Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 27 სექტემბერი 2010


დღევანდელ პრესაში ბევრი იწერება ოპოზიციის გეგმების შესახებ. აი, პირველი გვერდების სათაურების ნაწილი: ”მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას?”, ”რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?”, ”რა შეცდომებს აღიარებენ და ვისით ჩაანაცვლებენ ალასანიას ”რესპუბლიკელები”?”, ”შემოდგომა - სეზონის დასაწყისი და არა ჭირნახულის მოწევა. არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმები”, ”ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ” და ა.შ.

”რეზონანსი” წერს: ”საზოგადოება დიდი ხანია ინტერესით ელოდება რა მოხდება 29 სექტემბერს. ეროვნული ყრილობის იდეა ხომ უკვე დიდი ხანია დაანონსებულია. თუმცა იმდენმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა წინასწარ, რომ ისინი ამ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდა. თუმცა, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე მაინც მოახერხებს ამ შეკრებაზე მრავალი ცნობილი სახის მობილიზებას და ოპოზიციის ერთი ნაწილის საინტერესო გეგმებიც გამოიკვეთება”, - წერს ”რეზონანსი”.

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება ”კვირის ქრონიკაში”: ”ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებას, შესაძლოა, არასტაბილურობა მოჰყვეს, ისინი ან შეკრულები არიან ხელისუფლებასთან, ან არ ესმით, რომ გაცილებით უსაფრთხოა ქვეყნისთვის განვითარდეს პოლიტიკური პროცესები სწორად და მართული იყოს პოლიტიკური ძალების და საზოგადოებისგან, ვიდრე მოულოდნელი აფეთქებები მოხდეს. და თუ პოლიტიკური ცხოვრება არ გააქტიურდა, ადამიანებს არ გაუჩნდათ იმის იმედი, რომ პროცესები შეიცვლება უკეთესობისკენ, პოლიტიკური აფეთქება აუცილებლად მოხდება, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, სრულიად უკონტროლო აღმოჩნდეს” ,- აცხადებს ბურჯანაძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მასთან ინტერვიუ ”ასავალ-დასავლის” პირველ გვერდზეც არის გამოტანილი. 29 სექტემბრისთვის დაგეგმილი შეკრების შესახებ ბურჯანაძე ამბობს: ”რას ჰქვია, რა აზრი აქვს ამ შეკრებას? სწორედ ამ ტიპის შეკრებებზე იქნა მიღებული აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია! დიახ, მთელი რიგი ქვეყნების ისტორიაში სასიცოცხლო როლი შეასრულეს სწორედ ეროვნულმა და სახალხო კრებებმა.”

”რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?” - ამ სათაურით ”ახალი თაობა” სოზარ სუბართან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი სუბარს ეკითხება ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც თავად სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი მონაწილეობდნენ. სუბარი ამბობს: ”პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად თანხვედრი ვართ მთავარში - თუ არ ვიქნებით ერთად, მაშინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დამთავრება არის შეუძლებელი. ყველანაირი პიროვნული თუ სხვა ტიპის განსხვავება არათუ მეორე, არამედ მეათეხარისხოვანია.”

”ვერსია” რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ”გარწმუნებთ, დასავლეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ელოდება ძალებს, რომლებსაც ექნებათ რეალური შანსები. შანსები კი, ჩემი აზრით, მარტო პარტიებს ექნებათ”, - ამავე ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი ამბობს: ”ჯერჯერობით სააკაშვილის ალტერნატიული პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც საქართველო დაუჯერებს და გაჰყვება, არ გამოჩნდა. გვქონდა იმედი, რომ ასეთ კაცად ჩამოვაყალიბებდით ალასანიას, მაგრამ...”

არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმებს ვრცელ სტატიას უძღვნის ”24 საათი”. გაზეთს სხვადასხვა პარტია თავის უახლოეს გეგმებს უზიარებს.

”ჩვენისთანა გონივრული განა არის სადმე ეჭვი?!” - ასეთი სათაურით პუბლიკაციას ”კვირის პალიტრა” სთავაზობს მკითხველს და პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე წერს. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: ”ყველას კარგად ესმის ამ კანონის ანეკდოტურობა, მაგრამ სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე. ამ კანონპროექტის დამკვეთის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო პოლიციელი მწვავე პოლიტიკური ვითარების დროს გაზრდილი უფლებებით აღეჭურვა. ალბათ, ამ კანონით ხელისუფლებისთვის არასასურველ ნებისმიერ პირს შეაჩერებენ, მერე დააკავებენ და მოგვიანებით, შესაძლოა, ბრალდებულადაც კი გამოცხადდეს მის ჯიბეში ”მყარი საგნის” აღმოჩენის გამო”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG