Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის პროექტი


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტმა პარლამენტში პირველი მოსმენა გაიარა. სტაბილურობის მოთხოვნილება ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, მთავარი არგუმენტია, რომელიც ახალ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ახლავს თან. სტაბილურობა, რომელიც ორ მთავარ, თუმცა ერთმანეთის, შეიძლება ითქვას, გამომრიცხავ ფუნდამენტურ ხედვას მოიცავს: ეკონომიკის აღმშენებლობას და რისკს, რომელიც საომარ მდგომარეობას სდევს. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია პარლამენტში წარიმართა, ზემოთ ნახსენებ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო ერთსულოვანია.

სხდომათა შეთხელებული დარბაზი, რომელშიც დღის, თვის და, ალბათ, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო მოვლენა ხდება, შეხვედრის მეორე ნაწილში ნახევრდება. ეს პოლიტიკააო, აღნიშნეს, და დეტალებში კი ნუ მიძვრებით, დინამიკის წონასწორობა შევინარჩუნოთო. რაც მთავარია, არგუმენტი, რომელიც გუშინ ვახსენეთ, დღეს უკვე რამდენჯერმე და, შეიძლება ითქვას, მთავარი არგუმენტის ფორმატში გახმიანდა. ქვეყანა, მდებარეობიდან და მტრულად განწყობილი გარემოდან გამომდინარე, ვერ იქნება იმ ბალანსის მქონე, რომელსაც სუფთა ევროპული საპარლამენტო მოდელი ითხოვსო. ბევრი პატრიოტული ლოზუნგი, რომელიც ხშირად ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს, დარბევებს, პროტესტის იგნორირებას ედგა ხოლმე უკან, დღეს ისევ ისმის პარლამენტში. თუმცა ამჯერად რიტორიკულ საფრთხეებს, რომლის ფონზეც განიხილება დღეს კონსტიტუცია, პარლამენტი ერთსულოვნად ადასტურებს:

„ჩვენ კვლავ ვიმყოფებით დიდი გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის. ასეთ დროს დაბალანსება შტოებისა და სამ სახელისუფლო ბერკეტზე საუბარი არის უპრიანი [საპირისპიროდ მოდელისა, სადაც პარლამენტია უფრო ძლიერი] ყველა იმ გამოწვევის გადასალახად, რაც შეიძლება მოხდეს, გამომდინარე იმ ზოგადი პრობლემებიდან, რაც ქვეყნის წინაშე დგას.“

ამიტომაც დასავლეთის ყურება ამ პროცესში არაა ამოსავალიო, სწორედ ამიტომ ვჩქარობთ და მთავარია გვახსოვდეს, რომ ტერიტორიებია დასაბრუნებელიო, - არგუმენტი რომელსაც პოლიტიკურ დისკურსში წინააღმდეგობას ვერავინ უწევს და, შესაბამისად, ოპოზიციური არგუმენტებიც და რეკომენდაციებიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ სუსტად გამოიყურება. კარგია ძლიერი პარლამენტი, მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტის რეალური სიძლიერისა ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა - ალბათ, არც მათ, ვინც ძლიერი პარლამენტის იდეას იცავს, მათ, ვინც ამბობს, საგამოძიებო კომისიების შექმნა დღეს უფრო ადვილია, ვიდრე იქნება შემოთავაზებული პროექტითო. კი მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ რამდენი საკითხი გვახსოვს, პარლამენტის მიერ საფუძვლიანად გამოძიებული? უმრავლესობა კი ნიშნის მოგებით ამბობს, არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ პარლამენტს უფლებას, როცა კი მოუნდება, ქვეყანაში კრიზისი შექმნასო და ამიტომაც გავუწელეთ ვადები, დავუდგინეთ მაღალი თანხმობის ზღვარი და ამიტომაც აღვჭურვეთ პრეზიდენტი ვეტოთიო:

„უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ კრიზისში არ შევიდეთ. სწორედ იმისათვის არის დადგენილი ის გრძელი ვადები, რომ არ გაუჩნდეს პარლამენტს ცდუნება, წარამარა მთავრობის ცვლილებები ხდებოდეს და კრიზისში შედიოდეს ქვეყანა პოლიტიკურად.“

თუ იმის უკან ჩავიხედავთ, რაც პოლიტიკურ დისკურში გვესმის, დავინახავთ, რომ მოდელს, რომელსაც დღეს პოლიტიკური სპექტრი განიხილავს, ფუნდამენტში სტაბილურობის მოთხოვნილება უდევს, სტაბილურობის საჭიროება კრიზისისა და საომარი ვითარების დროს და კიდევ - ეკონომიკის განვითარებისათვის. ცოტა უცნაურია: რამდენად ჯდება ეკონომიკა საომარ საფრთხეებთან და ტერიტორიების დისკურსთან ერთიანობაში? თუმცა დღეს რაციონალიზაცია სწორედ ამ ორი ძირითადი მიმართულებით ხდება. არგუმენტი? - ეკონომიკასაც, ისევე როგორც ჯარს და კრიზისს, ცენტრალიზებული მართვა და სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდებაო. ამიტომ, კი ბატონო, დემოკრატია, მაგრამ არც იმდენი, რომ პარლამენტმა მთავრობა სწრაფი გადაწყვეტილებებისა და აღებული დინამიკური ტემპის პირობებში თავის ჭკუაზე შეაბრკოლოსო, - ამბობს გია არსენიშვილი.

„რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანას - ჩვენს საყვარელ სამშობლოს - სრულებითაც არ სჭირდება ის, რომ ჩვენ შევაფერხოთ ჩვენი სწრაფი სვლა, შევაფერხოთ ის დინამიურობა, რომელიც არსებობს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის, და მოვხვდეთ ისტორიის ბორბლებქვეშ.“

ახლა, რაც მთავარია. ყველა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საზოგადოების აზრს გამოხატავს; ერთმანეთს უთვლიან საზოგადოებასთან შეხვედრების რაოდენობას, კონდიცირებულ ოთახებში მოწყობილ საზაფხულო შეხვედრებს. თუმცა, როგორც ითქვა, საომარ რიტორიკაზე ერთსულოვანი სიჩუმეა - საომარ რიტორიკაზე, რომელმაც ყველა სხვა არგუმენტი დაჩრდილა… მაშინ კითხვა ჩნდება: მოდელი, რომელიც რეალურად სხვაგან არსად გვხვდება და რომელიც არც ერთ ძირითად ევროპულ საკონსტიტუციო მოდელს არ ესადაგება, ვისი დაკვეთაა? იქნებ სწორედ ესაა, რაც საზოგადოებას ამ ეტაპზე სურს? სურს ჰყავდეს ძლიერი მმართველობა, რაც ნახევრად საპრეზიდენტო მოდელს უფრო ასახავს დღევანდელი ცვლილებებით, ვიდრე შერეულ საპარლამენტოს? გამოდის, რომ გაუგებრობას ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელწოდება ქმნის. ეს კი მთავარ დამაბრკოლებელ არგუმენტად, ბუნებრივია, ვერ გამოდგება. თანაც, როგორც ვენეციის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, მოდელი - იმისდა მიხედვით, თუ ვინ იქნება ძლიერი, პრეზიდენტი თუ პარლამენტი - გახდება ან ნახევრად საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპარლამენტო. დღევანდელი მდგომარეობით კი, პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ კითხვებსაც სვამს, მმართველი პარტიის რიტორიკიდან თავის დაღწევას არ ან ვერ ახერხებს, ან სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შედის და, შესაბამისად, საკითხს 123 ხმით, მხოლოდ ოთხი დეპუტატის წინააღმდეგ, პირველ მწვანე შუქს უნთებს.
XS
SM
MD
LG