოკუპაციის“ გეგმა. მაგრამ ზაკაევს არ დასცალდა კონგრესის მუშაობაში ჩართვა, რადგან მოსკოვის მიერ გაცემული ძებნის ორდერის, პოლონეთისთვის ექსტრადიციის მოთხოვნის თანახმად, პოლონეთის პოლიციამ ის დააპატიმრა. ჩეჩენი პოლიტიკოსი მალევე გაუშვეს, მაგრამ ის თავს პოლონეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური თამაშის მსხვერპლად თვლის და უკმაყოფილებას გამოთქვამს ვარშავის ქმედების გამო. ზაკაევი, ანალოგიური ორდერის თანახმად, ადრეც დააკავეს - კოპენჰაგენში, ინგლისში. ამიტომ, მისი თქმით, პოლონეთს, როგორც ევროპის კავშირის წევრს, ასევე შეეძლო უგულებელეყო მოსკოვის მოთხოვნა. მისი აზრით, სამართლებრივ ასპექტზე პოლიტიკურმა გაიმარჯვა და პოლონეთის პროკურატურამ ასე იმოქმედა, რათა რუსეთისთვის ესიამოვნებინა:

„რუსეთისთვის რომ ესიამოვნებინათ, მათ ექსტრადიციის პროცესი დაიწყეს. ამდენად, მე თავს მსხვერპლად მივიჩნევ იმის გამო, რომ კონგრესი ჩაიშალა, ვერ განხორციელდა ის, რისთვისაც უნდა მიეღწია. პოლონეთის ხელისუფლებასა და პოლონელ პოლიტიკოსებთან კონგრესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექვსი თვით ადრე მოვილაპარაკეთ. ამიტომ იყო, რომ კონგრესის გამართვა პოლონეთში გადაწყდა. ბოლო წამს, როცა რუსეთმა შეიტყო, რომ მასში მე ვმონაწილეობდი, პოლონეთზე ზეწოლა განხორციელდა და ვარშავაში გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნის საბუთები, რათა კონგრესისთვის ხელი შეეშალათ. სამწუხაროდ, პოლონეთმა ამაში მათ დახმარება გაუწია.“

ზაკაევი, ზოგადად, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის გარშემო ოპტიმიზმით ლაპარაკობს. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჩეჩენთა გაერთიანებები ტერორისტულ ორგანიზაციებად შეფასდა ნიუ-იორკის ტერაქტების შემდეგ. მისი დაკვირვებით, ვითარება საპირისპიროა. მას სხვა სეპარატისტული სუბიექტების სხვადასხვა დონეზე აღიარების მაგალითები მოჰყავს:

„პირველი ისაა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა აღიარეს კოსოვო. მეორე ისაა, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მესამეა ჰააგის სასამართლოს დასკვნა, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს სამი საერთაშორისო მოვლენა აჩვენებს, რომ მსოფლიო პოლიტიკისთვის ჩეჩნეთი და ჩეჩნების საკითხი კვლავაც დღის წესრიგშია.“

ის არ ეთანმხება გავრცელებულ აზრს, რომ ჩეჩნები დაიღალნენ, რადგან მათი ხმა არ ისმის. მისი თქმით, ჩეჩნეთი საკონცენტრაციო ბანაკადაა ქცეული და არაა გასაკვირი, რომ ხალხს არა აქვს პოლიტიკური მოთხოვნები, ამბობს ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი. ზაკაევი პათეტიკურია და აცხადებს, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ ცალკეული პირების საქმე, ის ეროვნული იდეაა და სანამ არ მიიღწევა, ბრძოლაც გაგრძელდებაო. ზაკაევი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების თემას შეეხო ამ ინტერვიუში და მისი ჩაშლის მიზეზები განმარტა. მან ჩამოთვალა ჩეჩნური მხარის მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლად ჩეჩნეთის საზოგადოების კონსოლიდაცია შეუძლებელია და, ამდენად, მოლაპარაკებაც არ შედგა. მაგრამ რა არის ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის წინადადება, რომელიც დიალოგს შესაძლებელს გახდიდა?

„თავიდანვე ვამბობდით, რომ არასოდეს დაგვისახავს მიზნად რუსეთის დამარცხება. დამოუკიდებლობის საკითხი ჩეჩენთათვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა უსაფრთხოების გარანტიაა. მე მჯერა, - და თავის დროზე პუტინს უთქვამს, - რომ ჩეჩნეთის სტატუსი არაა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის. ამ ორი პოლიტიკური შემადგენლიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიღწეულიყო რუსეთისა და ჩეჩნეთისთვის სრულიად მისაღები გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობდა ხანგრძლივ მშვიდობას. არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ასლან მასხადოვმა მოაწერა ხელი. მასში იყო სხვა შეთანხმების პროექტი, სადაც ჩეჩნების მხარე საერთო თავდაცვითსა და ეკონომიკურ, საბაჟო სივრცეზე ლაპარაკობდა. ყველა ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა. მე მჯერა, რომ რუსეთისა და ჩეჩნეთის ურთიერთობაში დღესაც კი არ არსებობს ისეთი საკითხები და წინააღმდეგობები, რომელთა მოგვარება მოლაპარაკების მაგიდასთან არ შეიძლებოდეს“, - აცხადებს ზაკაევი.
XS
SM
MD
LG