Accessibility links

logo-print

საქართველოს დღეები და ქართული ხელოვნების აღიარება პრაღაში


ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი წმინდა სიმონისა და იუდას ეკლესიაში

ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი წმინდა სიმონისა და იუდას ეკლესიაში

22-23 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქმა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა საქართველოს დღეებს პრაღაში. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პრაღის მერიის ხელშეწყობით პირველად ჩატარდა, 23 სექტემბერს ქართული მხატვრული ფილმების „ჯიმ შვანთესა“ და „ჩემი ბებიას“ ჩვენებით დასრულდა. პარალელურად მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაცლავის მოედანზე. „ქართული დღეების“ გვირგვინი იყო ანსამბლ "რუსთავის“ კონცერტი. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს პრაღაში კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად.

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენი ბრწყინვალე უნარით ამდიდრებთ ევროპის დღევანდელ კუტურას ...
40 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი „რუსთავი“ ჩეხეთის დედაქალაქში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა სახელგანთქმულ ქართულ ანსამბლს სულ ერთსაათიანი კონცერტი დასჭირდა იმისათვის, რომ ჩეხებისათვის თავიც შეეხსენებინა და ევროპის პრესტიჟული ჯილდოც მიეღო „ვეროპის კულტურაში შეტანილი წვლილისათვის.“ „რუსთავის“ სიმღერით მოხიბლულმა პეტრ ვაშიჩეკმა კი, ევროკავშირის ხელოვნების კავშირის პრეზიდენტმა, ყველა იმით გააოცა, რომ საკუთარი კოლეგების გადაწყვეტილება ქართულად გამოაცხადა:

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენი ბრწყინვალე უნარით ამდიდრებთ ევროპის დღევანდელ კუტურას. გისურვებთ მომდევნო დიდ წარმატებებს მთელ მსოფლიოში.“

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ არსებობის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და მისი საგასტროლო გეოგრაფია წლიდან წლამდე იზრდება. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ანსამბლი წლის ბოლომდე რამდენიმე გასვლით კონცერტს გეგმავს:

ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაცლავის მოედანზე
„ცოტა ხნის შემდეგ მივდივართ ჩინეთში, მერე მივდივართ ჰოლანდიაში, ჰოლანდიიდან ისევ იტალიაში, სადაც რომში და ბარიში არის დაგეგმილი ჩვენი კონცერტი. იტალიის შემდეგ პირდაპირ, იქ კონცერტებს 20 ნოემბერს ვამთავრებთ, 21-ში მივდივართ ისევ ჩინეთში, სადაც რამდენიმე კონცერტი გვექნება.“

მაგრამ ჩინეთში წასვლამდე, როგორც ზემოთ ვთქვით, იყო კონცერტი პრაღაში, რომელიც, ჩეხეთში საქართველოს დღეების ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პრაღის მერიის მიერ მოეწყო.

პრაღის ცენტრში, წმინდა სიმონისა და იუდას სახელობის ეკლესიაში შეკრებილი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ანსამბლ „რუსთავს“, რომელმაც ერთსაათიანი დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა ეკლესიაში შეკრებილ პუბლიკას, ჩეხებს, პრაღის სტუმრებს და, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩეხეთში მცხოვრებ ქართველებს.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ტრადიციულია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ახალ ტრადიციას ვუყრით საფუძველს და რომ ეს იქნება უფო მჭიდრო ურთიერთობა კულტურის დარგში ...
„ეს ნამდვილად განსაცვიფრებელი და მომხიბვლელია. ძალიან ვამაყობ, რომ მოვხვდი აქ და მოვუსმინე ამ სიმღერებს. მე ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კულტურა შეუდარებელია. ეს არის განსაცვიფრებელი და ყველაზე საუკეთესო ფოლკლორული სიმღერები, რაც მე ოდესმე მომისმენია.“

ქართულ ხალხურ სიმღერებზე არანაკლები მოწონება ხვდა წილად საქართველოს დღეებში ნაჩვენებ ქართულ მხატვრული ფილმებს „ჯიმ შვანთესა“ და „ჩემ ბებიას“. გარდა ამისა, პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელზეც კომპანია „თელიანი ველის“ მიერ წარმოებული ღვინის დაგემოვნებაც შეიძლებოდა და ხელსაყრელ ფასად შეძენაც. და, რაც მთავარია, ქართული ხელოვნების, კულტურისა და ღვინის პოპულარიზება ჩეხეთის რესპუბლიკაში ამით არ ამოიწურება. ჩვენ „ქართული დღეებით“ ახალ გრძელვადიან ტრადიციას ვუყრით საფუძველსო, - აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნინო ნაკაშიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში:

„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ტრადიციულია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ახალ ტრადიციას ვუყრით საფუძველს და რომ ეს იქნება უფო მჭიდრო ურთიერთობა კულტურის დარგში და კულტურული პროექტების გაცვლაში. ჩვენი დანიშნულება აქ იქნება ის, რომ გავაცნოთ ჩეხეთის მოსახლეობას საქართველოს კულტურა და ამით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახისა.“

საქართველოს ელჩის ნინო ნაკაშიძის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება გამოფენის გაცვლა თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, საქართველოს საელჩომ მიიღო შეთავაზება, საქართველოდან ჩამოვიდნენ მხატვრების, თექის და მინანქრის სპეციალისტები და მოეწყოს დიდი გამოფენა. გარდა ამისა, ერთ თვეში მუშაობას შეუდგება ჩეხურ-ქართული სავაჭრო პალატა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG