Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობის კოდექსი კრიტიკის სამიზნედ რჩება


პატიმრობის კოდექსი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს, შევა ძალაში, კვლავაც მწვავე კამათის საგნად რჩება. უცვლელია ძირითადი პრეტენზიები და ისინი კვლავაც პატიმართა განათლებისა და ხანგრძლივი პაემნის საკითხებს შეეხება.

კოდექსი, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, ხანგრძლივი პაემნების უფლების გამოყენებას ჯერჯერობით მხოლოდ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ჰპირდება და ისიც 2012 წლის 1 იანვრიდან. იმ დროისთვის საპატიმრო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ყველა პირობა იმისთვის, რომ 18-წლამდე ასაკის მოზარდმა სამ თვეში ერთხელ 1-2 დღე-ღამე თავისი ოჯახის წევრებსა ან სხვა ახლობლებთან ერთად გაატაროს. მსგავსი პერსპექტივა არ ეხება პატიმართა სხვა ასაკობრივ ჯგუფებსა თუ კატეგორიებს და ეს საკითხი კოდექსზე მუშაობის ხანგრძლივ პროცესშიც არაერთხელ გახდა მესამე სექტორისა თუ ცალკეული ექსპერტების მწვავე კრიტიკის სამიზნე.

მიზეზი, რომელსაც ხელისუფლება კანონის ამგვარი არათანაბარი მიდგომების ასახსნელად ასახელებს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობას უკავშირდება და სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი:

”ყველაზე დიდი შემაფერხებელი გახლავთ ის, რომ ციხეებს არა აქვთ საშუალება მოაწყონ ოთახები ხანგრძლივი პაემნებისათვის. ვფიქრობ, რაწამს ციხის რეფორმა მივა იმ მომენტამდე, რომ აშენებული იქნება კიდევ ახალი ფართობები და კეთილმოწყობილი იქნება ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ კანონიც მივა იქამდე და აუცილებლად დადგება დრო, - და შესაძლოა ახლო მომავალშიც კი, - როდესაც ხანგრძლივი პაემნები იქნება განხორციელებული...”

ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავს განმარტებას კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე. მე-3 სექტორის ბევრი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, პატიმართა პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას მატერიალურ-ტექნიკური პირობების არარსებობით ვერც ის ამართლებს:

”... ეს არანაირი გამართლება არ არის იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც არაერთი წელი აქვთ მისჯილი, არ ჰქონდეთ საშუალება პირადი ცხოვრების, რაც დაცულია კონსტიტუციით, რაც დაცულია ევროპის კონვენციით. და ვინაიდან ასეთი მოპყრობა გაგრძელდება წლების განმავლობაში, ის უკვე არაადამიანური მოპყრობის ადეკვატური ხდება, როდესაც ოჯახური ცხოვრების უფლებას ადამიანს არ აძლევ წლების განმავლობაში... ”

კანონმდებელი კოლეგების დაპირებას, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლების არარსებობას წარმატებით ჩაანაცვლებს ხანმოკლე შვებულებების პრაქტიკა, ეჭვის თვალით უყურებს დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის დარწმუნებულია, რომ შვებულებების პროცესი ახლო მომავალში მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს და, ამასთან, კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ბევრ პატიმარს შვებულების ლოდინი მაინც წლების მანძილზე მოუწევს.

აქვეა მეორე საკითხი, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ცალკეული ექსპერტების გარდა, ლორთქიფანიძის აღშფოთებასაც იწვევს. საქმე ის არის, რომ ახალი კოდექსის 113-ე მუხლი პატიმრებს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების უფლებას აძლევს და მასში არ არის გათვალისწინებული უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივა. დიმიტრი ლორთქიფანიძე კოლეგებს საქართველოს კონსტიტუციას შეახსენებს, რომლის მიხედვითაც განათლების უფლება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა.

”მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ დროულად, რაციონალური გზებით მოხდეს ცვლილების შეტანა 113-ე მუხლში, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგინოთ სარჩელი და მოვითხოვოთ კანონიერების აღდგენა... და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თუკი უმრავლესობა არ გაითვალისწინებს ამ წინადადებას და არ მოხდება უფრო რაციონალური გზებით ამ ხარვეზის აღმოფხვრა... ეს მთელი პარლამენტის შემადგენლობის შეცდომაა, რომ როდესაც ჩვენ ვიღებდით პატიმრობის კოდექსს, როგორც ჩანს, გამოგვრჩა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და მე არ მრცხვენია ვაღიარო, რომ ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის ამაში...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

შეცდომის აღიარებითა და გაცნობიერებული პასუხისმგებლობით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამ მიმართულებით მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ აქტიურობას გეგმავს. ასეთივე თანმიმდევრული პროტესტის გეგმები აქვს მე-3 სექტორსაც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG