Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 24 სექტემბერი 2010


”იარაღით ვაჭრობით შემოსული ფულით სააკაშვილი ნაციონალებს აფინანსებს”, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”, რომელიც კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს: ”საქართველო უნდა დაფიქრდეს, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამხელა შეიარაღებული ძალები და ასევე უნდა იფიქროს, თუ რას მოგვიტანს ომის მიმართულებით აზროვნება, რასაც სააკაშვილი მუდმივად ჩაგვყვირის ყურში. მას ჯარი რუსეთთან ომის მოსაგებად სულაც არ სჭირდება”, - ამბობს ზაქარეიშვილი. აბა, რაში სჭირდებაო, ეკითხება რესპონდენტს ”ახალი თაობის” კორესპონდენტი. ზაქარეიშვილი კი მას უპასუხებს: ”იმაში, რომ იარაღით შესყიდვაზე ფული გააკეთოს, კორუფციული გარიგებებით დიდი ფული იშოვოს, შემდეგ კი ამ ფულით ნაციონალური მოძრაობა დააფინანსოს. გავა დრო და ყველა ნახავს იმ საშინელ სქემებს, რა სქემებითაც იარაღი იყიდებოდა. ამასთან დაკავშირებით ამერიკაში უკვე აგორდა სკანდალები და დღეს თუ ამერიკა თავს იკავებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე, ეს ამ სკანდალის ბრალიცაა. საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ სკანდალში საქართველო სერიოზულად არის გარეული”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ინტერვიუში.

“ირანი საქართველოს აფრთხილებს?” ასეთი სათაურით აქვეყნებს დღეს გაზეთი ”რეზონანსი” პუბლიკაციას, რომლის მოკლე შინაარსიც, აი, ასე შეიძლება გადმოიცეს: ”ჩვენ ვართ მეგობრები, ეკონომიკური პარტნიორები, მაგრამ თუკი თქვენს მიწაზე შეერთებული შტატების ბაზებს დაუშვებთ, ძალიან ცუდი რამ დაგემართებათ”. ამ ინფორმაციას, ინკოგნიტო ქართველ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გამოცემა ”ფორინ პოლისი” აქვეყნებს. არის თუ არა კატასტროფული ირანისათვის აშშ-ის სამხედრო ბაზების გაჩენა სამხრეთ კავკასიაში და რამდენად შესაძლებელია ის განცხადება რეალიზებული იქნეს საქართველოს მიმართ, რომელზეც საუბარია გამოცემაში? - ამ კითხვით მიმართა ექსპერტებს ”რეზონანსმა”. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი რაიმე რადიკალურ გადაწყვეტილებებს ირანის მხრიდან გამორიცხავს და თვლის, რომ ეს, უბრალოდ, მესიჯებია, რომ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, თუ საქართველო მეტ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი ”რეზონანსთან” საუბრისას კატეგორიულად გამორიცხავს, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს: ”კავკასიაში აშშ-ის რაიმე მუდმივი ბაზების გაჩენა, ბუნებრივია, ცალმხრივი გადაწყვეტილებებით ვერ მოხდება, რადგან ამას შეიძლება ამერიკისათვის გარკვეული გართულებები მოჰყვეს, აქ თუ არა, სხვაგან, მისთვის მნიშვნელოვან რეგიონში”, - აღნიშნავს გიორხელიძე.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას თქვა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ შევეცდები ”ცხოვრებით დავტკბეო”. თუმცა საქართველოში ფიქრობენ, რომ პენსიაზე გასული, მდინარესთან ანკესით ხელში მჯდომი პრეზიდენტის ნახვა კიდევ მრავალი წელი არ მოგვიწევს და ეს ფრაზები მხოლოდ ჰარვარდის კლუბში შეკრებილი საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი“, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ”ეს ემოციური სურათი, ცხოვრებით დამტკბარი პოლიტიკოსისა, ალბათ, უფრო ქმედითი იქნებოდა იქ და უფრო მეტი შედეგის მომტანი გახდებოდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ენერგიული, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც პოლიტიკისთვის არის შექმნილი, რთული წარმოსადგენია პენსიაზე გავიდეს.”

თუმცა, სანამ საქართველოს პრეზიდენტი პენსიაზე გავა, მას ოპოზიციურ სპექტრთან არაერთი, ასე ვთქვათ, ბრძოლის გადახდა მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცურად განწყობილი ფრთა ასე იუწყებოდა ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში, მაგრამ სექტემბრის მიწურულსაც კი ხელისუფლების სიმშვიდეს აქა-იქ გამართული მცირერიცხოვანი, მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებული თუ ღია შეხვედრები არღვევს ან არც არღვევს. მაგალითად, მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე გაზეთ ”ვერსიასთან” საუბარში ამბობს, რომ მას პოლიტიკურად ”ცხელი შემოდგომის არც სჯერა და არც უნდა”. ”საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი ოპოზიციის ქმედებების შედეგია. გავაანალიზოთ ყველამ, სად დავუშვით შეცდომა. მიწყობილ წარუმატებლობებს, ცუდი ხელისუფლების გარდა, კიდევ სხვა მიზეზებიც აქვს, რასაც სერიოზული გაანალიზება სჭირდება”, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG