Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი ძალადობით - საშიში ტენდენცია ევროპაში


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში (10-29 წელი) ძალადობით გამოწვეულ სიკვდილიანობას ეხება. კვლევიდან ჩანს, რომ ევროპაში სიკვდილის მიზეზებს შორის ძალადობრივი სიკვდილი მესამე ადგილზე დგას, ყოველწლიურად კი ამ მიზეზით იქ 15 000 ადამიანი იღუპება. ამასთან, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ძალადობრივი მკვლელობები შვიდჯერ აღემატება მაღალგანვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს. ხუთიდან ოთხი ძალადობის მსხვერპლი მამაკაცია, მკვლელობის 40%-ის შემთხვევაში კი მკვლელობის იარაღი არის დანა ან სხვა ბასრი საგანი.

ყველაზე კარგი ვითარება ამ მხრივ გერმანიაშია - სიაში ის 45-ე ადგილზეა, ყველაზე სავალალო - რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს კი 45 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი უჭირავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკმაოდ ვრცელ ანგარიშში ახალგაზრდებში ძალადობით გამოწვეული სიკვდილის მიზეზების, ქვეყნებში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ კიდევ ბევრი რამ წერია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია, თუ ამ პრობლემის მოგვარებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდება და შესაბამისი პროგრამები უფრო დიდი მასშტაბით და დროულად განხორციელდება - სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში, მშობლებთან, პედაგოგებთან მუშაობის გზით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის პროგრამების მენეჯერი დინეშ სეთი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას სწორედ პრობლემის გადაჭრის გზებზე ამახვილებს: ”

„ჯანდაცვის სექტორმა და საჯარო ჯანდაცვის სექტორმა სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა იმუშაოს ძალადობის პრევენციის საცდელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო მომგებიანია ინვესტირება ძალადობის საფუძვლების აღმოფხვრაში ნაცვლად იმისა, რომ ძალადობის შედეგებთან გამკლავება ვცადოთ.“

დინეშ სეთიმ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ახალგაზრდებს შორის ძალადობის შემცირების ნაცადი ხერხებიც არსებობდეს, ხერხები, რომლებმაც ბევრ ქვეყანაში უკვე გაამართლა. ესაა ჩართულობა მშობელთა პროგრამებში, სკოლამდელთა აღზრდის საქმეში, სოციალური განვითარების პროგრამებში, ალკოჰოლთან წვდომის შეზღუდვა, უთანასწორობის შემცირება. სეთის თქმით, ამ სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს მინიმალური ასაკის შემოღება დანების შესაძენად ან სოციალური მარკეტინგის გამოყენება ძალადობის შესამცირებლად. ყველაფერი ეს ინვესტიციააო, - განაცხადა სეთიმ.

თბილისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, ახალ ანგარიშს ახლა ეცნობიან. აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის კოორდინატორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ მსგავს თემატიკაზე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა პირველად ჩაატარა და ამ ნიშნით ის მეტად საინტერესოა, თუმცა, მისი აზრით, ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე და ნამდვილობა, შესაძლოა, საკამათო გახდეს. რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, აქ სადავო არაფერია:

”ტრავმებით და ძალადობით სიკვდილიანობა ისედაც მთავარი მიზეზებია მსოფლიოში, სხვადასხვა რეგიონებში მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებს და ახალგაზრდებშიც ამ მიზეზით სიკვდილიანობამ იმატა. ამ პრობლემის შესახებ არაერთ კონფერენციაზე იყო საუბარი და ამ პრობლემის გაჩენა, დაკავშირებულია იმ გლობალურ ცვლილებებთან, რაც მთელ მსოფლიოში და ევროპაში შეიმჩნევა.”

ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთი კვლევების მომზადებისას საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც წესი, ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას და სახელმწიფო ორგანიზაციების ელექტრონულ სივრცეში განთავსებულ მონაცემებს. ასე მაგალითად, შსს-ს სტატისტიკა, რომლის მოპოვებაც შევძელით, ასე გამოიყურება: 2010 წლის ბოლო რვა თვეში მთელ საქართველოში რეგისტრირებულია განზრახ მკვლელობის 165 ფაქტი, მკვლელობის მცდელობის 205 და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 87 ფაქტი.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე კი განთავსებულია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა - 2009 წლის მონაცემები - სულ დანაშაულის 595 ფაქტი. აქედან 5 განზრახ მკვლელობა, და 8 ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.

”თუ ოთხმოცდაათიან წლებში ეს იყო კრიმინალი, ანუ, ძირითადად, ბანდთაშორის გარჩევებს, “მაფიოზთა” ფულადი ინტერესების შეჯახებებს ეფუძნებოდა, ახლა ეს მოზარდთა სისასტიკის ნაკლებმოტივირებული გამოვლინებებია, რომელთათვის ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი, ბუნებრივი ნაწილი გახდა“, - წერს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე თავის სტატიაში „მოზარდთა აგრესიული ქცევა, მიზეზები და პროფილაქტიკა“ და იქვე სვამს კითხვას: რა უბიძგებს მოზარდს ძალადობის, დანაშაულის გზით წასვლისაკენ? რატომ არაფრად აგდებს არც სხვის და არც საკუთარ სიცოცხლეს?

მიზეზი მრავალია, - წერს ავტორი. მათ შორისაა სოციალური ფაქტორები: ძალადობა ოჯახში, აღზრდის დეფიციტი, სოციალური დიფერენციაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, ე. წ. “ქურდული მენტალიტეტი”, მასობრივი კულტურა (მასმედია)...
მედია აგრესიის გამომწვევ და ძალადობის წამახალისებელ მიზეზებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას კავშირ ”საფარის” ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ნატო ზაზაშვილისათვის, რომელიც ამბობს, რომ „ხუთი წუთის განმავლობაში დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მედიით იმდენი ნეგატიური ინფორმაცია, რაც, მაგალითად, მე-18 საუკუნის მოზარდს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლებოდა მიეღო.”

მისი კოლეგა ნინო გოგიჩაძე კი ამბობს, რომ საქართველოში ტრავმატული გამოცდილების არმქონე ადამიანი თითქმის არ დარჩა : ”იქნება ეს ყოფითი პრობლემით გამოწვეული ტრავმები, გლობალური, ომები, მიწისძვრები თუ სხვა რამე.. ჩვენთან, საქართველოში, ამას ისიც ემატება, რომ დაკარგული გვაქვს უსაფრთხოების განცდა, რადგან მუდმივ საომარ პირობებში ვრჩებით, სულ იმისკენ არის მოწოდება, რომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ ან ვიღაცასთან გავერთიანდეთ, რომ შეტევაზე გადავიდეთ. ეს არის ადამიანისთვის მისი უსაფრთხოების დარღვევა და, ამავე დროს, იმის დემონსტრირება, რომ ძალის გამოყენება მიღებულია ჩვენს საზოგადოებაში - მე შემიძლია გამოვიყენო ძალა იმისათვის, რომ ჩემი იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება არ მიმიღია ზუსტად იმ ადამიანისგან, რომლის მიმართაც შეიძლება გამოვიყენო ფიზიკური ძალა, მოვიყვანო მოქმედებაში და დანაშაულად გადავაქციო.”

განსხვავება ახლანდელ და 20 წლის წინანდელ საქართველოს შორის დიდია, ამბობს ნინო გოგიჩაძე. მისი თქმით, შემცირდა იარაღიანი მოზარდების, ახალგაზრდების რიცხვი: ”დღეს მანიფესტირებულად არავინ დადის იარაღით, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა. ეს კარგია, რადგან ბავშვებისთვის იარაღი აღარ არის ძალის დემონსტრირების წყარო და ხელმისაწვდომიც ნაკლებად არის, რადგან სკოლებში იარაღის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია ჩატარდა და დღემდე მიდის. და ეს ძველბიჭური მენტალიტეტიც ცოტათი დაძლეულია, რადგან ბავშვები შედეგებს ხედავენ.”

და მაინც, სად არის გამოსავალი? ამ რიტორიკულ კითხვაზე ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს პასუხიც იდეალისტური აქვს - კერძოდ, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება დიდი ხნით ადრე ბავშვის დაბადებამდე და რომ ფსიქოლოგებმა კარგა ხანია დაასკვნეს, რომ ათი წლის ბავშვთან მისი აგრესიული ქცევის შეცვლის მიზნით მუშაობის დაწყება უკვე დაგვიანებულია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG