Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებაა - იცოდეს!


არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
დღეს საერთაშორისო დღეა ადამიანის უფლებისა - იცოდეს. ეს დღე მსოფლიოში უკვე მერვე წელია აღინიშნება და მისი მიზანია საერთოდ მსოფლიოში მთავრობებს და მოქალაქეებს შეახსენოს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა საჯარო ინფორმაციას ფლობდეს.

„თუ ხარ მასწავლებელი, მოაწყვე დისკუსია კლასში ადამიანის უფლებაზე იცოდეს და იმაზე, თუ რატომ არის ღიაობა მმმართველობაში მნიშვნელოვანი.“

„თუ ხარ ბიბლიოთეკარი, შენ უკვე გესმის ინფორმაციის ფასი. ამიტომ დაწერე ბლოგი, სადაც სხვებსაც გააგებინებ ამას.“

„თუ ხარ ინდივიდი, მოითხოვე ინფორმაცია, მისწერე წერილი ადგილობრივ გაზეთს ან, მაგალითად, მოსთხოვე მერიას, რომ მოსახლეობას გააცნოს მათი უფლება ინფორმაციაზე. მოითხოვე, რომ ეს ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსონ.“

ეს ციტატები ინფორმაციის თავისუფლების მსოფლიო ქსლის რეკომენდაციებია. 2002 წლის 28 სექტემბერს სოფიაში, ბულგარეთში, გადაწყვიტეს ყოველი წლის ამ დღეს დარქმეოდა „რაით თუ ნოუ დეი“, რაც ნიშნავს - „დღე უფლებისა, იცოდე“. რატომ ვთარგმნე? ეს არაა ინფორმაციის თავისუფლების დღე, როგორც ამას თარგმნიან ხშირად საქართველოში. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ინფორმაციის თავისუფლება შესაძლოა იყოს ნება, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები და ინდივიდები ითხოვენ, თუმცა აქ საუბარია უფლებაზე იცოდე… როგორც ინფორმაციის თავისუფლების მსოფლიო ქსელი განმარტავს:

”ეს უფლება არაა წყალობა, რომელსაც მთავრობები გაიღებენ, არამედ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება - იცოდეს! და ამიტომაც იგი დაცული უნდა იყოს თუნდაც ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებში.”

რა ხდება საქართველოში? მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველაზე ადვილი დასაკვირვებლად ტექნოლოგიის განვითარების შედეგად გაჩენილი სამთავრობო ვებგვერდებია, რომელთა მთავარი ფუნქცია, პირველ რიგში, ინფორმაციის გაცვლა უნდა იყოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორის. სხვა რა ფუნქცია აქვს ვებგვერდს? გეგმებისა და მიზნების შესახებ ინფორმაციას, ვრცლად თუ მოკლედ, ხელისუფლების კონტროლისგან თავის დაღწევის სურვილისა და უნარის არმქონე მედიაც კარგად გვაცნობს ხოლმე... სამთავრობო ვებგვერდები მოქალაქეებს ინფორმაციის ნავიგაციაში უნდა ეხმარებოდეს. როგორც ითქვა, ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა იცოდეს როგორ და რა რესურსებით განიკარგება ქვეყანა, რა რაში იხარჯება და რატომ… რატომ არის ესა თუ ის კურსი აღებული და როგორ ხდება ქვეყნის წარდგენა მსოფლიოში, ვინ ინიშნება და რა კრიტერიუმით... მოკლედ, ადამიანისთვის მისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება…რა თქმა უნდა, ინფორმაცია პირად საქმეებზეც. არსებობს საქართველოში ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ჰქვია. ამ ორგანზაციამ მარტივი ტესტი ჩაატარა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი ამბობს:

„ჩვენ ჩავატარეთ მოკლე კვლევა. ჩვენმა სტაჟიორმა ორმოცდაორ საჯარო დაწესებულებაში დაგზავნა მარტივი კითხვები, დაწესებულებათა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. კითხვები ელექტრონული ფორმით დაეგზავნათ. ამ ორმოცდაორი საჯარო დაწესებულებიდან ჩვენმა სტაჟიორმა პასუხი მხოლოდ ოთხისგან მიიღო.“

ორგანიზაციამ შეიმუშავა ასევე მეთოდოლოგია, ანუ სამთავრობო და ზოგადად საჯარო სტრუქტურების ვებგვერდებს აკვირდებოდა - საერთო ჯამში, სამოცამდე ვებგვერდს - და მათ რეიტინგებს ადგენდა კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: საჯარო ინფორმაციის გაცემა…ფინანსური მაჩვენებლები, საქმიანობა, ბიუჯეტი, სახელმწიფო პროგრამები, დაფინანსება, მოქალაქეთა მიღების გრაფიკი… დაბოლოს, გზა: იქნებ ეს ყველაფერი მოქალაქემ საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურების გავლით შეძლოს?…

„რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, ამ კუთხით რომ მივუდგეთ, არც ერთ საიტზე არაფერი არ არის ამასთან დაკავშირებით ასახული, აბსოლუტურად არაფერი. მოკლედ რომ გითხრათ, თუ ადამიანს აინტერესებს როგორ მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია ამ სტრუქტურიდან, ვებგვერდზე არანაირი განმარტება, არანაირი ბლანკი იმის შესახებ, თუ როგორ შეავსოს, ეს ინფორმაცია როგორ მოიპოვოს, რა უფლებები აქვს, რისი მოთხოვნა შეუძლია და რისი მოთხოვნა არ შეუძლია, არაა გაწერილი.“

ზოგადად საჯაროობის დონე 2009 წელსაც დათვალეს… წელს ჯერჯერობით დათვალეს ხუთი სამინისტროს მონაცემები, მათ შორის: შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, საგარეო, განათლების სამინისტროები. გამჭვირვალობის ხარისხი? ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30 პროცენტს არ აღემატება.

ეს ინტერნეტსივრცე… რეალურ ცხოვრებაში, თუ შეიძლება ასე დაერქვას, საქმე განსხვავებულია, მეთოდოლოგიაც. ახალგაზრდა იურისტები სამი წლის განმავლობაში თვითონ ითხოვდნენ ინფორმაციას, საჯაროს, აკვირდებოდნენ კანონებს, მათი აღსრულების ხარისხს და დაადგინეს, რომ ბევრია საიდუმლო, ანუ ბევრმა ინფორმაციამ, რომელიც მანამდე ოფიციალურად საჯარო იყო, ასევე ოფიციალურად თავი შეაფარა კრიტერიუმს, როგორიცაა საიდუმლო… თამარ კორძაია ამბობს:

„2003 წლიდან უშუალოდ ინფორმაციის თავისუფლების მუხლებში არ შესულა ცვლილება, მაგრამ ცვლილება შევიდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში და ნუსხაში, რომელსაც პრეზიდენტი ამტკიცებს. საგრძნობლად შემცირდა იმ ინფორმაციათა ნუსხა, რომელიც არის ღია და საჯარო სახელმწიფო საიდუმლოებებთან მიმართებაში.“

საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიაში ხვდება - თუმცა არა ოფიციალურად, მაგრამ მაინც - ინფორმაცია, როგორიცა, მაგალითად, ჩინოვნიკთა მივლინებები და პრემიები, რომლებიც ვერც კანონით და ვერც სხვა კრიტერიუმით საიდუმლო ინფორმაციის განმარტებას ვერ აკმაყოფილებს, თუმცა…

„უკანასკნელი ტენდენცია კიდევ იმით გამოირჩევა, რომ საერთოდ არ იძლევიან პრემიების შესახებ ინფორმაციას, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. როგორც თვითონ ის უწყება, ისე თანამდებობის პირებიც და სასამართლოც თვლის, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო და ღია.“

ალბათ, ამიტომაც კანონიერად და, შეიძლება ითქვას, სამართლიანადაც გაბრაზებულმა ახალგაზრდა იურისტებმა დღეს თბილისში რამდენიმე ადგილას მოქალაქეებს პატარა ფლაერები დაურიგეს. ფლაერზე გამოსახულია საჯარო მოხელე და რამდენიმე მოქალაქე. მოქალაქენი კითხულობენ: რამდენი გაქვს პრემია? რამდენს გიხდიან? ალბათ, იგულისმება, რომ იდეაში ჩინოვნიკის წახალისება მოქალაქეთა ჯიბიდან ხდება. ჩინოვნიკის ნახატის თავზე კი გამოსახულია წარწერა: ”თქვენი საქმე არაა”. ჩინოვნიკის თავზე იქვე მიხატულია მზე და პალმები და წითელი ავტომობილი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სამთავრობო რესურსების ვებგვერდის პრეზენტაციაც მოხდა, რომლის ფუნქციაც და მიზანიც მოქალაქეთათვის ინფორმაციის ნავიგაციის პროცესის გამარტივებაა, ეს ისაა, რაც ოფიციალურად ითქვა. შეფასების გაკეთება კი, თუ რეალურად რამდენად გააუმჯობესებს ეს პორტალი ინფორმაციის საჯაროობის მდგომარეობას ქვეყანაში, ჯერჯერობით ნაადრევია.
XS
SM
MD
LG