Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილება ვაშინგტონის საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციაში


აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე გამოსვლისას
აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე გამოსვლისას
მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერები (მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც), ორჯერ გამოვიდა გაეროს ტრიბუნაზე. პირველ გამოსვლაზე უკვე გიამბეთ, როცა ობამამ გაეროს ათასწლეულის განვითარების სამიტზე შეკრებილებს წარმოუდგინა ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც აშშ ამიერიდან გამოუყოფს დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. მომდევნო დღეს კი, იმავე დარბაზში, ბარაკ ობამამ უკვე სხვა თემაზე ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ხუთშაბათს, ანუ ზედიზედ მეორე დღეს გამოსვლისას, შეკრებილებს გააცნო ვაშინგტონის ადმინისტრაციის ახალი საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია, რომლითაც ის მომდევნო წლებში იხელმძღვანელებს: „იდეა მარტივია: თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოსთვის უნდა იწყებოდეს თავისუფლებით, სამართლიანობითა და მშვიდობით თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. შეერთებული შტატებისათვის ეს არის მორალური და პრაგმატული აუცილებლობის საკითხი“.

აქამდე ობამა მსუბუქად თუ მიანიშნებდა ხოლმე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ის ამჯობინებდა ყურადღების გამახვილებას ქვეყნების „საერთო ინტერესებზე“, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამდენად, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული მოხსენება გარკვეულ ცვლილებაზე მიანიშნებს.

ობამას ადმინისტრაციას აქცენტი გადააქვს სხვა ქვეყნების საკუთარი ძალების ხელშეწყობაზე, რათა იქ შიგნიდან განხორციელდეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. „დღეს, ისევე როგორც წარსულში ეკონომიკური დაღმასვლის დროს, ზოგი გვერდზე გადადებს ხოლმე ადამიანის უფლებების საკითხს მოკლევადიანი სტაბილურობის მისაღწევად, ან არასწორი შეფასების გამო, რომ ეკონომიკური ზრდა თავისუფლების ხარჯზეა შესაძლებელი“, განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, არიან ლიდერები, რომლებიც აუქმებენ მმართველობის ვადების ლიმიტს: „ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვებასა და კორუფციას, რომელიც ხელს უშლის მეწარმეობასა და კარგ მმართველობას. ვხედავთ, რომ დემოკრატიული რეფორმები უსასრულოდ ფერხდება“.

ობამას არც ერთ ქვეყანაზე არ უთქვამს - რეპრესიული რეჟიმი მართავსო, მაგრამ გააკრიტიკა სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება ვენესუელაში, ეგვიპტესა და ირანში. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის განმსაზღვრელი სხვა ჯგუფების მნიშვნელობაზე მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად.

„სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს საზოგადოებათა სინდისია“, განაცხადა ობამამ, რომლის თქმითაც „ამერიკა ყოველთვის გაუწვდის ხელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მთავრობის უწყებების მიღმაც. ჩვენ ვამხელთ იმათ, ვინც იდეებს ახშობს და ვიქნებით იმათი ხმა, ვისაც თვითონ არ შეუძლია ხმის ამოღება. ჩვენ ხელს შევუწყობთ კომუნიკაციის ახალ საშუალებებს, რათა ხალხს ერთმანეთთან დაკავშირება შეეძლოს და რეპრესიულ საზოგადოებებში, ეს უსაფრთხოდ გააკეთოს“.

ობამას ახალი საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია, ანალიტიკოსების განმარტებით, განსხვავდება მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ე.წ. „თავისუფლების პროგრამისაგან“, რომელიც არ შემოიფარგლებოდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით და რეპრესიულ რეჟიმებზე ზეწოლასაც ითვალისწინებდა. ობამას მიდგომა კი „პრაგმატულად“ ითვლება - ის ნაკლებად არის მიმართული რიტორიკაზე, მიზნად ისახავს ადგილობრივი აქტივისტების მხარდაჭერას ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ჯერ პრაქტიკაში უნდა გამოჩნდეს, რას გულისხმობს და როგორ განხორციელდება სახენაცვალი მიდგომა.
XS
SM
MD
LG