Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში წინ წაიწია


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010 (ფრეიზერის ინსტიტუტი)
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010 (ფრეიზერის ინსტიტუტი)
მიმდინარე კვირაში ”ფრეიზერის ინსტიტუტმა” და ”ჰერიტიჯის ფონდმა” თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ორივე კვლევის მიხედვით, საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია და საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა. ”ფრეიზერის” რეიტინგის მიხედვით, საქართველო 23-ე ადგილზეა, ხოლო ”ჰერიტიჯის” რეიტინგში - 26-ზე.

2010 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რომელიც, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა მოამზადა, საქართველომ 42-ე პოზიციიდან 23-ზე გადაინაცვლა და საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ გლობალური ინდექსი გაუარესდა. ამის მიზეზი არის გლობალური კრიზისი ...
ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, გერმანიას და იაპონიასაც კი გაუსწრო - ისინი 24-ე - 25-ე ადგილებზე არიან. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ესტონეთს.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ლიდერობას არავის უთმობს ჰონგ-კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ახალი ზელანდია, აშშ და ასე შემდეგ.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევა 2008 წლის სტატისტიკურ ინფორმაციას ეყრდნობა და მის საფუძველზე დაასკვნის, რომ ეკონომიკური თავისუფლების გლობალური ინდექსი ვარდნას განიცდის. ამ ტენდენციის შესახებ საუბრობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”ბოლო 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ გლობალური ინდექსი გაუარესდა. ამის მიზეზი არის გლობალური კრიზისი. ამ ანგარიშის მიხედვით, 88 ქვეყანამ შეამცირა თავისი ეკონომიკური თავისუფლება და 35-მა გააუმჯობესა.”

სამი პარამეტრი გაუმჯობესდა, ორი გაუარესდა


„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ინდექსის 5 პარამეტრიდან საქართველომ სამის გაუმჯობესება შეძლო, ორი კი ოდნავ შემცირდა.

კერძოდ, საქართველოს მაჩვენებლები გაუმჯობესდა მთავრობის ზომის პარამეტრში. ეს ნიშნავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო ხარჯები შემცირდა. ასევე გაუმჯობესებაა მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობის ნაწილში და საგარეო ვაჭრობისათვის ხელშემშლელი ბარიერების გაუქმების პარამეტრშიც.

გაუარესება შეიმჩნევა რეგულაციებისა და სამართლებრივი სისტემის - საკუთრების უფლების ნაწილში.

ინდექსის პარამეტრები კიდევ 42 ქვეპარამეტრისგან შედგება. მათში საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა, სხვა ცვლილებებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ქულითაა შეფასებული. ინდექსის ავტორთა განცხადებით, ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ზოგადად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სენიცაა, თუმცა საქართველომ, მათგან განსხვავებით, სხვა პარამეტრების გაუმჯობესება შეძლო და იმ ქვეყნების ოცეულს მიუახლოვდა, სადაც ეკონომიკური თავისუფლების მაღალ დონესთან ერთად ცხოვრების მაღალი დონეცაა. ინდექსის ავტორთა აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება?

ჰერიტიჯის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
საქართველოში ბევრს სჯერა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პოზიციების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ აზრს ეთანხმება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე.

”საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, პირველ რიგში, გავლენას ახდენს უცხოელ ინვესტორებზე. იმისთვის, რომ ინვესტორებმა საქართველოში ფული ჩადონ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ დაინახონ, რომ საქართველო, მიმზიდველობის თვალსაზრისით, წინ მიდის.”

ეს განცხადება გიორგი ჭირაქაძემ „ჰერიტიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველომ 20 პუნქტით გააუმჯობესა წინა მაჩვენებელი და 26-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ეკონომიკური თავისუფლების ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რეიტინგში დაწინაურების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მთავრობა, თუმცა იგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას უკვე მაშინ ვარაუდობდა, როდესაც საქართველომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში მეთერთმეტე პოზიცია დაიკავა. მაგრამ ჯერჯერობით უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა არ შეიმჩნევა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლის შედეგი წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ გამოჩნდება.

თუ ჩვენ ამას ავყვებით და შემოვიღებთ ყველა იმ რეგულირებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ, მაშინ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ 23-ე ადგილს და დავბრუნდეთ მეასე ადგილზე ...
”პირველი კვარტალის მონაცემებიდან გამომდინარე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან საქართველოს ინვესტიციების მოცულობა სეზონურია. წელს ჩვენ არ ველოდებით შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ინვესტიციებს. ბიზნესმენებსაც რომ ჰკითხოთ, საქართველოში სერიოზული საინვესტიციო აქტიურობა შეიმჩნვა.”

ეკონომიკური თავისუფლება და ევრორეგულაციები

რეიტინგების გაუმჯობესებით ინვესტიციების და ზოგადად ეკონომიკის ზრდის იმედს გამოთქვამენ ეკონომიკის ექსპერტებიც. მაგრამ არის საშიშროება, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული თუ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები ეკონომიკური თავისუფლების შემცირებას გამოიწვევს. ეს საკითხი ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების ინიციატის შემდეგ გაჩნდა. ეკონომიკის ექსპერტის გია ჯანდიერის განცხადებით, ევროკავშირი იმ რეფორმების გადახედვას მოითხოვს, რომელთა წყალობით საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში ევროპის ბევრ ქვეყანას გაუსწრო:

”აქ არის, მაგალითად, რამდენიმე საკითხი ჩამოთვლილი, რომელშიც ძალიან რთულად მიდის ჩვენი მოლაპარაკებები. ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, იმიგრაციის და შრომის პოლიტიკა, შრომა, დამყარებული კონტრაქტზე, ეს არის ასევე საკვების უვნებლობის საკითხები. თუ ჩვენ ამას ავყვებით და შემოვიღებთ ყველა იმ რეგულირებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ, მაშინ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ 23-ე ადგილს და დავბრუნდეთ მეასე ადგილზე.”

ამ საფრთხეს ვერ ხედავენ საქართველოს მთავრობაში. მისი წევრები ესტონეთის მაგალითს იშველიებენ, რომელმაც ევრორეგულაციებისა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების შეთავსება მოახერხა.
XS
SM
MD
LG