Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღათურია კვეზერელის დაპატიმრებას მოითხოვს


ჯონდი ბაღათურია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ჯონდი ბაღათურია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფლებში ჩავიდა და არსებული ვითარებით დაინტერესდა.

პარლამენტის დეპუტატები ჯონდი ბაღათურია და შოთა მალაშხია ზემო ხვითში და ნიქოზში ზაფხულის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ. მაშინ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ პირობა დადო, რომ ხელისუფლება პრობლემების გადაჭრას სასწრაფოდ დაიწყებდა. როგორც ცნობიალია, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ზემო ხვითში ჩასული ჯონდი ბაღათურია დარწმუნდა, რომ სამი თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

ხვითელები ხელისუფლებას უყურადღებობაში და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. თითქმის ორი წელია სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა ვერ მოუგვარდა. კოკოითის ხელისუფლებამ საწყავი არხები აგვისტოს ომის შემდეგ გადაკეტა და წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მოითხოვა. მდინარე ლიახვზე ალტერნატიული წყალსაცავი აიგო, მაგრამ წყალსაცავის ზემოთ განლაგებულ სოფლებამდე - ნიქოზამდე, ხვითამდე და ერგნეთამდე ეს წყალი ვერ აღწევს, ამიტომ დამატებითი წყალსაქაჩების დამონტაჟებაა აუცილებელი. წყლის გარდა ხვითელებმა მიწებიც დაკარგეს. ოკუპანტების მიერ დაკავებულ ფართობებში გლეხები ვეღარ გადიან და ამის გამო კომპენსაციებს მოითხოვენ.

ჯონდი ბაღათურიამ კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დააკისრა. მისი თქმით, მინისტრს საკმარისი დრო და რესურსები ჰქონდა პრობლემების მოსაგვარებლად. დეპუტატი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და მის დაპატიმრებას მოითხოვს.

მოსახლეობასთან შეხვედრას სოფლის რწმუნებული ივანე გაბროშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, წყალსადენის პროექტი უკვე შექმნილია და იგი მომავალ წელს ამოქმედდება.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ნიქოზში და ხვითში, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ და დაპირებებს უხვად გასცემდნენ. მოუხედავად ამისა, სამი თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკის ნაცვლად საქმის კეთებას დიდი ხანია ითხოვს.
XS
SM
MD
LG