Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრაზებული კოკოითი ისევ საკადრო ცვლილებებს გეგმავს


ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი
ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, მთავრობაში შემცირებებს და საკადრო ცვლილებებს ორ თვეში გეგმავს. დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და როგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ დღესასწაულის დღეებში, როცა ცხინვალში მრავალი სტუმარი იმყოფებოდა, ქალაქი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავით იყო სავსე. მან ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველა უწყების ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოსთხოვა. კოკოითის აზრით, მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია და ყველა უსაქმურმა და უპასუხისმგებლო პირმა სამსახური უნდა დატოვოს.

კოკოითის შეხვედრა მთავრობის წევრებთან ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა. იგი ხმამაღლა ყვიროდა და პერიოდულად მოხელეების ლანძღვაზე გადადიოდა.

კოკოითი მოხელეების მხრიდან მოქალაქეების მიმართ უდიერი დამოკიდებულების ფაქტებს და კორუფციასაც შეეხო. მისი თქმით, ხშირად უსაქმური მოხელეები წარმოქმნილი პრობლემებისგან თავის ასარიდებლად ხელს პრეზიდენტისკენ იშვერენ. მან ცხელი ხაზის ამოქმედება მოითხოვა, სადაც მოქალაქეები მთავრობის მიმართ პრეტენზიებით დარეკავენ. კოკოითი ხმამაღლა აცხადებს, რომ დაუსჯელს არავის დატოვებს.

კოკოითიმ საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ერთი თვის წინაც გააკეთა. მაშინ მან უკმაყოფილება ეკონომიკური გუნდის საქმიანობის მიმართ გამოთქვა და პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზოგიერთი მოხელის სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრემიერ-მინისტრის ვადიმ ბროვცევის მიერაა დაკომპლექტებული. მასში რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შედიან და რუსეთიდან წამოსულ ფინანსურ დახმარებას აკონტროლებენ. ეს ყველაფერი კოკოითისთან დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კოკოითი-ბროვცევის ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ბროვცევის გუნდი გამოდიოდა. კრემლიდან კოკოითის მიანიშნეს, რომ ბროვცევი ჯერჯერობით შეუცვლელია. ამის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტაქტიკა შეცვალა - იგი ბროვცევს აღარ ახსენებს, მაგრამ ცდილობს მისი გარემოცვა ხელისუფლებიდან გაუშვას. ბროვცევმა კოკოითის ერთი თვის წინანდელი დავალება არ შეასრულა. კოკოითიმ კი დავალება კვლავ გაიმეორა და ბროვცევს ორი თვის ვადაში შემცირებებისა და საკადრო ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება კიდევ ერთხელ დაავალა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და კოკოითის ხელისუფლებაც მხოლოდ ბუტაფორიაა. ამიტომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებაც ადგილობრივი გაღიზიანებული მოსახლეობის გულის მოსაოხებლად კეთდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ადგილობრივ მოხელეებს გათავისუფლებით არაერთხელ დაემუქრა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი სამსახურს ინარჩუნებს, რადგან მათი მფარველები ისევ კოკოითისთან დაახლოებული პირები არიან. კორუფციის მასშტაბები კი სულ უფრო იზრდება. რუსეთის მიერ გამოყოფილი, დაახლოებით 8 მილიარდი რუბლით კი, ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც არ დასრულებულა. კოკოითიმ რამდენჯერმე დადებული პირობა საკადრო ცვლილებების შესახებ ვერ შეასრულა. ორი თვის შემდეგ გაირკვევა, ეს კოკოითის მორიგი უშედეგო მუქარა იყო თუ რეალური ცვლილებების დასაწყისი.
XS
SM
MD
LG