Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაიშალა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის გასტროლები?


ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი საქართველოს აღარ ეწვევა. ამის შესახებ ბოლოხანს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, მთელი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ორკესტრის ხელმძღვანელობასა და საქართველოს მთავრობას შორის. გასტროლების გაუქმება არაერთ უსიამოვნო გარემოებას უკავშირდება: როგორც ფინანსურს, ისე იმიჯთან დაკავშირებულს.

21 და 22 ოქტომბერს საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები უნდა გამართულიყო. ეს იქნებოდა ამ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური კოლექტივის, პირველი გასტროლები საქართველოში, ევროპული ტურნეს ფარგლებში და ქართული მხარის მიწვევით.

მაგრამ 10 სექტემბერს ორკესტრს მისწერეს წერილი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე და რომელშიც ნათქვამია, რომ „მოულოდნელი ფინანსური სირთულეები“ შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას. აი, როგორი იყო, ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის პრეზიდენტის, ზარინ მეტას რეაქცია: „ჩემი აზრით, კონცერტების ეს, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში გაუქმება სუვერენული მთავრობის მიერ, მოულოდნელ ფინანსურ
ზარინ მეტა
სირთულეებზე მითითებით, უპასუხისმგებლო და სრულიად არაპროფესიონალური საქციელია.“ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის პრეზიდენტის ეს განცხადება მოყვანილია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“, რომელმაც გასულ პარასკევს მიუძღვნა წერილი ორკესტრის გასტროლების ჩაშლას. მანამდე კი გრძელდებოდა ძალისხმევა საქართველოში ვიზიტის „გადასარჩენად“.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, სამწუხაროდ, უარი გვითხრა კომენტარზე.

ჩვენ დავუკავშირდით ცნობილ მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილს, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების სოლისტს და, მეტიც, საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის გასტროლების ინიციატორს. „მართალი რომ გითხრათ, ჯერ კიდევ შოკის ქვეშ ვარ“, გვითხრა ახალგაზრდა მუსიკოსმა, რომლისთვისაც, მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ითქვა უარი გასტროლებზე ასეთ მომენტში. „ეს იდეა მე დამებადა, რომ ასეთი დიდი ორკესტრი საქართველოში მოვიპატიჟოთ. ეს მთელი
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი ორკესტრის გასტროლების ბოლო მომენტში ჩაშლა
ჩემი ბავშვობის ნატვრა იყო, რომ ასეთი დიდი ხარისხის ორკესტრი ჩამოსულიყო საქართველოში და კონცერტი დამეკრა მათთან ერთად“. იდეა, ლიზა ბათიაშვილის თქმით, შარშან ოქტომბერში გაჩნდა: „იმის მერე ყველაფერი გავაკეთე ჩემი მხრიდან - კონტაქტი ამ ორკესტრთან, დარწმუნება, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, რა კარგი ქვეყანაა და ა.შ. და ამასთან ერთად, მთელი ეს ადმინისტრაციული საქმე, ლოგისტიკა - ამაში, ყველაფერში მე თვითონ ვიყავი ჩარეული. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ასეთი რაღაცა არ მომხდარიყო, რომ ბოლო მომენტში არანაირი სიურპრიზები და ასეთი ცუდი ამბები არ მომხდარიყო. და ამიტომაც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი ორკესტრის გასტროლების ბოლო მომენტში ჩაშლა“.

მაინც რა მოხდა? საქართველოს კულტურის სამინისტროს წერილში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ფინანსურ სირთულეებზეა ლაპარაკი, მაგრამ ნუთუ ფინანსური სირთულეები ასე გვიან აღმოაჩინეს, გასტროლებამდე რამდენიმე კვირით ადრე?
აი, რა გვითხრა კომპანია „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ, რომლის კომპანიასაც გასტროლების ტექნიკური მომსახურება და ორგანიზება ევალებოდა: „დიდი ორკესტრია, 150 კაცზე მეტი უნდა ჩამოსულიყო. და სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, მთელი პროექტი იმდენად ძვირი დაჯდა, რომ კულტურის სამინისტროსთვის ამ თანხების გამოყოფა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და ალბათ ხარჯების მხრივ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ჩარტერები, რომლებითაც ორკესტრი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და ინსტრუმენტები ჩამოეტანა. იყო ორ ჩარტერზე საუბარი. ერთი იყო სამგზავრო, ხოლო მეორე იყო სატვირთო ჩარტერი, რომლითაც ჩამოდიოდა მთელი მათი აპარატურა და ინსტრუმენტები“.

ჩარტერული ფრენა, „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორის თქმით, იმდენად „მოულოდნელად“ ძვირი დაჯდა და, შესაბამისად, იმდენად გაძვირდა მთელი პროექტი, რომ მისი განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რა თანხაზეა ლაპარაკი, მიხეილ გიორგაძეს ჩვენთან საუბარში არ უთქვამს. ინფორმაციით, რომელსაც „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ვეცნობით, თითო კონცერტისთვის განკუთვნილი ჰონორარი 115 ათასი დოლარი იყო, რასაც ემატებოდა ჩარტერული რეისებისა და სასტუმროებში დაბინავების ფული, რომლის გადახდაც ქართულმა მხარემ იკისრა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის კულტურის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროდან გახდა ცნობილი, ორკესტრის გასტროლები საქართველოს მთლიანობაში 3 მილიონ ლარამდე უჯდებოდა.

არავინ აიღო ხელში გასტროლებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის გაკონტროლება
თავისთავად იმ ამბავში, რომ მთავრობა ფულს ზოგავს, თუნდაც მეტად პრესტიჟულ კულტურულ პროექტზე, უჩვეულო არაფერია, მითუმეტეს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამას მთელს მსოფლიოში აკეთებენ. მაშ, რატომ მოჰყვა ასე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის გასტროლების გაუქმებას? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ლიზა ბათიაშვილი გვიზიარებს შთაბეჭდილებას. განსაკუთრებით უარყოფითი იყო ის, რომ მთელი წელიწადის განმავლობაში არავინ აიღო ხელში გასტროლებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის გაკონტროლებაო. „თუ იყო გარკვეული ბიუჯეტი ამ პროექტისთვის და ამ ბიუჯეტზე ზემოთ ავიდა ეს თანხა, რატომ არავინ არაფერი არ თქვა თავის დროზე? აი, ეს იყო ყველაზე გაურკვეველი ჩვენთვის ყველასთვის. არ იყო ადამიანი, რომელიც ამას აკონტროლებდა!“, ამბობს ახალგაზრდა მუსიკოსი.

გასტროლების ბიუჯეტის გაკონტროლება-არგაკონტროლების საკითხზე, რასაკვირველია, სასურველი იქნებოდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, მაგრამ კომენტარზე, როგორც უკვე ითქვა, უარი გვითხრეს.

ბუნებრივია, მთელ ამ საქმეს იურიდიული მხარეც აქვს: გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ სტატიაში მოყვანილია კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადება, რომელსაც კონსალტინგის კომპანია „პოდესტა გრუპი“ ავრცელებს, რომ მთავრობა ძალიან წუხს ტურნეს გაუქმების გამო, მაგრამ “არ იყო ხელმოწერილი კონტრაქტი, არ იყო შეთანხმება და საბოლოოდ ხარჯებზე ვერ მოვრიგდით“. ჩვენ „პოდესტა გრუპსაც“ დავუკავშირდით შეკითხვით, რამდენად საზიანოა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს იმიჯისთვის. მაგრამ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ასეთ შეკითხვებზე და, ზოგადად, საქართველოს მთავრობის განცხადებების შესახებ შეკითხვებზე პასუხი მათს ფუნქციებში არ შედის.

დავუბრუნდეთ კონტრაქტის საკითხს. ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის პრეზიდენტი ზარინ მეტა ადასტურებს, რომ შეთანხმება გაფორმებული არ იყო. მაგრამ ეს, მისი განმარტებით, სავსებით მიღებული პრაქტიკაა საკონცერტო ცხოვრებაში - როცა კონტრაქტს, უშუალოდ, კონცერტის წინ აფორმებენ.
ლიზა ბათიაშვილი

ამას ამბობს ლიზა ბათიაშვილიც: „კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ იყო იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, საერთოდ, მუსიკალურ სამყაროში კონტრაქტს ზოგჯერ ხელს აწერენ ბოლო მომენტში. მაგრამ მაშინ, როცა ორკესტრის მთელი მენეჯმენტი რვა თვით ადრე ჩამოდის საქართველოში და თავის პირობებს ასახელებს, რადგან მინიმალური პირობები საჭიროა და კულტურის სამინისტრო ეუბნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იქნება, ყველაფერი წესრიგშია, ამას ჩვენ თავზე ვიღებთ... რა თქმა უნდა, საქართველო ვერ გაბედავდა კონცერტებზე უარის თქმას, თუ უკვე ხელი მოწერილი იქნებოდა კონტრაქტზე, მაგრამ იმისათვის, რომ კონტრაქტზე ხელი მოაწერო, მთელი სტადიები უნდა გაიაროს ორივე მხარემ. და ეს იყო უკვე ბოლო სტადია!“ და, დასძენს ბათიაშვილი, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ ორკესტრს თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდი აქვს.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, საქართველოში კონცერტების გაუქმება ასიათასობით დოლარით აზარალებს ორკესტრს.

იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებული არ იყო, სრულიად განსხვავებულ შეფასებას აძლევს „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, რომელსაც, როგორც ცნობილია, საერთაშორისო ფესტივალების, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „ჩვეულებრივი ამბავი ეგ არ არის, როდესაც უშუალოდ კონცერტის წინ ხელი ეწერება კონტრაქტს. მერწმუნეთ! დიდი, ძალიან დიდი ხნით ადრე ეწერება ხელი კონტრაქტს“, ამბობს მიხეილ გიორგაძე. თუმცა, მისივე თქმით, გარკვეული ძალა აქვს სიტყვიერ მოლაპარაკებებსაც. „მე არ დავაბრალებდი ვინმეს კონკრეტულად, რომელიმე მხარეს ამ ვიზიტის ჩაშლას. ორივე მხარე გარკვეულწილად მსხვერპლი გახდა ამ ბიუჯეტის, რომელიც საბოლოო ჯამში გაირკვა“, ამბობს „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი.

როგორც ირკვევა, დაზარალდა ყველა
ვის უნდა დაბრალდეს ან არ დაბრალდეს გასტროლების ჩაშლა, ეს ერთი საკითხია - მეორე, ვინ დაზარალდა. და, როგორც ირკვევა, დაზარალდა ყველა. ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი ფინანსურად, საქართველოს მხარე კი, ჩანს, იმიჯის თვალსაზრისით. „ძალიან გამიჭირდება მომავალში, რომ ხალხს იმედი მივცე - გინდა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი იყოს, თუ ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი - მათ გარანტია მივცე, რომ მოლაპარაკებები ჩატარდება ისე, რომ ბოლო მომენტში ასეთი მოულოდნელობა არ მოხდეს“, ამბობს ლიზა ბათიაშვილი.

და დაზარალდა მსმენელი, რომელიც საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის - ამ მართლაც საუცხოო ანსამბლის - კონცერტებს ვერ მოისმენს.

რაც შეეხება ორკესტრის ევროპული ტურნეს დანარჩენ ნაწილს, ის არ შეცვლილა და მოიცავს კონცერტებს სერბიაში, სლოვენიაში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში.
XS
SM
MD
LG