Accessibility links

საქართველომ გააუქმა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები


ერთი თვეც არ არის დარჩენილი იმ დღემდე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ანსამბლს - ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრს - შორის მოლაპარაკებების შედეგად შეირჩა საქართველოში ამ ორკესტრის გასტროლების თარიღად. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 21 და 22 ოქტომბრისთვის დანიშნული კონცერტები არ შედგება.

საქართველოში ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის მიწვევა გაუქმდა, რასაც ფრიად უსიამოვნო გარემოებები უკავშირდება. ორკესტრი, მოკლე ვადაში მიღებული უარის გამო, ასიათასობით დოლარით ზარალდება. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით გამოჩენილ მევიოლინ ლიზა ბათიაშვილს, რომელსაც ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად უნდა დაეკრა კონცერტებზე თბილისსა და ბათუმში:

„მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ შოკის ქვეშ ვარ და ანალიზი ვერ გავუკეთე ამას ყველაფერს... გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ასეთ მომენტში. თავიდან ეს იდეა მე დამებადა, რომ ასეთი დიდი ორკესტრი საქართველოში ჩამოგვეყვანა. ეს მთელი ჩემი ბავშვობის ნატვრა იყო... მას მერე, რაც ეს იდეა დამებადა შარშან ოქტომბერში, ყველაფერი გავაკეთე - კონტაქტი ორკესტრთან, ამათი დარწმუნება, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, რა კარგი ქვეყანაა და ა.შ.“, თქვა ლიზა ბათიაშვილმა. ქართველი მევიოლინის თქმით, ის მონაწილეობდა ასევე ადმინისტრაციულ-ლოგისტიკურ მზადებაშიც. „ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ასეთი რამე არ მომხდარიყო, რომ ბოლო მომენტში არანაირი სიურპრიზი არ ყოფილიყო. ამიტომაც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი ორკესტრის ვიზიტის ბოლო მომენტში ჩაშლა,“ გვითხრა მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა.

კონცერტების ჩაშლის ამ ამბავს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ მიეძღვნა პუბლიკაცია და მასში მოყვანილია საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადება, რომ ორკესტრთან კონტრაქტი არ იყო გაფორმებული და საბოლოოდ მხარეებმა გასტროლების ხარჯებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

რატომ ჩაიშალა საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ 27 სექტემბერს, რადიო თავისუფლების საღამოს გადაცემაში.
XS
SM
MD
LG