Accessibility links

გაეროდან გავრცელებული უწყებებისა და კონსტიტუციის მიღების კვირა


საქართველოს მედიის ყურადღება ამ კვირაში მიპყრობილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიისაკენ, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. საქართველოში ამ დროს აქტიურად გრძელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, კვირის ბოლოს კი პარლამენტმა ახალი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიიღო - 123 ხმა, ოთხის წინააღმდეგ.

პარლამენტში არაერთი განცხადება გაკეთდა. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აზრისა, რომ კონსტიტუციის მიღება დაჩქარებული წესით ხდებოდა, უმრავლესობას ამ აზრის საწინააღმდეგოდ საკუთარი არგუმენტები ჰქონდა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე მოიცავდა რამდენიმე უწყებას როგორც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, ასევე კავკასიის ხალხების, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ამ უწყებების არსი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ცივილიზებური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბებაა. ”მშვიდობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი საერთო მიზანია და, ამასთანავე, ერთადერთი გზაა იმ საერთო მიზნებისკენ, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან.

გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების ძირითადი არსი ”თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის” ხედვის წინ წამოწევა იყო. ამ ხედვის ერთგვარი შემადგენელია მოწოდებები აფხაზებისა და ოსების მიმართ, დაუბრუნდნენ საქართველოს ერთიან სივრცეს და საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდნენ. ”ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურა, თქვენს ისტორიას. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და თქვენთვის”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს. მისი მეორე მოწოდება კი რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით გაისმა:

” თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და სხვა ქვეყნები აღიქვათ არა როგორც ვასალები, არამედ როგორც პარტნიორები. სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება. ჩვენ ყველას და პირადად მეც მსურს ვიხილო რუსეთი როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი. ამიტომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე პოლიტიკას და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას.”

პარტნიორი რუსეთის ხედვა კი, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს ყოველთვის ხსნილი ექნებათ გზა საქართველოში. ”მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით, არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით”, - განაცხადა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა და რუსეთს საბჭოთა წარსულისაგან გათავისუფლება, საზოგადოების მოდერნიზაცია და პოლიტიკური სისტემის გახსნა ურჩია. საქართველოს პრეზიდენტის მესამე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისაკენ იყო მიმართული:

”დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ მშვიდობა საქართველოში და რეგიონში. ქართველებს მწარედ გვახსოვს, როგორ შეიძლება ე.წ. გაყინული კონფლიქტი ძალზე სწრაფად გადაიზარდოს ცხელ დაპირისპირებაში. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა.”

საზოგადოების - მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების - ძირითადი ინტერესი კავკასიის გაერთიანების იდეისაკენ აღმოჩნდა მიმართული.

”მე მგონი, მომავლის იდეაა. ეს არის იდეა, გათვლილი მომავალზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მალე არ იქნება, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს ამ პროექტს. ეს არის სამომავლოდ ძალიან კარგი იდეა, რომელზეც აქამდე რომ ეფიქრა ყველას კავკასიაში, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა ახლა”, - აღნიშნა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. ტექნიკური მიზეზებით გაცხრილული საბოლოო სია კი 130 000 ხელმოწერას შეიცავს. სწორედ ამ სიით მიმართეს ეროვნული ფორუმისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს.

ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში მათ ინიციატივას ღიად მხარი 40 000-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხალხის ნაწილმა შიში დაძლია და თავისუფლად გამოხატა საკუთარი პოზიცია:

”ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს მხარდაჭერა გვეჩვენებინა ყველასთვის. 170 000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი, მაგრამ ნაწილი ტექნიკური პრობლემების გამო საბოლოო სიაში არ შევიდა. ასე რომ, 130 000-იან სიას წარვუდგენთ პარლამენტს. ეს არის ოთხჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ცვლილებების მისაღებად, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავითვალოთ ამომრჩევლები და ერთი ადამიანი ნიშნავდეს ერთ ხმას.“

ინიციატივის მისაღებად და განსახილველად მზადაა საქართველოს პარლამენტიც. ნაციონალური მოძრაობის სახელით პავლე კუბლაშვილი გვეუბნება, რომ ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გამოცდილება მათ აქვთ და არც ამჯერად იქნება რაიმე დაბრკოლება.

სახალხო დამცველის აპარატმა და ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები ერთ ანგარიშში მოაქციეს. ანგარიშს თან ის რეკომენდაციებიც ახლავს, რომელთა შესრულებაც საქართველოს ექვსივე ფსიქიატრიული საავადმყოფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე წლებია სახალხო დამცველის აპარატი და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ამ სფეროში არსებულ პრობლემებს იკვლევს, თუმცა ყოველწლიურად მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებში სასიკეთო ცვლილებებს მოუგვარებელი პრობლემები სჭარბობს:

”სამწუხაროდ, ბევრი რამ უცვლელია. ერთი პოზიტიური ცვლილება ისაა, რომ შეიცვალა დაფინანსების სისტემა, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს სფერო მეტად უყურადღებოდაა მიტოვებული, პროგრესი არ ჩანს. კადრების სიმწირეს დაფინანსების სიმწირესთან მივყავართ, მაგრამ ბიუჯეტი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გაიზარდა, რაღაც გარკვეული შესამჩნევი წინსვლა მაინც შესაძლებელი იყო”, - აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და იმ გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობს, რომელში ყოფნაც ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს უწევთ: ”თებერვალში +11 გრადუსი იყო ტემპერატურა ასათიანის სახელობის ინსტიტუტში. ფაქტობრივად, ადამიანები იქ საყინულეში იმყოფებოდნენ. ბოლოს, ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე გამათბობელი შეიძინეს, მაგრამ ამან რამდენად გააუმჯობესა ვითარება, ძნელი სათქმელია. საშუალო და დაბალი პერსონალი ძალიან მოუმზადებელია და ზოგადადაც ქართული ფსიქიატრია თანამედროვე სტანდარტებს საკმაოდ ჩამორჩება.”

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ეს თარიღი 2002 წლიდან აღინიშნება - 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაერომ გამოაცხადა. წლევანდელი მშვიდობის დღის მთავარი უწყებაა ”მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება”, დევიზი კი - ”მშვიდობა უდრის მომავალს”. როგორ აღიქმება მშვიდობის ცნება საქართველოში და რა ფასი აქვს მშვიდობას ომგამოვლილ ქვეყანაში?

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობას, როგორც ცნებას, არაადეკვატურად იგებენ. გოგი ხუციშვილი განმარტავს, რა არის მშვიდობა:
”მშვიდობა ეს არის აქტიური სამოქალაქო განვითარების ფაზა, როდესაც ადამიანი აგვარებს საკუთარ პრობლემებს, იცავს საკუთარ უფლებებს და სწორედ ამ პროცესების შემდეგ ხდება ნამდვილი მშვიდობის დამყარება.“

23 სექტემბერს, გამთენიისას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე, მორიგი თავდასხმა განხორციელდა. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელშიც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს. ჭურვი შევარდა ოთახში, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს ეძინა. იგი ხელსა და ფეხში დაიჭრა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

სერგეი ბაღაფშის აქტიურ მოკავშირე ალექსანდრე ანქვაბზე კი 2005 წლიდან უკვე მეხუთე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი წინა თავდასხმა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა. შესაბამისად, ვერსიები იმის შესახებ, ვინ და რატომ ერჩის აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, მრავლად არსებობს.
აფხაზი ჟურნალისტის, გაზეთ ”ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორის, ინალ ხაშიგის აზრით, 23 სექტემბერს ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა, შესაძლოა, რუსული ფულის ნაკადების აფხაზეთში შესვლასა და მის განაწილებაზე კონტროლის დამყარების მცდელობასთან იყოს დაკავშირებული. ჟურნალისტის აზრით, თავდასხმის სავარაუდო მოტივებში, შესაძლოა, წინა პლანზე აფხაზეთის მომავალმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც კი წამოიწიოს:
”ალექსანდრე ანქვაბს აქვს პერსპექტივა გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი. შესაძლოა,მასზე თავდასხმის მიზეზი ესეც იყოს. ამ ეტაპზე მის უშუალო კომპეტენციაში არ შედის მიწის ნაკვეთების დარიგება თუ რუსული დახმარებების განაწილება. ამ ფონზე ვერსია, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, მთავარიც კი აღმოჩნდეს.”

ამ კვირაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გარემოს დაბინძურების ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული ნორმების ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.
გარემოს დასუფთავების წესები და მათი დარღვევით გამოწვეული ჯარიმების საკითხი საქართველოში ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლით რეგულირდება. კანონის მიხედვით, გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდული პირები 1000 ლარით ჯარიმდებიან. ორშაბათიდან გარემოს დაცვის ინსპექცია ამ კანონის მკაცრად აღსრულების ღონისძიებებს იწყებს. ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, კანონის შესაბამისად - 200 და 1000 ლარით - დაჯარიმდება. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ არანაირ გამონაკლისს აღარ დაუშვებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG